
ევროკავშირი გაერთიანების მსურველი სახელმწიფოები და მათი მოსახლეობა სულ უფრო ნათლად ხედავს იმას, რომ ევროკავშირი გარკვეული ზეწოლის მექანიზმების გამოყენებით ცდილობს გავლენა მოახდინოს ქვეყნების მოსახლეობაზე და ამით ცდილობს, რომ ხელისუფლებაში მოიყვანოს ის პირები, ვინც მარტივად მართვადი იქნებიან, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.
დეპუტატი ამერიკელი კონგრესმენის, ანა პაულინა ლუნას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროკავშირი ხშირად სჯის იმ სახელმწიფოებს, რომლებიც მის პოლიტიკურ ხაზს გადაუხვევენ. ბითაძის თქმით, დღეს ევროკავშირი „ჰიბრიდულ პოსტსაბჭოთა ფორმად არის გადაქცეული“, რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ხედვის მიღმა არ დარჩენილა.
„ეს განცხადება მეტყველებს იმაზე, რომ ხდება ევროკავშირის ინსტრუმენტალიზაცია და მისი გამოყენება სხვადასხვა სახელმწიფოს სუვერენიტეტზე ზეწოლის თვალსაზრისით. ამის თაობაზე განცხადებები არა მხოლოდ ამერიკის კონტინენტიდან გვესმის, არამედ თვითონ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერებისგანაც, აღარაფერი რომ ვთქვათ იმ მზარდ განწყობებზე ევროპარლამენტში, რის თაობაზე განცხადებებს სულ უფრო და უფრო ხშირად ვისმენთ. არ მაქვს პასუხი, ზუსტად რა გავლენას იქონიებს ეს კონკრეტული განცხადება ევროკავშირის სამომავლო საგარეო პოლიტიკის მიმართულების გადახედვასთან მიმართებით, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ის, რაზეც „ქართული ოცნება“ უკვე რამდენიმე წელია საუბრობს, რომ ევროკავშირი ორმაგ სტანდარტებს იყენებს სხვადასხვა სახელმწიფოზე ზეწოლისთვის, ეს უკვე აღარ არის ის ფორმა, რომლისთვისაც ევროკავშირი თავიდან იყო შექმნილი“, - განაცხადა ბითაძემ.