
ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი მილანში დაახლოებით ერთ საათში, სან სიროს სტადიონზე დაიწყება, თუმცა, მანამდე უკვე გაიმართა პირველი ასპარეზობა ფიგურულ ციგურაობაში.
ოლიმპიური თამაშების პირველ დღეს საქართველოს ნაკრები გუნდურ მეოთხე ადგილზეა. ეროვნულ გუნდს ქულები რიტმულ ცეკვებში დიანა დევისისა და გლებ სმოლენსკის, ასევე ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა შემატა, მოკლე პროგრამაში კი საქართველო ანასტასია გუბანოვამ წარადგინა.
საერთო გუნდურ ჩათვლაში, სამი დისციპლინის შემდეგ, საქართველოს 20 ქულა აქვს, მეოთხე ადგილზეა და უსწრებს ისეთ ქვეყანასაც კი, როგორიც კანადაა. უკვე ხვალ, მოკლე პროგრამით, ყინულზე ნიკა ეგაძე გავა, რის შედეგადაც გაირკვევა, შეძლებს თუ არა საქართველოს ნაკრები 5 საუკეთესო გუნდს შორის დარჩენას და მედლებისთვის ბრძოლას.
"5 გუნდი გადადის ფინალში, ეს მიზანი პირველ ეტაპზე ვფიქრობ, რომ შესრულებული იქნება. შემდეგზე, გამოვლენ ჩვენი სპორტსმენები გრძელი პროგრამით და იმედია, რომ აქაც მაღალ შედეგებს აჩვენებენ. ჩვენი იმედები ძალიან ახლოს არის წარმატებასთან და რაც გვქონდა დაგეგმილი, და რაც ჩვენ განცდა გვქონდა, უნდა აღსრულდეს“, - აცხადებს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი.