
მქონდა შესაძლებლობა, ოლიმპიადის გახსნის ფარგლებში, გავსაუბრებოდი სახელმწიფო მდივანს. ერთი რამ, რაც ცხადია და გაცნობიერებულია, არის ის, რომ ახალ ადმინისტრაციას აქვს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა საქართველოსთან მიმართებით და სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, ცალსახად განაცხადა, რომ ეს ყველაფერი უნდა გადაიხედოს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, მარკო რუბიოსთან შეხვედრის პარალელურად, მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ, ვაშინგტონში არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გამართა, შესაბამისად, საბოლოო ჯამში, ქართულ მხარეს აქვს აშშ-ის დღის წესრიგში საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის საკითხის გააქტიურების მოლოდინი.
"პარალელურად, თქვენ იცით, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იმყოფებოდა ვაშინგტონში და მართავდა შეხვედრებს საკმაოდ მაღალი დონის წარმომადგენლებთან სხვადასხვა ინსტიტუტებში. რა თქმა უნდა, ესეც იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა, ჩვენი ურთიერთობების დეტალებზე უფრო მეტად გვესაუბრა. ჩვენ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ აშშ-ის დღის წესრიგში საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის საკითხი უფრო აქტიურად დადგება," - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.