
„მოსკოვის მექანიზმით" გათვალისწინებული ეუთო-ს ექსპერტთა მისია დაკომპლექტების პროცესშია და ჯგუფის წევრები მუშაობას დანიშვნიდან უმოკლეს ვადაში დაიწყებენ. ჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რა ფაქტები გახდა საქართველოსთან მიმართებით ამ მექანიზმის გაქტიურების მიზეზი, თუმცა მანამდე მისიის ქვეყნებმა მიუთითეს საქართველოში ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე.
მოსკოვის მექანიზმი ფაქტების შემსწავლელი მისიაა, რომელიც საერთაშორისო ექსპერტებისგან კომპლექტდება, ჯგუფი დაკითხავს მოწმეებს, მხარეებს, შეისწავლის დოკუმენტებს, საჯარო წყაროებს და აკეთებს სამართლებრივ ანალიზსა და დასკვნას.
„მოსკოვის მექანიზმი" შესაძლებლობას აძლევს ეუთოს წევრ ქვეყნებს, კონკრეტული ქვეყნის ოფიციალური ნებართვის მიუხედავად, გამოიძიონ სერიოზული ბრალდებები ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ ამა თუ იმ ქვეყანაში. მექანიზმი 1991 წელს დაარსების დღიდან უკვე მეჩვიდმეტედ ამოქმედდა.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს არის ყველაზე მკაცრი ინსტრუმენტი, რომელიც ეუთოს ქვეყნებს აძლევს საშუალებას რეაგირება მოახდინოს ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე.
საგარეო უწყების ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი ამბობს,რომ ხელისუფლებას „არაფერი აქვს დასამალი".
- „ჩვენ ღია ვართ და არაფერი გვაქვს დასამალი. ჩვენი ხელისუფლება იცავს საკუთარი ხალხის და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს. და თუკი ეუთოს გარკვეული მექანიზმების ფარგლებში, ვინმეს აინტერესებს თუ რას აკეთებს საქართველო, მათ შეუძლია ჩამოვიდნენ, ნახონ, ესაუბრონ ყველას და შეაფასონ პროცესები.
„რამდენად ობიექტური იქნებიან ის ექსპერტები, რომლებსაც შეარჩევენ და რამდენად ობიექტურად შეაფასებენ ამ ყველაფერს, ეს კიდევ მეორე საკითხია. მაგრამ ჩვენი მხრიდან მზად ვართ, თუკი ვინმეს აინტერესებს, გავუზიაროთ ჩვენი მოსაზრებები ნებისმიერ საკითხზე", - თქვა ბოჭორიშვილმა „იმედის" ეთერში.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე „რეზონანსთან" აცხადებს, ნაკლებად სავარაუდოა, „ოცნებამ" ექსპერტთა ჯგუფს ქვეყანაში მუშაობაზე უარი უთხრას, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არ მოუწვევია.
„ეს ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ უპრიანი იქნება საქართველოში ისეთი დასავლელი აქტორების არშემოშვება, რომლებიც დეკლარირებულად ანტიქართული რიტორიკით არიან დაკავებულები. თუ არ ვცდები, რამდენიმე ასეთი შემთხვევა იყო ჟურნალისტებთან დაკავშირებით. კარგი იქნება, რომ მაგალითად ისეთი ადამიანები, როგორებიცაა ლორა თორნტონი და მისი სხვა ევროპელი კოლეგები თავიანთ ქვეყნებში აეროპორტიდანვე გააბრუნონ.
„ევროპარლამენტი კორუფციის ჭაობია, ახლა ვაშინგტონიდან ირკვევა, რომ ჰელსინკის კომისიაც ჩართულია უცხოელი გარე აქტორების ზეგავლენის მხრივ. ჰელსინკის კომისია, სადაც საქართველოსაც ამუნათებენ ხოლმე, იქაც არაკეთილსინდისიერი პოლიტიკოსები მოღვაწეობენ.
„მისიის დასკვნა რომ ბი-ბი-სის სამარცხვინო სიუჟეტს შევადაროთ, საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე რამე გავლენა ჰქონდა? ეს მხოლოდ რადიკალების ამბიციების დასაკმაყოფილებლად გაკეთდა. დასკვნას ისეთივე გავლენა ექნება, როგორც აკაცუკები და ათეულობით სხვა რადიკალი საღამოობით რუსთაველზე დადიან. დასავლელმა აქტორებმა დაივიწყონ ის, რომ თითქოს საქართველოს რაღაც დასკვნების ეშინია, რეზოლუციების და განცხადებების, ეს დრო დიდი ხანია დამთავრდა და თანამედროვე რეალობას შეეგუონ, და იმ გამოწვევებს გაუმკლავდნენ, რაც აშშ-ევროკავშირის დაპირისპირებაში იკვეთება და რაც ევრობლოკში არსებობს."
„ინტერპრესნიუსმა" ამ მექანიზმის ამოქმედების საკითხზე ეუთოს რამდენიმე კითხვით მიმართა. როგორც იქ ამბობენ, „მოსკოვის მექანიზმის" პირობების შესაბამისად, ექსპერტები მუშაობას მათი დანიშვნიდან უმოკლეს ვადაში დაიწყებენ და აქტივობებს წინასწარ, მექანიზმით განსაზღვრული დროის მონაკვეთში განახორციელებენ. მათივე ინფორმაციით, „მოსკოვის მექანიზმით" გათვალისწინებული ექსპერტთა მისიის საქართველოში ჩამოსვლის კონკრეტული დრო ახლა ზუსტდება.
„მოსკოვის მექანიზმის" შესაბამისად, მისია დაკომპლექტებული იქნება დამოუკიდებელი ექსპერტებისგან, რომლებსაც ეუთოს მონაწილე სახელმწიფოები ეუთოს შესაბამისი პროცედურების მიხედვით შეარჩევენ. ექსპერტების მისიის მასშტაბი განისაზღვრება „მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედების კონკრეტული პირობებით", - ნათქვამია ეუთოს მიერ „ინტერპრესნიუსისთვის" გამოგზავნი პასუხში.
ამასთან, წერილში აღნიშნულია, რომ „მოსკოვის მექანიზმი" მისი ჩამოყალიბების მომენტიდან 17-ჯერ არის ამოქმედებული სხვადასხვა ქვეყნის მიმართ ადამიანის უფლებების სერიოზულ პრობლემებთან მიმართებით.
ეუთო არ საუბრობს, კონკრეტულად რა ფაქტები გახდა საქართველოსთან მიმართებით „მოსკოვის მექანიზმის" ამოქმედების რეალური საფუძველი და აღნიშნავს, რომ „როდის და რა ფორმით მოხდება მექანიზმის გააქტიურება, მთლიანად ეუთო-ს მონაწილე ქვეყნებზეა დამოკიდებული".
- იანვრის ბოლოს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ „მოსკოვის მექანიზმი" ეუთო-ს 24-მა მონაწილე ქვეყანამ გაააქტიურა, თუმცა წერილში ორგანიზაცია მიუთითებს, რომ საქართველოში ექსპერტთა მისიის გამოგზავნას 23 ქვეყანა შეუერთდა. ეუთო არ ახსენებს ბოსნია-ჰერცეგოვინას.