
გუშინ, ქუთაისის ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში მომხდარი ინციდენტის ფაქტზე, რომლის დროსაც ექიმმა ქალმა თვითდაზიანება მიიყენა, შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. თუმცა, როგორც ირკვევა, აღნიშნულ შემთხვევას წინ უძღოდა ხანგრძლივი სამართლებრივი და ადმინისტრაციული დავა კლინიკის მესაკუთრეებსა და მენეჯმენტს შორის.
კლინიკის დირექტორი, კახა ნურალიძე, რომელიც წლებია სამედიცინო სფეროში მოღვაწეობს, ბრალდებებს „უნიჭო პროვოკაციას“ უწოდებს.
ექიმი ქალი, რომელმაც თვითდაზიანებები მიიყენა ინდირა კოპალეიშვილია. როგორც მისი უფლებადამცველი, იოსებ კენჭაძე „პალიტრავიდეოსთან“ ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მუდიმივად იმყოფებოდა შანტაჟისა და მუქარის ქვეშ.
„გუშინ,რაც მოხდა ეს იყოს აისბერგის ბოლო წვერო, თუმცა მანამდე მას წინ უძღოდა სხვა შესაძლო, სისხლის სამართლებრივი დარღვევები, დირექტორის მხრიდან. სხვა შესაძლო დარღვევებზე დღეს, ჩვენ გავაკეთებთ განცხადებას. ეს იყოს იმის შედეგი, რაც ხდებოდა მანამდე“, - ამბობს ადვოკატი.
წყარო: „პალიტრავიდეო“