ნატალია ჯვარიძე
05.02.2026

პრემიერი ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში ტექნიკური მიმართულება იქცა გერად და ეს უნდა შეიცვალოს, ამასთან გეგმავს, თსუ-ს აღუდგინოს ის „მდგომარეობა", რაც თავის დროზე მისმა დამაარსებელმა ივანე ჯავახიშვილმა შექმნა.

ხუთშაბათს დუბაიში მყოფმა პრემიერმა საერთაშორისო ურთიერთობებზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება ევროპის მხრიდან ზეწოლაზე, თქვა, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება ჩვენთვის სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევდა.

დაამატა, რომ ნებისმიერ თემაზე დისკუსიისთვის მზად არის.

„ჩვენ გაცხადებული გვაქვს მიზანი, ეს მიზანი არის ის, რომ საქართველო გვინდა გახდეს საბოლოოდ ევროკავშირის წევრი. რაც შეეხება ნებისმიერ თემასთან დაკავშირებულ დისკუსიას, ამისათვის ვართ მზად, რა პლუს-მინუსები აქვს ნებისმიერ პროცესს, ეს შეგვიძლია განვიხილოთ, თუმცა კონსტიტუციური ამოცანა არის კონსტიტუციური ამოცანა."

პრემიერმა უნივერსიტეტების შეერთებაზე თქვა, რომ პოლიტექნიკური ინსტიტუტი თსუ-ს ერთგვარი შვილი იყო და „როგორც ჩაიფიქრა ივანე ჯავახიშვილმა, ისე უნდა აღდგეს".

  • „43% არის ტექნიკური მიმართულება, ხოლო 57% არის სამართალი, ეკონომიკა, აგრარული და სხვა დისციპლინები, რომელსაც არავითარი შემხებლობა არ აქვს იმ დისციპლინებთან, რომელიც თავის დროზე ისწავლებოდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. ეს არის მარტივი სტატისტიკა.

„კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ ტექნიკური მიმართულება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იქცა გერად, ეს უნდა შეიცვალოს. თავის დროზე ეს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთგვარი შვილი, ასე შეიქმნა, როგორც ერთ-ერთი ფაკულტეტი და ეს მდგომარეობა უნდა აღდგეს. როგორც ჩაიფიქრა ივანე ჯავახიშვილმა, ისე უნდა აღდგეს. თავის დროზე არ დასცალდა მას უნივერსიტეტის განვითარებაზე ზრუნვა, ბოლშევიკური ხაზით დანიშნულმა რექტორებმა ჩაანაცვლეს ივანე ჯავახიშვილი თბილისის რექტორის პოზიციაზე და მის შემდეგ აირია ყველაფერი."

აღნიშნა, რომ საქართველოს წილი რუსეთის ვაჭრობაში არის 0,3 პროცენტი, სანქციების დაწესება მათი მხრიდანაც გამოიწვევდა სარკისებრ სანქციებს და ამას საქართველოსთვის სერიოზული ეკონომიკური უკუეფექტი ექნებოდა.

„ორნიშნა ეკონომიკური ვარდნა იყო მოსალოდნელი ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში. წარმოიდგინეთ, ამას ითხოვდნენ ჩვენგან ევროპული ბიუროკრატიის წარმომადგენლები და თავის დროზე ამერიკული ბიუროკრატიის წარმომადგენლები, რასაც ვერ გავაკეთებდით. ჩვენ საკუთარი ხელით ვერ დავაზიანებდით ჩვენი მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესებს."

კობახიძე „ნეიტრალური საქართველოს" განცხადებას გამოეხმაურა, რომლებიც ევროინტეგრაციაზე დებატებს მოითხოვენ და თქვა, ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით შეიძლება შედგეს ჯანსაღი დისკუსია.

„პოლიტიკურ სპექტრში ძალიან ბევრი სპეკულირებს ყველაფერზე. ზოგადად, რაც შეეხება დებატების შემოთავაზებას, ნებისმიერი სუბიექტისგან ნებისმიერი თემა შეგვიძლია ავიღოთ და ნებისმიერ საკითხზე შეგვიძლია დისკუსია გავმართოთ. მთავარია, რომ ელემენტარული პრინციპები იყოს დაცული. ერთ-ერთი პრინციპია კონსტიტუციური პრინციპის აღიარება. ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით შეიძლება შედგეს ჯანსაღი დისკუსია. აქ საუბარი იმაზე ხომ არ არის, რომ გინდა თუ არა უნდა გადავხედოთ ჩვენს კონსტიტუციურ ამოცანას. საუბარია იმაზე, რომ ყველაფერს აქვს თავისი პლუს-მინუსები და ამაზე შეიძლება შედგეს ჩვეულებრივი ჯანსაღი მსჯელობა - რა პლუს-მინუსები აქვს კონკრეტულად, მაგალითად, ევროინტეგრაციას?"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×