ნატალია ჯვარიძე
12.02.2026

24 თებერვალი განსაკუთრებული თარიღია. მაშინაც კი, რომ არსებობდეს განზრახვა ან შესაბამისი ნაბიჯები არჩევნების დაჩქარებისკენ, მჯერა, რომ ასეთი თარიღის პოლიტიკაზე სასაუბროდ გამოყენება სრულიად სულელური იდეა იქნებოდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, 24 თებერვალი ომის დაწყების თარიღია - სწორედ ოთხი წლის წინ ამ დროიდან იცავს უკრაინელი ხალხი ქვეყანას, ამიტომ, არ შეიძლება 24 თებერვლის არჩევნების გამოცხადებისთვის გამოყენება.

„ეს ძალიან სერიოზული თარიღია - ომის ოთხი წელი. ეს არის უამრავი ადამიანი, ვინც დაიცვა ჩვენი სახელმწიფო და სიცოცხლე გასწირა და სწორედ 24 თებერვლიდან იცავს ჩვენი ხალხი ყოველდღე თავის ქვეყანას. ამიტომ, არ შეიძლება 24 თებერვლის არჩევნების გამოცხადებისთვის გამოყენება - საერთოდ არანაირი არჩევნების. საქმე ინდივიდებს არ ეხება. 24 თებერვალს არჩევნების გამოცხადება არ შეიძლება. რაც შეეხება არჩევნების გამოცხადებას ზოგადად, გავიმეორებ: ჯერ უსაფრთხოება, შემდეგ პოლიტიკა. შეგვიძლია არჩევნებზე გადავიდეთ, როდესაც ყველა შესაბამისი უსაფრთხოების გარანტია იქნება", - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, არჩევნების საკითხი უკრაინის სხვადასხვა პარტნიორმა წამოჭრა, თავად უკრაინას კი არასდროს დაუყენებია ეს საკითხი.

„მაგრამ, რა თქმა უნდა, მზად ვართ არჩევნებისთვის. ეს ძალიან მარტივია: ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დამყარება - და არჩევნები იქნება. ანუ, ეს უსაფრთხოების საკითხია", - წერს ზელენსკი.

საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელის, ვახტანგ მაისაიას შეფასებით, უკრაინაში ამ ეტაპზე არჩევნების ჩატარების საფუძველი არ არსებობს.

"უკრაინის საზოგადოება - ხელისუფლება, ხალხი და პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები შეთანხმებულები არიან, რომ სანამ საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და უკრაინა არის ოკუპაციის მსხვერპლი, არჩევნები არ იქნება. ეს ლოგიკურიცაა, რადგან უკრაინის წინააღმდეგ სისხლისმღვრელი ომი მიდის და ბუნებრივია, ამ პირობებში არჩევნების ჩატარება მართებული არ იქნება.

ამას კოლექტიური დასავლეთიც იზიარებს, გარდა რუსეთისა და მისი მოკავშირეების. ბუნებრივია, მათ თავიანთი ინტერესები აქვთ და გასაკვირი არ არის. მათი ნარატივია, რომ არჩევნები გაიმართოს. თუმცაღა, ეს არ უშლის რუსულ მხარეს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს.

  • უკრაინაში ოპოზიციაც კი არ იძახის, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს. მათ ერთიანი სულისკვეთება აქვთ, რომ ერთობლივად დაუპირისპირდნენ აგრესორს.

ასე რომ, იქ ჯერჯერობით არავითარ არჩევნებზე საუბარი არ არის. თან ზელენსკის რეიტინგი ამ ომის პირობებში მაინც მაღალია, რადგან ის ნამდვილი პატრიოტია", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ "რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×