
„ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ევროსაბჭომ საქართველოს უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გამოცდილების გაზიარება სთხოვა და ფაქტიურად „ყინულიც დაიძრა". თუმცა, ოფიციალურ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ შესაბამისი მიმართვა ევროპის საბჭოს ყველა წევრ ქვეყანას გაეგზავნა და ანალიტიკოსთა ნაწილის თქმით, ეს ჩვეულებრივი პროცედურული ამბავია.
მეორე ნაწილი კი ამბობს, რომ შეეძლოთ დოკუმენტი არ გამოეგზავნათ და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაწილობრივ „ყინული დაიძრა", თუმცა „ზედმეტი მნიშვნელობის" მინიჭება არ ღირს.
ევროპის საბჭოს მიერ გავრცელებული დოკუმენტის მიხედვით, ორგანიზაციის უცხოური ინფორმაციით მანიპულირებისა და ჩარევის ექსპერტთა კომიტეტი (PC-FIMI) ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს ინფორმაციის გაზიარებას მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან 15 აპრილის ჩათვლით სთხოვს. ეს კომიტეტი ისეთ საკითხებს იკვლევს, როგორებიცაა დეზინფორმაცია, მედიის კონცენტრაცია და მიტაცება, მედიის თავისუფლება, ორგანიზებული დანაშაული, კიბერდანაშაული და კორუფცია.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ამბობს, რომ ევროსაბჭოს აინტერესებს რა გამოცდილება აქვს საქართველოს ამ მიმართულებით.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყინული დაიძრა. როგორც იქნა ევროპის საბჭომ აღიარა, რომ ეს [უცხოური ჩარევა] არის პრობლემა. ეს არ არის ცალკეული პოლიტიკური პროცესებიდან ნაკარნახევი ხელოვნურად შექმნილი საკითხი, არამედ არის რეალური პრობლემა, რომლის წინაშეც არამხოლოდ საქართველო, არამედ ევროპის საბჭოს ბევრი წევრი სახელმწიფო დგას",- განაცხადა მახაშვილმა.
თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია „რეზონანსთან" აცხადებს, ევროსაბჭომ დოკუმენტი ყველა ქვეყანას გაუგზავნა და „ოცნებამ" ეს საინფორმაციო თვალსაზრისით გამოიყენა, რაც მიუთითებს, რომ საგარეო აღიარების კუთხით დიდი პრობლემაა.
„რეალურად ეს მიუთითებს როგორ მძიმე მდგომარეობაშია „ქართული ოცნება" ამ საერთაშორისო ლეგიტიმურობის და აღიარების თვალსაზრისით და თუნდაც ის, რომ ევროსაბჭომ გაუგზავნა ყველა წევრს სახელმწიფოს, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა იმისთვის, რომ უბრალოდ ყველა წევრმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს მონაწილეობა და თანამონაწილეობა. ბუნებრივია სთხოვენ, რომ თუ რამე წინადადებები აქვთ ამ თემასთან დაკავშირებით, ყველამ გარკვეული კონტრიბუცია გასწიოს.
- „ეს ექსკლუზიურად საქართველოს კი არ მიმართეს, როგორც „ქართულ ოცნებას" სურს ამის წარმოჩენა. ესაა უბრალოდ მანიპულაცია, როგორც „ოცნებას" ხშირად სჩვევია , რომ თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის გამოიყენოს. ამის მიხედვით ჩვენ არ შეგვიძლია ყინულის დაძრაზე რამე ვივარაუდოთ, რომ რაღაც გარდატეხა ხდება საქართველოსა და ევროპულ სტრუქტურებთან ურთიერთობაში.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროსაბჭო ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ორგანიზაციაა და ასეთი რაღაც მანიპულაციური კომენტარებით არ უნდა ვიხელმძღვანელოთ გამომდინარე იქიდან რა მდგომარეობაშია საქართველოს ურთიერთობა ზოგადად ევროპულ სტრუქტურებთან",- განაცხადა კაკაჩიამ.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე კი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ დოკუმენტის გამოგზავნა გარკვეულწილად ყინულის დაძვრას ნიშნავს.
- „ეს გარლვეულწილად ყინულის დაძვრას ნიშნავს. არავითარ შემთხვევაში არ ამას ზედმეტ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი, მაგრამ ის, რომ საქართველოსაც გაუგზავნეს, მას შემდეგ, რაც ევროპის საბჭოში საქართველოს მიმართ ბრალდებები გაისმა და ჩვენმა დელეგაციამ სწორი გააკეთა, რომ წულუკიანმა თვითონ გააჩერა სტატუსი. ამ ფონზე, რომ საქართველოს ეს დოკუმენტი გამოუგზავნეს, ეს ნიშნავს, რომ ირიბი, მაგრამ აღიარებაა იმისი, რომ ჩარევის მცდელობებს მხარს არ უჭერენ".
კითხვაზე, რამდენად შეიძლებოდა, რომ სხვა ქვეყნებისთვის გაეგზავნათ დოკუმენტები და ჩვენთვის არა, მამრაძემ გვითხრა:
„რა თქმა უნდა შეიძლებოდა, როგორც შეიძლება, რომ რაღაც ფორუმებზე ყველა დაპატიჟონ და საქართველო არა, ანდა, ჩვენს რეგიონალურ ვიზიტებზე ჩავიდნენ ჩვენს მეზობლებთან და ჩვენთან არა. არ მინდა ვთქვა, მაგრამ ერთთან მაინც ისეთი რეჟიმია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები პირდაპირ ავტორიტარულად აღიარებენ და მაინც საქართველომ დააშავა.
„პირველ რიგში დააშავა ის, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ, კობახიძემ პირდაპირ თქვეს, რომ ევროპის კავშირი სტატუსს და სხვა რესურსებს შანტაჟის ბერკეტად იყენებდა, რასაც დღევანდელი შემადგენლობა ჩვენს ხელისუფლებას არასოდეს არ აპატიებს",- განაცხადა მამრაძემ.