
ორშაბათიდან კვერცხის ფასი 5%-ით შემცირებაზე მეფრინველეობის სექტორის კომპანიების განცხადება, რაც პრემიერთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს, უმალ გახდა საზოგადოების განხილვის და ხშირ შემთხვევაში ქილიკის საგანი. მთავრობის მიერ დიდი რიხით დაწყებული კამპანიის შედეგად ჯერ მხოლოდ ეს, რბილად რომ ვთქვათ, მოკრძალებული შედეგი დადგა, რაც იწვევს ოპონენტების კრიტიკას, უბრალო ხალხის მხრიდან კი სარკაზმს. მმართველი გუნდი ამას სურსათზე ფასების კლების პოლიტიკის დადებით შედეგად აფასებს, მაშინ როცა ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ფასის შემცირება ბაზრის ბუნებრივი პროცესით არა, არამედ ადმინისტრაციული ზეწოლის შედეგად მოხდა.
მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელის, ზურაბ უჩუმბეგაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, მწარმოებლებს გაუჩნდათ იმედი, რომ დარგში სასიკეთო ცვლილებები განხორციელდება, შესაბამისად, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ იანვარში კვერცხზე მომატებული ფასი, ისევ დაეკლოთ.
კვერცხზე ფასის შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს ასოციაციის წევრმა კომპანიებმა - „სავანეთი", „დილა", „კოდა" და „კუმისი" კვერცხზე ფასს შეამცირებენ.
ამაზე „ლელოს" წევრი და თბილისის საკრებულოს დეპუტატი ნიკა ჩერქეზიშვილი სოციალური ქსელში წერს, კვერცხი იაფდება მხოლოდ ადმინისტრაციული წნეხის გამო და თან იმ ზღვრამდე, რომლამდეც ბიზნესის მოგება უსაფრთხოდ იქნება დაცული.
„ბევრი ნახავდით მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრი კომპანიების („კოდა", „კუმისი", „დილა" და „სავანეთი") განცხადებას კვერცხზე ფასის 5%-ით შემცირებაზე. ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება ფასის დროებითი კორექცია შეფუთო როგორც სოციალური პასუხისმგებლობის აქტი, მაშინ, როდესაც რეალური სურათი მოქალაქის ინტერესებს პრაქტიკულად არ ეხება. მოკლედ, ეს არის პოპულისტური სარეკლამო ტექსტი, რომლითაც „ქართული ოცნება" ცდილობს მინიმალური ცვლილება წარმოაჩინოს მაქსიმალურ მიღწევად."
ინფორმაციამ საზოგადოებაშიც არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
- „კოდას" კვერცხი რომელიც 6.25 ლარი ღირს „ორ ნაბიჯში" ახლა უნდა გახდეს 5.93? ნუ იქ დავამრგვალოთ ბარემ 6 ლარი, ყოჩაღა რა, აწი შიმშილით აღარ დაიხოცება ხალხი" - წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე.
მმართველ გუნდში კვერცხზე ფასის კლებად „დადებით მოვლენად" აფასებენ. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ლევან ჟორჟოლიანის შეფასებით, ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ პროცესი, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაიწყო სურსათის პროდუქციაზე ფასების კლებასთან დაკავშირებით, არა მხოლოდ სწორია, არამედ სამართლიანიც არის.
„კარგია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ან ამ კონკრეტული პროდუქციის მიმართ, ან სხვა პროდუქციის მიმართ, ამოიწურა შეკითხვები. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. ეს ყველაფერი აჩვენებს დადებით დინამიკას და ასევე გვაჩვენებს, რომ ის პროცესი, რომელიც საქართველოს მთავრობამ დაიწყო სურსათის პროდუქციაზე ფასების კლებასთან დაკავშირებით, არა მხოლოდ სწორია, არამედ სამართლიანიც არის."