
ქვეყნის 2026 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ერთ-ერთი მთავარი აქცენტი ჯანდაცვის მიმართულებასა და სოციალურ მიმართულებაზე კეთდება.
სერვისების ხელმისაწვდომობა, ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობისა და მედიკამენტების დაფინანსება, ჩანაცვლებითი თერაპიის დანერგვა, რეფორმა ნარკოლოგიის მიმართულებით; რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო და მისი სტრატეგიული მნიშვნელობა, ორი წლის წინ დასახული მიზნები მომავალშიც პრიორიტეტულ მიმართულებებად რჩება.
ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, მთავარი აუცილებლობაა, მეტად ეფექტიანი გახდეს სისტემა, რათა თითოეულ მოქალაქეს ემსახურებოდეს.
"რაც შეიძლება მეტად ეფექტიანი რომ გახდეს სისტემა და ის იყოს თითოეული მოქალაქის სამსახურში ჩაყენებული, ეს არის ალბათ მთავარი აუცილებლობა, რომლის წინაშეც ვდგავართ და სწორედ ეს არის ალბათ დავალება, რომელსაც ყველაზე მეტად ინტენსიურად უნდა ვემსახუროთ. სწორედ ეს განაპირობებს ამ შემთხვევაში, ეს ინტერესი, დავალება, შეკვეთა, რომელზეც შევთანხმდით იმთავითვე, როდესაც ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ვიტვირთე და ეს დიდი ნდობა იქნა გამოცხადებული პრემიერ-მინისტრის მხრიდან", - განაცხადა "კურიერი P.S.-ში" ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ.