
აბას არაღჩის განცხადებით, აშშ-ის მიერ სპარსეთის ყურეში ავიამზიდების განლაგება ირანს არ აშინებს.
"ირანმა თავისი მშვიდობიანი ბირთვული პროგრამისა და ურანის გამდიდრებისთვის ძალიან დიდი საფასური გადაიხადა. რატომ ვამბობთ უარს ურანის გამდიდრების დათმობაზე, მაშინაც კი, თუნდაც თავს ომი მოგვახვიონ? იმიტომ, რომ არავის აქვს უფლება, გვიბრძანოს, როგორ მოვიქცეთ. ამერიკის მიერ რეგიონში სამხედროების განლაგება არ გვაშინებს," - აცხადებს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი.
ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ომანში აშშ-ის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მხარეები მოლაპარაკებების მეორე რაუნდის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. ასევე, არაღჩიმ აღნიშნა, რომ აშშ-თან ომის შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს, მაგრამ ირანი მზად არის როგორც მშვიდობისთვის, ასევე ომისთვის.