
რა ბერკეტი გააჩნია სახელმწიფოს იმისთვის, რომ საკუთარი მოქალაქეები მედიკამენტების გაძვირებისა და ხელოვნური დეფიციტისგან დაიცვას? იცოდით, რომ გარკვეულ მედიკამენტებზე დეფიციტი ხელოვნურად იქმნება, რადგან სხვა გაიყიდოს? ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ამ პრობლემის მოსაგვარებლად, საჭიროა ესენციური (აუცილებლად საჭირო ნუსხა) მედიკამენტები განისაზღვროს, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს აფთიაქებში. რაც შეეხება დარგის სპეციალისტებს, აქ აზრი ორად იყოფა: ნაწილი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ მკაცრად უნდა გააკონტროლოს სააფთიაქო ბიზნესი, ხოლო მეორე ნაწილი ამ პრობლემის გადაჭრის ერთადერთ გზას ყოვლისმომცველ ფარმაცევტულ რეფორმაში ხედავს.
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ტელეეთერში ამ თემაზე ვრცლად ისაუბრა და დაადასტურა, რომ ხშირია ცუდი პრაქტიკა, რომელიც გვხვდება აფთიაქებში. მინისტრის განცხადებით, ბაზარზე, ერთ მედიკამენტზე დეფიციტი იქმნება იმიტომ, რომ გაიყიდოს სხვა დასახელების წამალი.
„მაგალითად, ხელოვნურად შექმნილი დეფიციტების დასაზღვევად, ესენციური მედიკამენტების სია უნდა განისაზღვროს, ანუ ის მედიკამენტები, რომლებიც აუცილებელია და უნდა იყოს აფთიაქში. შეიძლება, ეს ვალდებულებად ჩამოყალიბდეს.
სამწუხაროდ, ფსიქოტროპულ მედიკამენტებზე ფასების გაიაფების შემდეგ, მოგეხსნებათ, გასულ წელს დაიწყო ეს რეფორმა და ძალიან სწრაფად მოგვცა დიდი შედეგი, ამ ფონზე იყო გარკვეული მცდელობები და ზოგიერთ შემთხვევაში წავაწყდით, რომ რეალურად მარაგი აქვს, ეს თან კარგად კონტროლირებადია და გარკვეულ მიზეზთა გამო, შეიძლება იქ მისული ბენეფიციარს უთხრან, რომ დეფიციტია და მარაგში არ არის. ასეთი რაღაცები ხდება, ამას სჭირდება, ბრძოლა და რეალურად ეს რეგულირებადია“, - განაცხადა სარჯველაძემ
მინისტრმა პირდაპირ განაცხადა, რომ გარკვეული ინციდენტები იყო, როდესაც დაურეკავს პაციენტს, უთქვამს, კონკრეტულ აფთიაქში, კონკრეტული მედიკამენტი არ არის ხელმისაწვდომი და შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე ხელმისაწვდომია. დაახლოებით, ერთ საათში, როდესაც სამინისტროს წარმომადგენლები გამოცხადდნენ ადგილზე, დაათვალიერეს და აღმოაჩინეს, რომ იქ ეს მედიკამენტი ინახება.
დიახ, ამგვარ ფაქტებს თითოეული ჩვენგანიც შევსწრებივართ და მეტიც, დიდი ალბათობით, შეგვხებია კიდეც. პრობლემა ძალიან სერიოზული, მასშტაბური და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან საქმე ეხება ადამიანის ჯანმრთელობას. ცხადია, მედიკამენტები ხარისხიანიც უნდა იყოს და ხელმისაწვდომიც.
პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ პრობლემა მართლაც მასშტაბურია.
„ეს თემა მეც მეხება, ჩემს ოჯახშიც არის მოხუცებული, ახალგაზრდა, ბავშვი - მედიკამენტები ყველას გვჭირდება და დაზღვევა რომ არ მქონდეს, გამიჭირდებოდა. პრობლემა ისაა, რომ ყველას არ აქვს ძვირადღირებული სადაზღვევო პაკეტის შეძენის საშუალება და ბევრია დაზღვევის გარეშე. დიახ, ვიცით, რომ საყოველთაო ჯანდაცვის დაზღვევის სახელმწიფო პაკეტები არაჩვეულებრივია, მაგრამ ეს არ ეხება გამოკვლევებს - ამბულატორიასა და მედიკამენტებს.
წარმოიდგინეთ, საავადმყოფოში წევს ადამიანი, სჭირდება ძვირადღირებული ოპერაცია, საყოველთაო დაზღვევის საშუალებით, გაიკეთა ოპერაცია, დახარჯა ათიათასობით ლარი, მაგრამ საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ, შედის აფთიაქში და იმდენად კატასტროფული ფასი ხვდება მედიკამენტებზე, რომ ოპერაციისთვის მიღებული დახმარების გამო, მადლიერების ნაცვლად, ეს ხალხი გვსაყვედურობს“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას ჩიბურდანიძემ.
მედიკამენტების სიძვირე არის მასშტაბური პრობლემა, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მძიმე ტვირთად აწევს მხრებზე, თუმცა არის კიდევ ერთი, სერიოზული პრობლემა, რასაც თითოეული მოქალაქე აწყდება. ეს ეხება სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული მედიკამენტების ხელოვნურად დამალვას:
„თურქული მედიკამენტები, რომლებიც საკმაოდ მაღალხარისხიანია, სუბსიდირებულია სახელმწიფოს მიერ, რათა ხალხისთვის იყოს ხელმისაწვდომი. შევდივარ აფთიაქში და ვუყურებ, როგორ ემსახურებიან ხალხს (ნებისმიერ აფთიაქში ასე ხდება). დავუშვათ, სჭირდება მოქალაქეს სუბსიდირებული მედიკამენტი, არასდროს ურჩევს ფარმაცევტი თურქულ მედიკამენტს, არადა ადრე იყო მითითება, რომ ჯერ თურქული შეეთავაზებინათ და მერე სხვა. სთავაზობენ გერმანულ, ფრანგულ ან სხვა რომელიმე ქვეყნის მედიკამენტებს კატასტროფულ ფასად. როდესაც აფთიაქში ვარ, ვეუბნები ფარმაცევტს, რომ თურქული შესთავაზოს, ის კი მპასუხობს, თვითონ უნდა მითხრასო. ეს არის სერიოზული დარღვევა. მათ აქვთ სახელმწიფოსგან მითითება და ბრძანება, რომ თურქული მედიკამენტები სუბსიდირებულია და ხალხს უნდა შეეხოს ეს სუბსიდირება. ამას სჭირდება სერიოზული კონტროლი“, - აღნიშნა ჩიბურდანიძემ.
მას იმედი აქვს, რომ სახელმწიფო ამ საკითხშიც ისეთივე მკაცრი იქნება, როგორც კორუფციასთან ბრძოლის დროს. თუ ეს საკითხი არ დარეგულირდება, სხვაგვარად, ხალხი კაყოფილი ვერ იქნება, რადგან არ არსებობს ოჯახი, რომელსაც შეხება არ ჰქონდეს აფთიაქებთან.
„მივესალმები ხელისუფლების მიერ დაწყებულ მკაცრ კონტროლს და რეგულაციებს სააფთიაქო ბაზარზე. სოციალურ პოლიტიკას მართავს სახელმწიფო და არა კერძო ბიზნესი. სახელმწიფო ვალდებულია, რომ აიღოს პასუხისმგებლობა, რასაც აკეთებს კიდეც დღეს, ფასების დამარეგულირებელი კომისიის შექმნის სახით, რათა სააფთიაქო ბაზარი გაკონტროლდეს მაქსიმალურად, რომ ხალხს შეეძლოს მედიკამენტების ყიდვა“, - განუცხადა „რეზონანსს“ თამარ ჩიბურდანიძემ.
განსხვავებული პოზიცია აქვს მედიცინის ექსპერტს, თინა ტურძილაძეს, რომელმაც „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ წამლებზე ფასები ლოგიკის ფარგლებშია. ჩვენს კითხვაზე, მაშ, რა იწვევს წამლების სიძვირეს საქართველოში, თინა ტურძილაძემ გვიპასუხა:
„წამლის საბოლოო ფასი ყალიბდება მიწოდების მთელ ჯაჭვში - მწარმოებლიდან დაწყებული, იმპორტისა და ლოგისტიკის ხარჯებით გაგრძელებული და შიდა დისტრიბუციისა და საცალო რეალიზაციის ეტაპებზე დამატებული მარქაფებით დასრულებული. როდესაც წამალი საქართველოში უფრო ძვირი ღირს, ვიდრე მსგავსი ეკონომიკური შესაძლებლობებისა და ჯანდაცვის სისტემის მქონე სხვა ქვეყნებში, პრობლემა უმთავრესად არა გარე, არამედ შიდა მიწოდების ჯაჭვში უნდა ვეძებოთ.
საქართველოს ფარმაცევტულ მიწოდების ჯაჭვს აქვს სერიოზული სტრუქტურული პრობლემები - ჰოლდინგური კონცენტრაცია, ქსელური აფთიაქების დომინაცია და ამ გზით შექმნილი საბაზრო ძალაუფლება. ერთ-ერთი (ცხადია, არა ერთადერთი) მნიშვნელოვანი მიზეზი, სწორედ არსებული სააფთიაქო პრაქტიკაა“, - განუცხადა „რეზონანსს“ თინა ტურძილაძემ.
მისი თქმით, საქართველოს კანონმდებლობით, აფთიაქი არის სპეციალიზებული სავაჭრო ობიექტი (და არა ჯანდაცვის დაწესებულება); იგი სამართლებრივად არ არის კვალიფიცირებული ჯანდაცვის სერვისის მიმწოდებლად. ამასთან, ფარმაცევტული საქმიანობა, საექიმო საქმიანობისგან განსხვავებით, არ მიეკუთვნება რეგულირებად პროფესიულ საქმიანობას. თინა ტურძილაძე დასკვნით, წამლების რეალიზაცია სრულად ექცევა კომერციული ლოგიკის ფარგლებში.
„რა თქმა უნდა, მედიკამენტების წარმოება და მათი მიწოდება ჯანდაცვის სისტემისთვის არის დიდი ბიზნესი, თუმცა სააფთიაქო საქმიანობა არ უნდა იყოს ბიზნესი! განვითარებულ ქვეყნებში აფთიაქი არ განიხილება ბიზნესად. ყველა განვითარებულ ქვეყანაში, აფთიაქი არის პირველადი ჯანდაცვის ნაწილი და ახორციელებს ფარმაცევტულ ზრუნვას. ასეთ სისტემებში ფარმაცევტს ევალება პაციენტისთვის გენერიკული, ბიოეკვივალენტური ალტერნატივის შეთავაზება, სწორი მოხმარების კონსულტაცია და მკურნალობის უსაფრთხოების მხარდაჭერა.
საქართველოში ეს პრაქტიკა, არსებული სააფთიაქო მოდელის პირობებში, სისტემურად ვერ განხორციელდება. სააფთიაქო კონცეფციის ცვლილების გარეშე, წამლებზე ხარჯების შეკავებას ექნება მოკლევადიანი ეფექტი, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ ბიზნესი ყოველთვის იპოვის ფასის გაზრდის ახალ მექანიზმს მიწოდების ჯაჭვში. ამიტომ, გამოსავალი არის ყოვლისმომცველი ფარმაცევტული რეფორმა“, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას თინა ტურძილაძემ.