მარიამ ვეკუა
05.02.2026

 ტრამპი: „ჩემ შესახებ არაფერი [მაკომპრომეტირებელი] არ გამოაშკარავებულა",

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულმა მილიონობით დოკუმენტმა ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე კითხვები უფრო გააღრმავა - მიუხედავად იმისა, რომ ახალი სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი ვერ მოიძებნა, კონგრესში გამოძიება გრძელდება, გავლენიანი ფიგურები ჩვენებისთვის ემზადებიან, ხოლო ნაწილობრივ გაუმჟღავნებელი ფაილების ირგვლივ პოლიტიკური და საზოგადოებრივი დაძაბულობა იზრდება.

ბოლო ორი თვის განმავლობაში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა მილიონობით დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლებიც ჯეფრი ეპშტეინის წინააღმდეგ სექს-ტრეფიკინგის გამოძიებას ეხებოდა.

აშშ-ის გენერალური პროკურორის მოადგილე ტოდ ბლანშმა განაცხადა, რომ მთავრობის მიერ ეპშტეინის ფაილების განხილვა, რომელიც კონგრესის მიერ ნოემბერში მიღებული კანონით იყო სავალდებულო, დასრულდა და ახალი სს დევნის საფუძველი არ არსებობს.

„ბევრი მიმოწერაა. ბევრი ელფოსტაა. ბევრი ფოტოა", - თქვა ბლანშმა კვირას. „მაგრამ ეს არ გვაძლევს საშუალებას, აუცილებლად ვინმეს წინააღმდეგ სს დევნა აღვძრათ".

მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის დეპარტამენტის მიმოხილვა შესაძლოა დასრულებული იყოს, კაპიტოლიუმის ბორცვზე წარმომადგენელთა პალატა ეპშტეინის საქმეზე გამოძიებას აგრძელებს. ექსპრეზიდენტი ბილ კლინტონი და ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი თებერვლის ბოლოს ჩვენების მიცემას გეგმავენ, მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელებმა მათ მიმართ კონგრესისადმი უპატივცემულობის ბრალდება გააჟღერეს.

ამასობაში, კონგრესის წევრები და ეპშტეინის მსხვერპლები ინფორმაციების გამჟღვნებას მოითხოვენ - საუბარია დოკუმენტებზე, რომლებიც, მათი თქმით, არსებობს, მაგრამ გამოქვეყნებულ ფაილებში არ ფიგურირებს.

ინგლისის ყოფილ პრინც ენდრიუ მაუნტბატენ-უინძორს, აშშ-ში დიდი ბრიტანეთის ყოფილ ელჩს, ლორდ პიტერ მანდელსონს და აშშ-ს ფინანსთა ექსმდივან ლარი სამერსს ეპშტეინთან კავშირების გამო პროფესიული და პირადი პასუხიმგებლობა დაეკისრათ.

მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანს, „მაიკროსოფტის" დამფუძნებელ ბილ გეითსს და ტექნოლოგიურ მულტიმილიარდერ ილონ მასკს, სხვებთან ერთად, ელექტრონული ფოსტის მისამართების და გამოქვეყნებულ დოკუმენტებში მათი სახელის მოხსენიების ახსნაც მოუწიათ.

პრეზიდენტმა ტრამპმა კი სამშაბათს, თეთრ სახლში, განაცხადა, რომ „ნამდვილად დროა, ქვეყანა სხვა რამეზე გადაერთოს".

„ჩემ შესახებ არაფერი [მაკომპრომეტირებელი] არ გამოაშკარავებულა", - თქვა ტრამპმა, რომელიც ეპშტეინთან დაკავშირებით მის ბრალეულობას მუდმივად უარყოფს.

პრეზიდენტის სახელი დოკუმენტებში 6000-ზე მეტჯერ არის ნახსენები. მას ეპშტეინი და მისი თანამოაზრეები ხშირად ახსენებდნენ. ყველა ცნობა, მათ შორის ფოტო და ვიდეო მასალა ადასტურებს რომ 1990-იანებში ტრამპსა და ეპშტეინს მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ.

საინტერესოა, რომ დეკემბერში გამოქვეყნებულ ელექტრონულ წერილში ტრამპის მიერ ნახსენები ერთ-ერთი შემთხვევა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა.

„მინდა გააცნობიეროთ, რომ ის ძაღლი, რომელიც არ ყეფს, ტრამპია", - წერდა ეპშტეინი 2011 წელს მსჯავრდებული თანამონაწილის, გისლენ მაქსველისადმი გაგზავნილ ელექტრონულ წერილში. „[მსხვერპლმა] საათობით გაატარა მასთან ჩემს სახლში, ის ერთხელაც არ უხსენებიათ".

ფაილების ბოლო პარტიაში, იუსტიციის დეპარტამენტმა ფედერალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაცია გამოაქვეყნა, მათ შორის ზოგი 2016 წლიდან, როდესაც ტრამპი თავისი პირველი საპრეზიდენტო კამპანიაზე იყო გადართული. ის მოიცავს სექსუალური ძალადობის მრავალ ბრალდებას ტრამპის, ეპშტეინის და სხვა გავლენიანი პირების წინააღმდეგ. საინტერესოა, რომ ეს ინფორმაცია შაბათს იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტების ვებსაიტიდან დროებით გაქრა.

„ზოგი დოკუმენტი პრეზიდენტ ტრამპის წინააღმდეგ არასწორ და სენსაციური ბრალდებებს შეიცავს," - განაცხადა იუსტიციის დეპარტამენტმა ამ კონკრეტული ფაილების შესახებ.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×