თამთა ჩაჩანიძე
12.02.2026

"ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესება", "განსხვავებული აზრის ჩახშობა", "ანტიდემოკრატიული კანონები", "დემოკრატიული უკუსვლა", "ტრამპის მარშრუტის მიღმა დარჩენილი საქართველო" - ეს იმ თემების მოკლე ჩამონათვალია, რომლებზეც ჰელსნიკის კომისიის საინფორმაციო სესიაზე იმსჯელეს საქართველოს შესახებ.

ბრიფინგი 11 თებერვალს თბილისის დროით გვიან ღამით გაიმართა. მომხსენებლები იყვნენ მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორი ლორა თორნტონი, McLarty Associates-ის უფროსი მმართველი დირექტორი კლერ კაიზერი და მეისონის უნივერსიტეტის მკვლევარი ოლესია ვართანიანი.

"ქართულ ოცნებაში" სხდომას "სამარცხვინო უწოდეს", რომელსაც "კონგრესმენები და სენატორები არ დაესწრნენ". ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ კომისია ტრამპის ადმინისტრაციას აჩვენებს, რომ "ოცნებასთან" ურთიერთობის დალაგება სარისკოა".

"გახარია საქართველოსთვის" წევრის გიორგი შარაშიძის თქმით, "არც რაღაც განსაკუთრებული მოლოდინი უნდა გვქონდეს ასეთი განცხადებებიდან და ბრიფინგებისგან და არც მათი დაკნინება შეიძლება".

"ქართული ოცნების" დეპუტატი ლევან მაჭავარიანი კი ამბობს:

"სამარცხვინო იყო, როგორც ვწინასწარმეტყველებდით, ლორა თორნტონი კი ყოვლად გაფუჭებული და მავნებელი ქალბატონია - რამდენიც არ უნდა ეცადონ, კანონს გვერდი აუარონ, ყველა „შავი ხვრელი" ამოვსებული გვაქვს",- აღნიშნა მან.

რა მნიშვნელობისაა 11 თებერვლის სხდომა

ევროპული კვლევების ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ასეთი შეფასებები "მეგობარი აქტისთვის" აუცილებელია.

"მეგობარი აქტისთვის" აუცილებელია, რომ დროდადრო გარკვეული შეფასებები გაკეთდეს, ვფიქრობ, პირველ რიგში ეს დისკუსიები ამ კანონპროქტის წინ წაწევას ემსახურება. ჰელსინკის კომისია მთლიანობაში მოწოდებულია, რომ მთელს მსოფლიოში დემოკრატიის მონიტორინგი აწარმოოს, თუ სადმე ადამიანის უფლებები სერიოზულად ირღვევა და დემოკრატიული უკუსვლაა.

  • "კომისია ამას იმიტომ განიხილავს ხოლმე, რომ საბოლოო ჯამში, აშშ-ის მთავრობასა და კონგრესსაც შეექმნას წარმოდგენა რა პოლიტიკა აწარმოოს მომავალში ამ ქვეყანასთან.

"ქართულ ოცნებას" ოცნება აქვს, რომ აშშ-სთან განაახლოს ურთოერთობა ცარიელი ფურცლიდან. იქიდან გამომდინარე, რომ ჰელსინკის კომისიაზე ძალიან ბევრი კრიტიკული დამოკიდებულება გაჟღერდა, ცარიელი ფურცლიდან ეს ამბავი ასე მარტივად არ გამოვა. "ქართული ოცნებისთვის" ეს არის ოცნებების დანგრევის ფაქტი"-განაცხადა გოგოლაშვილმა.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე კი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ გზავნილები მოსალოდნელი იყო და უფრო უარესსაც ელოდა.

"ეს გზავნილები მოსალოდნელი იყო. პრინციპში, უფრო უარეს და უფრო აგრესიულ გამოსვლებსაც ველოდი. რაც ვნახე ისეთი აგრესიული არაა, რისთვისაც მზად ვიყავი. შეკრებილი არიან სწორედ ის ადამიანები და იმ ფონზე, როცა ჰელსინკის კომისიის მიმართ აშშ-ში დიდი სკანდალი გორდება. როცა უკვე ახალგაზრდა რესპუბლიკელი კონგრესმენი გამოჩნდა, რომელიც ამბობს, რომ ევროკავშირი ქვეყნებს სჯიდა და დროა ბლოკთან კავშირი გავწყვიტოთო, ამ ფონზე, ჯერჯერობით ეს გრძელდება.

  • "ქალბატონი ლორა თორნტონი, რომელიც წლების განმავლობაში "ენ-დი-აის" ხელმძღვანელი იყო საქართველოში და მაშინ გახდა "ნაცმოძრაობის" ორგანული წევრი და ადამიანები ხუმრობდნენ კიდეც, რომ ეს უფრო "ნაცია", ვიდრე თავად "ნაცები" არიანო. ამ ქალბატონისგან ცილისწამება მოედინებოდა ჯერ კიდევ 2024 წლის არჩევნებიდან, რომ ეს მთავრობა უნდა შეიცვალოსო.

"აქციებისას კი თორნტონი სასოწარკვეთილი ამბობდა, რომ არაფერი გამოვიდა, საწაულია რომ არავინ დაიღუპა და ახლა უკვე უნდა ვიბრძოლოთ, რომ დასუფთავების სამსახურმა ნაგავი არ გაიტანოს და თბილისი ნაგავში ჩაიხრჩოს, ფინანსურმა ბანკებმა კი არცერთი ფინანსური ოპერაცია არ შეასრულოს, რომ ფინანსური კოლაფსი მოხდესო - ასეთი ქალბატონი გამოდის და რაღაცას ყვება",- განაცხადა მან.

მივა თუ არა ჰელსინკის კომისიის გზავნილები ტრამპის ადმინისტრაციამდე

კახა გოგოლაშვილი გვეუბნება, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ყურამდე ყველაფერი მიდის.

"ტრამპის ადმინისტრაციის ყურამდე ყველაფერი მიდის. აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაცია მაინცდამაინც მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვითა და დემოკრატიის ხელშეწყობით არ საქმიანობს და არ ხელმძღვანელობს, მაგრამ იმის გამო, რომ აშშ-ს ორასწლიანზე მეტი დემოკრატიის ხელშეწყობის ტრადიცია გააჩნია, ტრამპის ადმინისტრაცია თვალს ვერ დახუჭავს.

"ყოველ შემთხვევაში, სუფთა ფურცლიდან დაწყებისთვის ეს ფაქტები საკმარისი მიზეზი იქნება, რომ რომც უნდოდეს კიდეც ეს ვერ გააკეთოს. შეიძლება თავად ტრამპს ტრანზაქციული აკვიატება აქვს, რომ მნიშვნელობა არ აქვს და ჩრდილო კორეასთანაც დავდებ ხელშეკრულებას თუ ჩემთვის მომგებიანი იქნებაო და შეიძლება ასეთი მიდგომა აქვს, მაგრამ მთელ ამერიკაში ასეთი მიდგომით ის ასე მარტივად გადაწყვეტილებებს ვერ იღებს.

"ასეთი სახის ფაქტები და დოკუმენტები, რომლებიც თუნდაც ჰელსინკის კომისიის ფარგლებში იქმნება, ხელს უშლის შემდგომში ტრამპის ადმინისტრციის გულგრილი პოლიტიკის გატარებას ნებისმიერი მიმართულებით",- განაცხადა გოგოლაშვილმა.

პეტრე მამრაძე კი ნაკლებად ელის, რომ ეს გზავნილები ადმინისტრაციამდე მივიდეს.

"ნაკლებად ველი, რომ ეს გზავნილები ტრამპის ადმინისტრაციამდე მივიდეს. ადმინისტრაციას ახლა სულ სხვა საქმეები და პრობლემები აქვს, იქ დიდი ტურბულენტობაა, ერთ დღეს გამოცხადებული მიზნები და გადაწყვეტილებები შეიძლება ორ დღეში გადაიფიქრონ. ტრამპის ადმინისტრაცია სრულიად არაპროგნოზრებადია და ძალიან რთულია ამის პროგნოზირებაც.

"ფაქტია, რომ თვითონ ტრამპს საქართველოს მიმართ რაიმე ინტერესი და მოტივაცია არ აქვს. მოტივაციის მიზეზი ორია - რაიმე ისეთი პერსფორმანსი, რომელიც მას განადიდებს და მეორე, ფინანსური, საქართველოში კი არც ნავთობია, არც დიდი ფული ტრიალებს და არც რაღაც ისეთი კონფლიქტია, რომ მოაგვაროს",-განაცხადა მამრაძემ.

რა თქვეს ბრიფინგზე

მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორმა, ლორა თორნტონმა განაცხადა, რომ საქართველოში „დემოკრატიული უკუსვლის" ნიშნები დიდი ხნის წინ გაჩნდა.

"ფატალური ნაკლი იყო "ქართული ოცნების" მმართველობის დასაწყისში და ეს ნაკლი რუსეთის მიერ შექმნილი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილია. ის პიროვნება და საფულეა, რომელიც "ქართული ოცნების" შექმნის უკან დგას და მისი პირველი პრემიერ-მინისტრი იყო. ივანიშვილი არასდროს იყო დემოკრატიული პრინციპების ან პროცესების ერთგული და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ყოველთვის დაკავშირებული იყო რუსეთთან, რომელმაც ის გაამდიდრა",- აღნიშნა მან.

თორნტონის თქმით," საქართველო ჯერ კიდევ წარმოადგენს სანქციებისთვის გვერდის ავლის საკვანძო მარშრუტს რუსეთისთვის - „ქართულმა ოცნებამ" შეატრიალა სცენარი, თუ ვინ არიან მეგობრები და ვინ - მტრები".

საერთაშორისო საკონსულტაციო ფირმის McLarty Associates უფროსმა მმართველმა დირექტორმა, კლერ კაისერმა თქვა, რომ საქართველოს მთავრობამ რეგიონში მიმდინარე "ამ ღრმა და პოზიტიურ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ტრანსფორმაციაზე" უარის თქმა გადაწყვიტა.

"2009 წლის აშშ-საქართველოს "სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიის" შეჩერება 2024 წლის ნოემბერში, ერთ-ერთი აღსანიშნავი ნაბიჯია, ისევე, როგორც მას შემდეგ მალევე ამერიკული სანქციების დაწესება ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" რეპრესიების სხვა საკვანძო ხელშემწყობების წინააღმდეგ.

"მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ ეს ზომები ძალაში დატოვა, და ამავდროულად მოულოდნელი ენერგიისა და ფოკუსის შეტანა დაიწყო კავკასიის რეგიონში. სიმართლე გითხრათ, ამან ბევრი ადამიანი დატოვა გაოცებული.

"ვიცე-პრეზიდენტი [ჯეი დი ვენსი] თავის ვიზიტს ასრულებს ერევანსა და ბაქოში. პირველი მოქმედი ვიცე-პრეზიდენტია, რომელიც სომხეთს ეწვია და ყველაზე მაღალი თანამდებობის ამერიკელი ოფიციალური პირია, ვინც ათწლეულების მანძილზე აზერბაიჯანს ეწვია...

"აღსანიშნავია, რომ კავკასიაში ამ ენერგიულ ამერიკულ პოლიტიკაში ცხადად არ არის საქართველო. თავის დროზე აშშ-ის მტკიცე პარტნიორი რეგიონში, დემოკრატიული რეფორმების მოდელი, რომელიც ამერიკულ ძალებთან ერთად იბრძოდა და რომლის ტერიტორიის 20% დღესაც ოკუპირებული რჩება რუსეთის მიერ. საქართველოს მთავრობამ კავკასიის რეგიონში მიმდინარე ამ ღრმა და პოზიტიურ პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ ტრანსფორმაციაზე უარის თქმა გადაწყვიტა", - განაცხადა კაისერმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×