რეზონანსი
04.02.2026

აბუ დაბიში უკრაინის, რუსეთისა და შეერთებული შტატების სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი დღე დასრულებულია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, რუსტემ უმეროვის პრესსპიკერი, დიანა დავითიანი ავრცელებს.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები 5 თებერვალს გაგრძელდება. თავად რუსტემ უმეროვი კი სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს, რომ სამუშაო იყო არსებითი და პროდუქტიული, ორიენტირებული კონკრეტულ ნაბიჯებსა და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებზე.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის განცხადებით, სამმხრივი შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებების პროცესი სამუშაო ჯგუფურ ფორმატში გაგრძელდა. მისივე თქმით, ახლა უკრაინული დელეგაცია ქვეყნის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის წარსადგენ ანგარიშს ამზადებს.

„ჩემთან ერთად, უკრაინის დელეგაციაში შედიოდნენ კირილ ბუდანოვი, დავიდ არახამია, სერგეი კისლიცა, ანდრეი გნატოვი, ვადიმ სკიბიცკი და ოლექსანდრ ბევზი. აშშ-ის მხრიდან კონსულტაციებს ესწრებოდნენ სტივ უიტკოფი, ჯარედ კუშნერი და ჯოშ გრუნბაუმი, ასევე დენიელ დრისკოლი და გენერალი ალექს გრინკევიჩი. რუსული მხარე მაღალ სამხედრო დონეზე იყო წარმოდგენილი. სამუშაო იყო არსებითი და პროდუქტიული, ორიენტირებული კონკრეტულ ნაბიჯებსა და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებზე. ჩვენ ვამზადებთ ანგარიშს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის,” – წერს უმეროვი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის სამმხრივი მოლაპარაკებების პირველი რაუნდი აბუ დაბიში 23-24 იანვარს გაიმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×