მარიამ ვეკუა
12.02.2026

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებამ სპორტსა და პოლიტიკას შორის ზღვრის საკითხი კვლავ გაამწვავა - უკრაინელ სპორტსმენს ვლადისლავ ჰერასკევიჩს „ხსოვნის ჩაფხუტის" გამო დისკვალიფიკაცია მისცეს, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში დაღუპულ სპორტსმენებს ეძღვნებოდა. გადაწყვეტილება ოლიმპიური ქარტიის „აპოლიტიკურობის" წესზე დაყრდნობით მიიღეს, თუმცა კიევი მას სამართლებრივი გზით გასაჩივრებას გეგმავს.

უკრაინელი სპორტსმენი ვლადისლავ ჰერასკევიჩი ხუთშაბათს ზამთრის ოლიმპიური თამაშებიდან გააძევეს, მიზეზად კი რუსეთ-უკრაინის ომის დროს დაღუპული სპორტსმენების გამოსახულებიანი „ხსოვნის ჩაფხუტი" აღმოჩნდა. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს.

27 წლის სპორტსმენს, რომელიც იტალიაში ვარჯიშობდა, ჩაფხუტზე ორი ათეული დაღუპული თანამემამულე ჰქონდა გამოსახული, მას აკრედიტაცია შეჯიბრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩამოერთვა.

„მე დისკვალიფიცირებული ვარ რბოლიდან."- თქვა ჰერასკევიჩმა, რომელიც, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის აზრით, დაარღვევდა ოლიმპიური ქარტიის 50.2 წესს, რომელიც იმას გულსიხმობს, რომ პოლიტიკა სათამაშო მოედნებზე არ უნდა გაშუქდეს.

  • სპორტსმენი: „ისინი დაიღუპნენ, მაგრამ მათი ხმა იმდენად ხმამაღალია, რომ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მათი ეშინია".

„ისინი დაიღუპნენ, მაგრამ მათი ხმა იმდენად ხმამაღალია, რომ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს მათი ეშინია".-განაცხადა სპორტსმენმა.

მისმა გუნდი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას სპორტის არბიტრაჟის სასამართლოში გაასაჩივრებენ.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი კირსტი კოვენტრი დილას გადაწყვეტილების მიღებამდე ჰერასკევიჩს შეხვდა. მან ცრემლები ვერ შეიკავა, როცა ჟურნალისტებს უამბო, თუ როგორ ვერ შეძლო გამოსავლის პოვნა.

„ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო აქ მოსვლა და მასთან პირისპირ საუბარი", - თქვა მან დაახლოებით 10 წუთიანი შეხვედრის შემდეგ. „მესიჯს არავინ არ ეწინააღმდეგება, განსაკუთრებით მე. ეს ძლიერი მესიჯია. სამწუხაროდ, გამოსავლის პოვნა ვერ შევძელით. მსურდა, რომ რბოლაში მონაწილეობა მიეღო", - აღნიშნა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა.

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სპორტსმენს კომპრომისები - შავი სამკლაურის ტარება ან ჩაფხუტის ჩვენება რბოლამდე და მის შემდეგაც შესთავზა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი სპორტსმენს პოლიტიკური გზავნილისთვის სანქციებს უწესებს.

ყველაზე ცნობილი შემთხვევა 1968 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მოხდა მეხიკოში, როდესაც ამერიკელმა სპორტსმენებმა ტომი სმიტმა და ჯონ კარლოსმა, შეერთებულ შტატებში რასობრივი უსამართლობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, 200 მეტრიან რბოლაში შავი ხელთათმანებით მუშტები ასწიეს.

ამან მათი თამაშებიდან გარიცხვა გამოიწია, თუმცა სმიტმა ოქროს მედალი შეინარჩუნა, ხოლო კარლოსმა - ბრინჯაოსი.

2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, ლტოლვილთა ოლიმპიური ნაკრების წევრი, ავღანელი ბრეიკდანსერი მანიჟა ტალაში დისკვალიფიცირდა წინასაკვალიფიკაციო შეჯიბრის დროს, რადგან მას „თავისუფალი ავღანელი ქალების" სლოგანით მოსასხამი ეცვა.

  • მარკ ადამსი: „თუ ერთ სპორტსმენზე მაინც ამას დავუშებთ, ეს ქაოსს გამოიწვევს",

„თუ ერთ სპორტსმენზე მაინც ამას დავუშებთ, ეს ქაოსს გამოიწვევს", - განაცხადა IOC-ის პრესსპიკერმა მარკ ადამსმა პრესკონფერენციაზე.

უკრაინა პროტესტს გეგმავს

უკრაინის ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ პროტესტს გეგმავს, მაგრამ თამაშებს ბოიკოტს არ გამოუცხადებს.

„ამ შეცდომას სამართლებრივი არხებით გამოვასწორებთ. ვლადისლავ, შენ ღირსეულად მოიქეცი. ეს ამბავი აუცილებლად გაგრძელდება. ჩვენ შენს გვერდით ვდგავართ", - დაწერა უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრმა მატვი ბიდნიმ X-ზე.

მომხდარს გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგაც,

„მას სურდა, რომ ომში დაღუპული თანამემამულე სპორტსმენების ხსოვნისთვის პატივი მიეგო. ეს არცერთი წესისა და ეთიკის ნორმის დარღვევას არ წარმოადგენს. საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ჩვენს სპორტსმენსა და სხვა უკრაინელებზე ზეწოლა მოახდინა და მათ ლექციებიც კი წაუკითხა, თუ როგორ არ უნდა ამოეღოთ ხმა „მსოფლიოში 130-დან ერთ-ერთ კონფლიქზე". თუ ოლიმპიური წესდება ამბობს, რომ „ოლიმპიურ თამაშებში მთავარი გამარჯვება კი არა, მონაწილეობაა", მაშინ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ამას სრულად უღალატა, როდესაც ვლადისლავ ჰერასკევიჩს მონაწილეობის მიღება აუკრძალა", - წერს სიბიგა X-ზე.

  • სიბიგა: „აკრძალვა რუსების წინააღმდეგ უნდა დაწესდეს და არა მათი მსხვერპლთა ხსოვნის პატივისცემის წინააღმდეგ."

მისი თქმით, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სპორტისა და ოლიმპიური წესდების ყველაზე დიდი დამრღვევისთვის, რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო

„აკრძალვა რუსების წინააღმდეგ უნდა დაწესდეს და არა მათი მსხვერპლთა ხსოვნის პატივისცემის წინააღმდეგ.

მათ შორის „ნეიტრალური" არავინაა", - აცხადებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი.

თავად სპორტსმენი ამბობს, რომ ის მის პრინციპებს და დაღუპულების ხსოვნას არ უღალატებს.

„მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს სურს ამ სპორტსმენების ხსოვნის ღალატი, მე მათ არ ვუღალატებ",

მოსკოვიდან ამ საქმეზე კომენტარი არ გაკეთებულა და საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა განაცხადა, რომ რუსეთიდან არანაირი შეტყობინება არ მიუღია.

2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთისა და ბელორუსიის სპორტსმენებს ძირითადად საერთაშორისო სპორტში მონაწილეობა ეკრძალებოდათ, მაგრამ ოლიმპიურმა კომიტეტმა რაღც დროის შემდეგ მათ თანდათანობით დაბრუნებას მკაცრი პირობებით მხარი დაუჭირა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×