
"მე აქ მოვედი იმისთვის, რომ ადამიანებს ავუხსნა, თუ რატომ არიან ისინი ღარიბები" - პარტია "გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა "რუსთავი 2-ის" ეთერში, გადაცემაში "დებატები" მოსახლეობას მიმართა:
„თქვენ ხართ ღარიბები მხოლოდ იმის გამო, რომ თქვენ ხელისუფლება გძარცვავთ, თქვენ გძარცვავენ მილიონერი დეპუტატები, თქვენ გძარცვავენ ჩინოვნიკები და თქვენ გძარცვავენ ბიძინა ივანიშვილის ნათესავები. თქვენ გძარცვავენ ხელისუფლებასთან დაკავშირებული ბიზნესები. ეს ადამიანები იმიტომ არიან მილიონერები ზუსტად, რომ თქვენ გძარცვავენ. ღიმილისმომგვრელი იცით რა არის? მინისტრებს, რომლებსაც აქვთ 13 000 ლარი ხელფასი, ქართულ ოცნებას, რომელსაც ჰყავს 30 მილიონერი დეპუტატი, ქალბატონი მინისტრი [მარიამ ქვრივიშვილი], რომელიც მინისტრობის და ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გახდა მილიონერი, ბატონი პრემიერმინისტრი, რომელიც როდესაც ის გახდა პრემიერმინისტრი, პირველი რაც გააკეთა, მილიონიანი მანქანა შეიძინა. ოცნების ჩინოვნიკები, რომლებმაც შექმნეს ამ ქვეყანაში ტოტალური კორუფციის მთელი სქემა, ამიტომ ხართ თქვენ ღარიბები.
ცინიკური არის ის, რომ პარლამენტში შეიქმნა კომისია, სადაც 7 წევრისგან 6 არის მილიონერი. კომისიის თავმჯდომარედ არის არჩეული ადამიანი, რომელმაც ბოლო 1 წლის განმავლობაში მილიონ ლარამდე დახარჯა საყიდლებში. ამ ქვეყანაში მოსაპარი ფული სულ არის და ჩინოვნიკების ხელფასების გასაზრდელი ფული სულ არის, მაგრამ პენსიების გასაზრდელი ფული არასდროს არ არის. მე ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები ვერაფერს გააკეთებენ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ პრემიერმინისტრი არ ეკუთვნის საკუთარ თავს, ის არის დანიშნული ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და ის არის შემსრულებელი..." - თქვა გახარია საქართველოსთვის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა