
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ მართალია, ბზარი ურთიერთობებში ამერიკამ გააჩინა, გამოსწორებისკენ ნაბიჯები, პირველ რიგში, ისევ ჩვენ უნდა გადავდგათ, მასშტაბებში სხვაობის გათვალისწინებით. სტუ-სა და თსუ-ს გაერთიანების შეფასებისას კი განაცხადა, რომ მართალია ეს ნაჩქარევი გადაწყვეტილებაა, თუმცა პრობლემები რეალურად არსებობს და ალტერნატიული რეფორმის ჩარჩო, კარგი იქნებოდა, თავად სტუ-ს პროფესურასაც შემოეთავაზებინა.
რამაზ საყვარელიძე: ტრამპამდე და მისი შემდგომი ამერიკა სხვადასხვაა. დემოკრატების ამერიკა აგრესიული იყო ჩვენს მიმართ, მათრახს გვირტყამდა. სწორედ, ამის გამო გაჩნდა ურთიერთობებში ბზარი, ანუ აშშ-მ გააჩინა, თორე ჩვენ არ ვართ ისე ქვეყანა, რომელიც მას რაიმეს ვატკენთ. ამერიკის მათრახი ჩვენ გვეტკინება, მაგრამ ჩვენი მათრახი მას არ ეტკინება.
გახსოვთ ალბათ, სანქციები პოლიტიკოსების, მოსამართლეების და პოლიციელების მიმართაც კი იყო. ამ ფონზე რა თქმა უნდა, ურთიერთობები შეიცვალა. კაცმა რომ თქვას, ურთიერთობების აღდგენის ინიციატორი აშშ უნდა იყოს, რადგან მისმა ნაბიჯებმა გამოიწვია გაფუჭება. თუმცა დიდი ქვეყანაა და ვერ მოსთხოვ, რომ საკუთარი თავი დაადანაშაულოს ამ ტიპის მოვლენებში და მერე გამოასწოროს კიდეც. ისევ ჩვენ უნდა ვცადოთ, რომ მათ მიერ გაჩენილი უფსკრული ამოივსოს. ეს არის ამოცანა და ვხედავთ, რომ იდგმება კიდეც გარკვეული ნაბიჯები. თუმცა იმასაც ვამჩნევთ, რომ თვითონ ამერიკაში ბევრი ცდილობს ურთიერთობის გაფუჭებას, თუნდაც ჯო უილსონი.
ვნახოთ როგორ წავა საქმე, მაგრამ ამერიკას უფრო მნიშვნელოვანი საკითხები აქვს მოსაგვარებელი, მაგალითად ირანსა და ჩინეთთან მიმართებაში. არ იქნება მართებული, რომ ამ ამბებში გახლართულ ამერიკას ჩქარი პასუხი მოვთხოვოთ.
„რეზონანსი": „ქართული ოცნების" მიერ ბოლოს დროს მიღებულმა რეფორმებმა როგორ იმოქმედა მის რეიტინგზე?
რ.ს: ვერ გეტყვით ზუსტად როგორია ახლა ხელისუფების რეიტინგი და შეიძლება ვერც ვივარაუდო, რადგან ეს რეიტინგები საყურადღებოა საარჩევნო მომენტისთვის, თორემ შუაში ყველა პოლიტიკურ აქტორს უვარდება რეიტინგი. არ გამოვრიცხავ, რომ ამ სირთულეებმა ასეთი მოვლენა გააჩინოს, „ოცნებას" რეიტინგი შეუმცირდეს, მაგრამ არამგონია ეს გამოუსწორებელი იყოს მარტივი მიზეზის გამო - საარჩევნოდ თუ ვინმე მის რეიტინგს ვერ გაუსწრებს, დღვანდელ რყევებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.
„რ": თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების იდეა რომ შეაფასოთ, როგორ ფიქრობთ, ექნება თუ არა ინიციატივის წინააღმდეგ დაწყებულ საპროტესტო მოძრაობას რეალური შედეგი?
რ.ს: უნდა გაერთიანდეს თუ არა უნივერსიტეტები, ვერ შევაფასებ, რადგან არ ვარ ამ საკითხში დიდად ჩახედული, თუმცა მე რაც ვიცი, არსებობს გაერთიანების კარგი მაგალითებიც და ცუდიც. სამწუხაროდ, „ოცნების" ეს ინიციატივა ისე დაიდო, რომ წინ არაფერი უძღვოდა - პირობების შესწავლა, თუ რა პრობლემები არსებობდა, რა გადაწყდებოდა გაერთიანებით და ა.შ. ამ გაუგებრობამ გამოიწვია ემოციების ტალღა უფრო მეტად, ვიდრე თვითონ ფაქტმა.
მე მივსალმები იმ ვარიანტს, რომ ახლა მაინც და მაინც სისრულეში არ მოიყვანონ ეს განზრახვა, რადგან ბევრი რამეა დასაზუსტებელი. უმჯობესია დაიწყონ მსჯელობა. სხვა ქვეყნებში, როცა ასეთი გაერთიანება ყოფილა, ხშირად მსჯელობის პერიოდი წლები გაგრძელებულა. ხშირად ასეთ გადაწყვეტილებას დისკუსია წინ უძღვის, ზოგჯერ კი შემდგომ.
არ ვიცი ექნება თუ არა პროტესტს შედეგი, რადგან ძალიან ბევრი თავისებურებაა, რაზედაც კობახიძემ მიანიშნა, თავად ამ ლექტორების ბრალიცაა. რეალურად პრობლემები მართლაც არსებობს, დაუტვირთავი შენობებია. როგორც მოგეხსენებათ,
- სააკაშვილმა დედამისს გადასცა მთელი უნივერსიტეტი, რომელიც სხვათაშორის, გაწკრიალებულია. მათ მოუარეს იმ შენობას, რაც მიიღეს. სახელმწიფო არ ჩარეულა იმ შენობის მოწესრიგებაში და აგერ, გეპეის ვუყურებთ, სადაც ბევრი რამე მოუვლელია. ასე რომ, იმ პროფესორ-მასწავლებების კისერზეც არის იმ მდგომარეობის ცოდვა, რამაც ამ გადაწყვეტილების მიღება განაპირობა.
ანალოგიური მახსენდება, როცა ერთ დროს იყო იდეა და მერე ჩაქრა - მოდით, მეცნიერებათა აკადემია გავაუქმოთო. ბუნებრივია, ამან გამოიწვია თანამშრომლების და აკადემიკოსების პროტესტი. მაშინ დაიწყო საუბარი, კი მაგრამ გაუქმებაზე თუ მიდის ლაპარაკი, აკადემიის მხრიდან ერთი წინადადება მაინც რატომ არ არის იმის თაობაზე, რა რეფორმაა გასატარებელი? თქვენზე კარგად ეს სხვამ ხომ არ იცის, რა რეფორმა მოუხდება აკადემიას? ამ ტიპის საკითხის დასმა აქაც შეიძლება. თუ ვთანხმდებით, რომ უნივერსიტეტს რეფორმები სჭირდება, თქვენ რატომ არ იფიქრეთ ამაზე? ასე რომ, ბრალეულობა მარტო ხელისუფლების მხარეს არ არის.