
"სპეციალური კომისია ფასების შესწავლასთან დაკავშირებით, მომავალ კვირაში დაიწყებს მუშაობას და ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა მხარეს მოვუსმენთ, მათ შორის, მწარმოებლებს, დისტრიბუტორებს, მარკეტების ქსელის წარმომადგენლებს," - ამის შესახებ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის წევრმა, "ხალხის ძალა" დეპუტატმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
"ეს გჭირდება იმისთვის, რომ ზუსტად გამოვიკვლიოთ ამ სფეროში არსებული ურთიერთობები და გამოვავლინოთ ის ფაქტორები, რომელიც ხელს უწყობს ბაზარზე ზოგიერთი ეკონომიკური აქტორების მიერ მონოპოლიური ძალაუფლების დამყარებას და შემდგომში ამ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას, რომელიც, პირველ რიგში, მიმართულია ხალხის წინააღმდეგ, მაღალი ფასების საშუალებით," - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
საჯარო დებატების პარალელურად, ფასების რეგულირების საკითხზე საპარლამენტო კომისია მუშაობას განაგრძობს. დებულება დამტკიცებულია, მომავალი კვირიდან პარლამენტში სამუშაო რეჟიმში სხდომები გაიმართება. კომისიის მიზანია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების ზრდის საკითხის შესწავლა, ფასების ფორმირების მექანიზმების შეფასება და შესაძლო პრობლემური გარემოებების იდენტიფიცირება. კომისიას, რომელიც 14 წევრისგან შედგება, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე უხელმძღვანელებს. პარლამენტის პარალელურად, გრძელდება მუშაობა სამთავრობო საკოორდინაციო მექანიზმის გამოყენებით. სურსათის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასების კორექტირებაზე პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სპეციალურმა კომისიამ შეხვედრები თითოეული დარგის წარმომადგენელთან უკვე გამართა. ჯერ საბოლოო დასკვნები არ გაკეთებულა, თუმცა მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრმა კომპანიებმა კვერცხზე ფასის შემცირების გადაწყვეტილება უკვე მიიღეს.