თამთა ჩაჩანიძე
06.02.2026

„ქართული ოცნება" მზადაა „საჭიროების შემთხვევაში"„ ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" მიერ შეთავაზებულ დებატებში ჩაერთოს, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს ეხება. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტია ინიციატორი ჯგუფის სახელით საუბრობს და რომ მიზანი კონსტიტუციიდან 78-ე მუხლის ამოღებაა.

იმისათვის, რომ "ოცნებამ" კონსტიტუციიდან 78-ე მუხლი ამოიღოს, საჭიროა საკონსტიტუციო უმრავლესობა, ანუ 113 ხმა დღეს კი მხოლოდ 89 დეპუტატი ჰყავს 2024 წლის არჩევნების შედეგებით და ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს, თუ 2028 წლის არჩევნებში მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება მზადაა ესაუბროს ნებისმიერ ჯგუფს ნებისმიერ თემაზე, „ერთადერთი პირობით, რომ ისინი აღიარებენ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს და მის კონსტიტუციურ წესრიგს".

„არიან ჯგუფები, რომლებიც ამბობენ, რომ ევროინტეგრაცია რისკებს შეიცავს. მზად ვართ ვისაუბროთ ამ თემაზე ნებისმიერ ჯგუფთან. ასე რომ, ჩვენ მზად ვართ დებატებსა და დისკუსიაზე ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით.

 

  • „ევროინტეგრაციას რაც შეეხება, ჩვენ ამაზე არაერთხელ გვითქვამს, რომ ყოველთვის მნიშვნელოვანია ინტეგრაციის პროცესში არ დაზიანდეს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ევროკავშირში წევრობა იმიტომ არ გვინდა, რომ უბრალოდ მოინიშნოს საქართველო როგორც წევრი და ევროკავშირის წევრი საქართველო დანგრეული იყოს".

 

პაპუაშვილი დასძენს, რომ "მნიშვნელოვანია, რომ არ აგვერიოს ევროინტეგრაცია მორჩილებაში".

„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ" გაავრცელა განცხადება, სადაც ის ორ ტელეკომპანიას იმედსა და რუსთავი 2-ს ევროინტეგრაციაზე დებატების გამართვისკენ მოუწოდებს. მათი თქმით, საქართველოსთვის საფრთხედ ქცეულ ევროინტეგრაციის ილუზიას, ქვეყანას დამშვიდება არ უწერია".

„ამჟამად არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი საკითხი ქვეყანაში და ვიდრე თავს არ დავაღწევთ საქართველოსთვის უკვე საფრთხედ ქცეულ ევროინტეგრაციის ილუზიას, ქვეყანას დამშვიდება არ უწერია. მზად ვართ, ხელისუფლებასთან პირისპირ დებატებში არგუმენტირებულად დავამტკიცოთ დღევანდელი საგარეო პოლიტიკის უკიდურესი მავნებლობა ჩვენი ქვეყნის მიმართ", - ნათქვამია განცხადებაში.

„თავისუფლების მოედანის" გენმდივანი ბაკურ კვაშილავა ამბობს, რომ „ნეიტრალური საქართველო" „ოცნების" სატელიტია.

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო" არის „ქართული ოცნების" მარიონეტი, სატელიტი და მასზე პირდაპირ დამოკიდებული პარტია. „ნეიტრალური საქართველო" არის „ქართული ოცნების" პროექტი და ა.შ. „ნეიტრალური საქართველო" არ არსებობს, როგორც საზოგადოების რაიმე ნაწილის ინტერესის გამომხატველი. ჩანასახიდანვე დაწყებული, ეს არის „ქართული ოცნების" მეორე სახე ისევე, როგორც „ხალხის ძალა". როდესაც ჩვენ დებატების შესახებ რაიმე დისკუსიას შევეხებით, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ „ნეიტრალური საქართველოს", ისევე როგორც „ხალხის ძალის" სახით „ქართული ოცნება" გველაპარაკება. „ქართული ოცნება" უკვე დიდი ხანია დებატებშია ჩვენი ქვეყნის აბსოლუტურ უმრავლესობასთან და უმტკიცებს მას, რომ ევროკავშირი არის ცუდი.

 

  • „ქართული ოცნება" უკვე ძალიან დიდი ხანია არის პირდაპირ წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან, სადაც წერია, რომ ჩვენი მიზანი უნდა იყოს ევროინტეგრაცია. წარმოუდგენელი რამეა, როგორ შეიძლება „ქართული ოცნება" საკუთარ იდეას ედებატოს. ეს არანაირი დებატები არ იქნება".

 

კვაშილავა „პალიტრანიუსთან" არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ კონსტიტუციიდან 78-ე მუხლი ამოიღოს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მიზანია ევროინტეგრაციისკენ სწრაფვა. მან „ფარსი" უწოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის განცხადებას, რომ „საქართველოს სჭირდება ევროკავშირი და საქართველო სჭირდება ევროკავშირს".

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა,რომ ჩატარდება თუ არა რეფერენდუმი, ამაზე მკაფიო პასუხი არ აქვს.

„ამ მიმართულებით კონსტიტუციური ჩანაწერი ცალსახად ამბობს, რომ ამ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტირის თვალსაზრისით დანიშნულების საბოლოო ადგილი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებაა. დანარჩენი მოსახლეობის გადასაწყვეტია. ჩვენ მოსახლეობის ნებას აღვასრულებთ, რასაც ის გადაწყვეტს ჩვენ ამას მივესალმებით და განვახორციელებთ.

 

  • „რაც შეეხება საკითხს, ჩატარდება თუ არა რეფერენდუმი, მე ამ თემაზე მკაფიო პასუხი არ მაქვს. ნებისმიერ თემაზე ღია დებატებს, დისკუსიას, საჯარო განხილვებს და კონკრეტული არგუმენტებით ჭიდილს ვემხრობი. თუ ამ მიმართულებით საჭიროებაა, მე მზად ვიქნები, რომ მეც და ჩემი კოლეგებიც ამ დისკუსიაში ჩავერთოთ".

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×