
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, პარტიას აქვს ინფორმაცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე სამუშაო ვიზიტით ამერიკაში იმყოფება.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, ამერიკაში ყოფნა დანაშაულს არ წარმოადგენს და გაუგებარია, რატომ არ ხდება ამის პირდაპირი დადასტურება ან უარყოფა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, მსგავსი შემთხვევა ადრე სუს-ის ხელმძღვანელთან, გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებითაც დაფიქსირდა.
მისივე შეფასებით, ხელისუფლებას აშშ-ში გარკვეული პოლიტიკური ინტერესები და მოთხოვნები აქვს, მათ შორის, ურთიერთობების აღდგენისა და გარანტიების მიღების კუთხით. გოგიჩაიშვილის თქმით, მამუკა მდინარაძე სწორედ ამ მიზნებისთვის არის გაგზავნილი.
„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი (მამუკა მდინარაძე) იმყოფება ამერიკაში. სუს-ის ბევრ განცხადებას მოკლე ფეხები აქვს. მდინარაძე არ იყო დამალული ადამიანი მედიასთან და თვითონაც შეუძლია ამასთან დაკავშირებით პოზიცია ჰქონდეს. ვერ ვხდები რა კომპლექსია, რომ თქვან ამერიკაშია ან თქვას, რომ აქ არის. ადრე ყველა კამერას მისდევდა მე-9 მოწვევის პარლამენტში, ასეთი მოთხოვნა ჰქონდა, შესაბამისად, ამას თავისი მტკიცებულება სჭირდება. ჯერ ერთი, ამაში არაფერი დანაშაული არ არის
ჩვენ როდესაც ვთქვით, რომ ლილუაშვილი ამერიკაშია, ის იყო ამერიკაში. ჩვენ ვთქვით ამერიკაშია, სუს-მა თქვა არა, თან ისე თქვეს, თითქოს დანაშაულში ვამხილეთ. რა მოხდა თუ წასულია? გასაგებია, რომ ივანიშვილს რაღაც სჭირდება ამერიკაში. სათხოვარი და სახვეწნი აქვს. გარანტიები და ურთიერთობების აღდგენა სჭირდებათ. მდინარაძე არის სახვეწნად გაშვებული“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
გოგიჩაიშვილის თქმით, პარტიას დამატებითი ინფორმაციაც გააჩნია იმის შესახებ, თუ ვისთან ცდილობენ შეხვედრას ხელისუფლების წარმომადგენლები აშშ-ში, თუმცა დეტალები არ დააკონკრეტა.
„თუ წასულია ეს რანგი და მეორე შემთხვევაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ის (მამუკა მდინარაძე) არის წინა ფრონტი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - უკანა ფრონტი. სხვა ინფორმაციებიც გვაქვს - ვის ხვდება, ვინ არ ხვდება, ვისთან ითხოვდა შეხვედრას“,- განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
გოგიჩაიშვილმა „ქართული ოცნების“ ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ დღეს ფლობს ძალაუფლებას, რადგან პრემიერ-მინისტრი სწორედ ამ პარლამენტმა აირჩია და მას ექვემდებარება სახელმწიფო სტრუქტურები.
ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური რეალობა აღიარებულია.