რეზონანსი
10.02.2026

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსეთთან ერთად ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობის ინიციატივით გამოდის.

„ჩვენ მოგვიწევს რუსეთთან ერთად ევროპის უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის მშენებლობა. ხვალინდელი კეთილდღეობა ევროპელებს ეხება. თუ ურჩევნიათ, ნება დართონ ამერიკელ ელჩებსა და ემისრებს, მათ ნაცვლად აწარმოონ მოლაპარაკებები ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების თარიღზე? ეს რეალიზმი და თავმოყვარეობაა. ნუ შეგვეშინდება ვიყოთ ის, ვინც ვართ. ეს ევროპული ინტერესია. სწორედ ამიტომ მსურს, რომ ევროპა იჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან რაც შეიძლება სწრაფი მშვიდობის მისაღწევად, უკრაინის ინტერესების მაქსიმალური დაცვით, რადგან ჩვენ გვაქვს ევროპული ინტერესები, რომლებიც უნდა დავიცვათ. მე მათ სხვას არავის გადავაბარებ, მათ შორის არც აშშ-ს“, - განაცხადა მაკრონმა გამოცემა El Pais-თვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

გამოცემის ჟურნალისტმა საფრანგეთის ლიდერს შეახსენა, რომ გასულ კვირას მისი დიპლომატიური მრჩეველი მოსკოვში იმყოფებოდა საფრანგეთსა და რუსეთს შორის დიალოგის განახლების შესაძლებლობების გამოსაკვლევად. ჟურნალისტს დააინტერესა, თუ რა ეტაპზეა ახლა ეს პროცესი.

„ჩვენ ის (დიალოგი) 2022 წლის გაზაფხულზე, ომის დანაშაულებისა და სხვა სისასტიკეების შემდეგ შევწყვიტეთ. შუაგულ ომში დიალოგის განახლებას აზრი არ ჰქონდა. ახლა კი, ორივე მხარის დანაკარგებისა და გამოფიტვის დონე ლეგიტიმურს ხდის კითხვას მისი (ომის) დასრულების შესაძლებლობის შესახებ. უკვე რამდენიმე თვეა, რაც ამერიკელმა ემისრებმა მოლაპარაკებები განაახლეს. ჩემი მსჯელობა ძალიან მარტივია: გვსურს თუ არა ამ დისკუსიის სხვებისთვის გადაბარება? ჩვენი გეოგრაფია არ შეიცვლება. მოგვწონს ეს თუ არა, რუსეთი ხვალაც იქ იქნება. ის ჩვენს კართან არის. მნიშვნელოვანია მათთან ევროპული დებატების განახლების სტრუქტურირება - გულუბრყვილობის გარეშე, უკრაინელებზე ზეწოლის გარეშე და ამ დებატებში მესამე მხარეზე დამოკიდებულების გარეშე“, - თქვა მაკრონმა.

მისი განცხადებით, საფრანგეთმა რუსეთთან უკვე აღადგინა დიალოგის არხები ტექნიკურ დონეზე. როგორც მაკრონი აცხადებს, დადასტურებულია, რომ რუსეთს ამჟამად მშვიდობა არ სურს. „რაც მთავარია, ჩვენ აღვადგინეთ დიალოგის ეს არხები ტექნიკურ დონეზე. ჩემი სურვილია, ეს ჩემს ევროპელ პარტნიორებს გავუზიარო და გვქონდეს კარგად ორგანიზებული მიდგომა“, - დასძინა მაკრონმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×