
ახალი კონცეფციით გათვალისწინებული სტუდენტების მიღების კვოტები უნივერსიტეტებში, პლასტიკურ პროდუქციაზე შეზღუდვები, ავტომობილების იმპორტი, "იგლ ჰილსის" პროექტი, ეკონომიკა და ბიუჯეტი - ეს იმ თემების ჩამონათვალია, რომელზედაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 12 თებერვლის მთავრობის სხდომაზე განიხილა.
საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები დაამტკიცა, პრემიერის თქმით, ამ რეფორმის შედეგად თსუ-ს დაუბრუნდება დედა უნივერსიტეტის მისია.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზედაც სხვადასხვა თემებს შორის იყო,ესაა ავტომობილების იმპორტი. კობახიძის თქმით, პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე აკრზალვის დაწესებას.
სტუდენტების მიღების კვოტები უნივერსიტეტებში
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების კვოტები განისაზღვრება უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით დადგენილი - ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის პრინციპის შესაბამისად.
"თსუ-ს ამ რეფორმის შედეგად, დაუბრუნდება დედა უნივერსიტეტის მისია და სტატუის, ის სტატუსი და მისია, რომელიც მან 90-იანი წლების პერიოდში განვითარებული მოვლენების შედეგად დაკარგა და უფრო მოგვიანებით, 2004-2012 წლებში, წინა ხელისუფლების მიზანმიმართული, მავნებლური ანტი-ეროვნული პოლიტიკის შედეგად დაკარგა.
- "თსუ-ს უნდა დაუბრუნდეს დედა უნივერსიტეტის სტატუსი, შესაბამისი მისია და ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იმ რეფორმის რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ, არის, სწორედ, ეს.
"მინდა, მადლობა გადავუხადო განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრს გაწეული სამუშაოსთვის, ეს რეფორმა არის აუცილებელი იმისათვის, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა საქართველოში მიიღონ თანამედროვე სტანდარტების უმაღლესი განათლება, რასაც ჩვენ აუცილებლად უზრუნველვყოფთ და, სწორედ, ამას მიეძღვნება ჩვენი საქმიანობა მომავალი წლების განმავლობაში",- აღნიშნა კობახიძემ.
ეკონომიკა, ბიუჯეტი
პრემიერის თქმით, "შარშან ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 7,5%" და "პირველად ისტორიაში საქართველოს ეკონომიკამ გასული წლის ბოლოს გადააჭარბა 100 მლრდ ლარს და ერთ სულ მოსახლეზე, პირველად გადააჭარბა 10 000 დოლარს. შარშან წლის ბოლოს ჩვენმა ეკონომიკამ შეადგინა 104 მლრდ ლარი".
"რაც შეეხება 2026 წელს, ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი, თუმცა, ვფიქრობთ, რომ ამ გეგმას წელსაც გადაჭარბებით შევასრულებთ. არსებული კონსერვატიული პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა 2026 წელს 114 მლრდ ლარს მიაღწევს, ხოლო 1 სულ მოსახლეზე 11 000 დოლარს გადააჭარბებს.
თუმცა, როგორც ვთქვი, ჩვენი მიზნები კიდევ უფრო ამბიციურია და ჩვენი ოპტიმიზმის ერთ-ერთი საფუძველია ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც გატარდა ჩვენს ქვეყანაში გასული რამდენიმე თვის განმავლობაში, განსაკუთრებით, ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში, მათ შორის, სახელმწიფო საწარმოებში. ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ კიდევ უფრო ოპტიმისტური პროგნოზები გავაკეთოთ ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით ", - განაცხადა პრემიერმა.
კობახიის თქმით, საერთაშორისო სარეზერვო აქტივების მხრივ პროგრესია. მისი შეფასებით, "2025 წლის ბიუჯეტი შესრულდა გადაჭარბებით შემოსავლის ყველა კატეგორიაში. შემოსულობების ჯამურმა მაჩვენებელმა 32 400 000 000 ლარს გადააჭარბა, რაც იყო გეგმის 100.9%".
საუბრისას მთავრობის მეთაურმა ყურადღება დაუთმო ევროობლიგაციების თემას.
"მთავრობამ წარმატებით გამოუშვა 500 მილიონი დოლარის ევროობლიგაციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე. საპროცენტო განაკვეთი დაფიქსირდა 5,125 პროცენტის ოდენობით, რაც არის ევროობლიგაციების ბაზრისთვის საუკეთესო მაჩვენებელი, რაც დაფიქსირდა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს მსგავსი და ერთი საფეხურით მაღალი საკრედიტო რეიტინგის მქონე სუვერენული ევროობლიგაციებისთვის, შესაბამისად, ეს არის ის მაჩვენებელი, რომლითაც შეგვიძლია, ვიამაყოთ",- აღნიშნა პრემიერმა.
პლასტიკის პროდუქცია და შეზღუდვები
კობახიძე ამბობს, რომ ამაზე აქტიურად მუშაობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომლის მიზანია პლასტიკის იმ პროდუქციის გამოყენებაზე ეტაპობრივად შეზღუდვების დაწესება, რომელიც არის სურსათთან პირდაპირ შეხებაში.
- "არსებობს კვლევები, რომელიც ადასტურებს, რომ პლასტმასის გამოყენების გაზრდილი მასშტაბები უარყოფით გავლენას ახდენს გარემოზე და მეორე მხრივ, ადამიანების ჯანმრთელობაზე. შესაბამისად, აქ გვჭირდება მნიშვნელოვანი ზომების მიღება...
"სამინისტრომ შეიმუშავა პლასტმასის მოხმარების ისეთი მოდელი, რომელიც აბალანსებს ჯანმრთელობის და გარემოს დაცვის, ასევე, მეორე მხრივ ეკონომიკურ ინტერესებს, ასევე უზრუნველყოფს რეგულაციების გონივრულ ვადებში დანერგვას და ამოქმედებას. პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია. პირველი იანვრიდან გარკვეული სახის პლასტმასის ერთჯერადი ჭურჭლის რეალიზაცია, წარმოება და იმპორტი უკვე აიკრძალა.
ასევე, უკვე მომზადებულია მთავრობის დადგენილების პროექტი, რომლითაც პირველი ივლისიდან იკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის მიწოდება", - განაცხადა პრემიერმა.
ავტომობილების იმპორტი
კობახიძის თქმით, საქართველოს ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. 2012 წელს საქართველოში 864 000 ავტომობილი იყო რეგისტრირებული და წლევანდელი მონაცემებით ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა 2 მილიონს და ასეთი ზრდა იწვევს, ერთი მხრივ, საგზაო მოძრაობის გადატვირთვას და მეორე მხრივ, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას.
- "ამისთვის ჩვენ პარლამენტში წარვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანაზე აკრძალვის დაწესებას. რა თქმა უნდა, მცირე გამონაკლისები იქნება გათვალისწინებული.
"ვფიქრობთ, რომ არსებითად მნიშვნელოვანია 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილები არ იყოს შემოყვანილი ქვეყანაში. ეს არის მნიშვნელოვანი ეკოლოგიისთვის, ადამიანების ჯანმრთელობისთვის და ეს არის მნიშვნელოვანი ადამიანების კომფორტული გადაადგილების უზრუნველსაყოფად", - განაცხადა კობახიძემ.
"იგლ ჰილსი"
პრემიერის თქმით, პროექტში ბინების წინასწარი გაყიდვები დაიწყო კრწანისის ტეროტორიაზე.
"გახსოვთ, რომ ოპოზიციას ჰქონდა დაანონსებული 15 000-დოლარიანი ფასი, მათ ინვესტორზე უკეთ იცოდნენ, რა ფასად გაიყიდებოდა ბინები და სახლები კრწანისის ტერიტორიაზე, თუმცა ოპოზიციის ანონსის საწინააღმდეგოდ, საწყისი ფასი გარემონტებულ ბინებზე იყო 1650 დოლარი. დაახლოებით 10-ჯერ ასცდნენ იმ რეალობას, რომელიც სინამდვილეში იყო დაგეგმილი.
"ეს ბინები საშუალო ქართველი მყიდველისთვისაც იყო ხელმისაწვდომი. ჩვენ მოგვაწოდეს სტატისტიკური ინფორმაცია. გახსოვთ, რამხელა კამპანია იყო აგებული ამ თემასთან დაკავშირებით. ცნობილი არაბიზაციის ტერმინი შემოიტანეს და ა.შ. აცხადებდნენ, რომ ქართველები ვერ იყიდდნენ ბინებს და გაიყიდებოდა არაბებზე.
"აქაც სტიგმატიზაციის მცდელობა ჰქონდათ. მათი პროგნოზი იყო, რომ მთლიანად არაბები იყიდდნენ ბინებს. გაიყიდა 257 ბინა, საიდანაც 147 ბინა იყიდეს ქართველებმა და 110 ბინა იყიდეს უცხოელებმა. მე ვიტყოდი, რომ არა ის ისტერიული კამპანია, რომელსაც აწარმოებდნენ ჩვენი ოპონენტები, დარწმუნებული ვარ, ქართველი მყიდველების წილი ბევრად უფრო მაღალიც იქნებოდა და დარწმუნებული ვარ, მომავალში ეს წილი გაიზრდება",- თქვა კობახიძემ.