
სტუ-სა და თსუ-ს გაერთიანების საკითხი კვლავ წინააღმდეგობის ცენტრშია - დისკუსიაში ოპოზიციის ბასტიონი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიც ერთვება და საკანონმდებლო ცვლილებებს აკადემიური ავტონომიის საფრთხედ აფასებს. მმართველ გუნდში კი განათლების ხარისხსა და რეფორმის ეფექტურობაზე საუბრობენ.
ისევ წინააღმდეგობის ცენტრად რჩება სტუ-სა და თსუ-ს გაერთიანების საკითხი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორ დავით გურგენიძის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე მინისტრი გაეცნობა აკადემიური წრის მოსაზრებებს, საერთო პოზიციას შეაჯერებს, შემდეგ კი პრემიერს წარუდგენს.
მანამდე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ თსუ-სა და სტუ-ს წარმომადგენლებთან გამართა სამუშაო შეხვედრა, რომელსაც დაესწრნენ ლექტორები, პროფესორები და აკადემიკოსები.
აკადემიური სფეროს წარმომადგენლებთან კონსულტაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც 29 იანვარს ცნობილი გახდა გადაწყვეტილება ამ ორი უდიდესი უნივერსიტეტის გაერთიანების თაობაზე.
გარდა ამისა, 6 თებერვალს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა გაავრცელა ვრცელი განცხადება, საგანმანათლებლო რეორგანიზაციასთან დაკავაშირებით.
„საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით, რომელიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციას ითვალისწინებს, მთავრობამ დაიკანონა უფლება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინსტიტუციური ავტონომიის მოშლისა და აკადემიური თავისუფლების შეზღუდვისთვის," - ნათქვამია ილიაუნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კოლეგიური ორგანოები მიუღებლად მიიჩნევენ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლთან.
როგორც აკადემიკოსმა და თსუ-ს პროფესორმა ალექსანდრე შენგელაიამ აღნიშნა, ასეთი მასშტაბის უნივერსიტეტების შეერთება გამოიწვევს საგანმანათლებლო პროგრამებისა და აკადემიური პერსონალის ცვლილებებს, რაც, მისივე შეფასებით, უკიდურესად რთული და მრავალწლიანი პროცესია.
- „ამხელა უნივერსიტეტის შეერთება გამოიწვევს პროგრამების ცვლილებას, პერსონალის ცვლილებებს. ეს იმდენად რთული პროცესია, რომ ამას შეიძლება წლები დასჭირდეს. რაც მთავარია, გაუგებარია, საბოლოოდ, რა შედეგს მივიღებთ. როცა არ ვიცით მიზანი და საშუალებები რითაც უნდა მივაღწიოთ ამას. ამხელა შეშფოთების შემოტანა ჩვენს უნივერსიტეტსაც დააზიანებს", - განაცხადა აკადემიკოსმა.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს რეფორმები განათლების ხარისხს გააუმჯობესებს.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი კი იმ აქტივიატებზე საუბრობს, რომლებიც, მისი თქმით, სტუდენტობას არიან ამოფარებული.
„სტუდენტებს, ყოფილი სტუდენტები რომ დღეს აქტივისტები არიან და ისეთი კანონდამრღვევები რომ არიან, რომ 250 000 ლარი ჯარიმა მაქვსო, ამბობენ. ახლა უცებ უნივერსიტეტის თემებით რომ დაინტერესდნენ, ამ აქტივისტებთან რა უნდა ისაუბრო? ამ აქტივისტებს ეზიზღებათ როგორც თსუ, ასევე სტუ. პროფესურაც ეზიზღებათ, რადგან როცა ნახავენ, რომ მათ სასარგებლოს არ ამბობენ, პირდაპირ ადამიანურ შეურაცხყოფას აყენებენ. იმ უნივერსიტეტების რექტორებიც და სტუდენტებიც ეზიზღებათ, რადგან მათთან ერთად ძალადობრივ აქციაზე არ გამოდიან. ანუ, ყველა ეზიზღებათ და თან ვითომ მათ იცავენ", - განაცხადა პაპუაშვილმა.