
მოსკოვში გენერლის მკვლელობის მორიგი მცდელობა განხორციელდა. ამჯერად, სიკვდილს გენერალ ლეიტენანტი ვლადიმერ ალექსეევი ებრძვის, რომელსაც უცნობმა თავმდასხმელმა რამდენჯერმე ესროლა. ჯერჯერობით უცნობია ვინ დგას ამის უკან, თუმცა გამომძიებლები არ გამორიცხავენ თავდამსხმელს კავშირი ჰქონოდა უკრაინის სადაზვერვო სამსახურებთან.
კილერმა ალექსეევს რამდენჯერმე ესროლა და გაიქცა. მსროლელი გენერალს ერთი სართულით ზემოთ მდებარე კიბეზე ელოდა. სროლა მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთით, ვოლოკოლამსკოეს გზატკეცილზე მდებარე შენობის ლიფტის ფოიეში, დაახლოებით დილის 7-ზე საათზე განხორციელდა.
მეზობლებმა დაჭრილი მამაკაცისთვის სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. მედიის ცნობით, მეზობლებმა ჯერ გასროლის ხმა გაიგეს, შემდეგ კი ხმამაღალი კივილი. მათი თქმით, თავდასხმის შემდეგ მთელი სართული სისხლით იყო დაფარული.
რუსული არხების ცნობით, ალექსეევი რეანიმაციაში იმყოფება, ტყვიებმა სასიცოცხლო ორგანოები გახვრიტა, ექიმები გენერლის გადარჩენას ცდილობენ.
უსაფრთხოების სამსახურების წყაროებმა გამოცემა „კომერსანტს" დაუდასტურეს, რომ გენერალი ალექსეევი შეიარაღებულ პირს მაშინ შეხვდა, როდესაც ის ბინიდან დილის შვიდ საათზე გამოდიოდა - მის ჩვეულ სამუშაო დროს. მას ბინის წინ მძღოლით მომსახურე მანქანა ელოდა. გაზეთის წყაროების ცნობით, გენერალი პირველი ორი გასროლით ხელსა და ფეხში დაიჭრა, თუმცა მან შეიარაღებული პირისთვის პისტოლეტის წართმევა სცადა, რა დროსაც მკერდში მესამედ ესროლეს.
საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ადგილზე მუშაობენ სასამართლო ექსპერტიზის ექსპერტები, რომლებიც კითხავენ მოწმეებს და იკვლევენ ვიდეოთვალთვალის ჩანაწერებს. გამომძიებლები ადგენენ და ეძებენ მსროლელს, ასევე თავდასხმის შესაძლო თანამზრახველებსა და ორგანიზატორებს.
„კომერსანტი" იუწყება, რომ გამომძიებლები არ გამორიცხავენ თავდამსხმელის კავშირს უკრაინის სადაზვერვო სამსახურებთან. თუ ეს დადასტურდება, სისხლის სამართლის საქმე შეიძლება გადაკვალიფიცირდეს, როგორც ტერორიზმი და ღალატი.
ალექსეევი გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებს. 2017 წელს მას რუსეთის გმირის წოდება მიენიჭა.
2023 წლის ზაფხულში, აჯანყების დროს, მან მონაწილეობა მიიღო მოლაპარაკებებში კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის" დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინთან.
მედიაში ალექსეევს უკრაინაში რუსული „მოხალისეთა" ფორმირებების ერთ-ერთ მთავარ კურატორს უწოდებდნენ.
ეს მოსკოვის ოლქში გენერლის მკვლელობის მეოთხე მკვლელობის მცდელობაა 2024 წლის დეკემბრიდან, როდესაც აფეთქების შედეგად დაიღუპა რუსეთის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი იგორ კირილოვი. პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ინციდენტს რუსეთის სამართალდამცავი და სადაზვერვო სააგენტოების „სერიოზული ჩავარდნა" უწოდა .
ამასთან, 2025 წლის დეკემბერში მოსკოვში ავტომობილის აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა და მძიმედ დაიჭრა რუსეთის გენერალური შტაბის ოპერატიული მომზადების დეპარტამენტის უფროსი, გენერალი ფანილ სარვაროვი.