
რუსთავი-ლილოს გზაზე მომხდარ უმძიმეს ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ამბობენ, მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გასწრებას ცდილობდა რა დროსაც ტრაილერს შეეჯახა. ადგილზე დაიღუპა სამი ადამიანი.
დაღუპულები არიან მანქანის მძღოლი, სამი შვილის მამა 35 წლის ზაურ ალიევი, გიული გოგლაშვილი და 78 წლის ლოლა ბუთხუზი.
ამ ავარიის დროს ასევე დაშავდა მანქანაში მყოფი კიდევ ორი მგზავრი. მათ შორის გარდაცვლილი მძღოლის ძმა, 37 წლის რაიმონ ალიევი და კიდევ ერთი პირი. როგორც ცნობილი ხდება, ამ ავარიის დროს დაზიანდა კიდევ ერთი ავტომობილი, თუმცა იმ მანქანაში მყოფები საბედნიეროდ გადარჩნენ.
ამ დრომდე უმძიმეს მდგომარეობაში რჩება გარდაცვლილი მძღოლის ძმა, რომელიც რეანიმაციაში იმყოფება. ისიც სამი შვილის მამაა. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. ავარიის მიზეზებს სამართალდამცავები არკვევენ.
მანქანაში მყოფი პირები ლილოს ბაზრობაზე მუშაობდნენ და ყველანი ერთად რუსთავიდან სამსახურში მიდიოდნენ, სწორედ ამ დროს მოხდა ეს ავარია. ყველა გარდაცვლილი რუსთავის მცხოვრებლია. ლილო მოლში დაადასტურეს, რომ გარდაცვლილები მათთან მუშაობდნენ და რომ ისინი მათი მეწარმეები იყვნენ.
"ცუდი ამინდი იყო, არ ვიცი რა იყო ამ ავარიის მიზეზი, მაგრამ მართლა საშინელი სანახავი იყო. სულ დაჭყლეტილი იყო მანქანა. ირგვლივ მიმოფანტული იყო მანქანის ნაწილები, მე რომ მივედი, ფაქტი უკვე მომხდარი იყო. ახლოს არ მიგვიშვა პოლიციამ. როგორც ჩანდა, მსუბუქი მანქანის მძღოლი ტრაილერზე გასწრებას ცდილობდა და ამ დროს არის შეჯახება მომხდარი. იმ გზაზე სისულელეა გასწრება, რადგან ბევრი ტრაილერი მოძრაობს, თან გზაც დაზიანებულია და ვიწროც არის. სამწუხაროა 3 ადამიანის დაღუპვა. შესაძლოა წვიმაში მანქანაც მოუსრიალდა, არ ვიცი მიზეზი რა იყო" - ამბობს ფაქტის თვითმხილველი.
წყარო: ambebi.ge