"სასესხო დავალიანებები იზრდება და მისი მომსახურება უფრო და უფრო უჭირს მოსახლეობას"
ქეთო გოგოხია
04.02.2026

სესხებზე დამოკიდებულება მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. თითქმის 2 მილიონ საქართველოს მოქალაქეს აქვს მინიმუმ ერთი სესხი მაინც, იქნება ეს ბანკი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, თუ ლომბარდი, რაც მომხმარებლისთვის დიდი პრობლემაა.  ფაქტია, რომ საქართველოში ყოველ მეორე ადამიანს სესხი აქვს. მოსახლეობის 10% კი „შავ სიაშია“. 

ადამიანები განუწყვეტლივ იღებენ სესხებს როგორც ბანკებიდან, ასევე სხვადასხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან, პარალელურად მატულობს იმ მოქალაქეების რიცხვი, რომლებსაც აღებული ვალდებულების გასტუმრება უჭირთ. სესხხებზე დამოკიდებულება ოჯახებს საშუალებას არ აძლევს, გააკეთონ დანაზოგი, ვინაიდან მთლიანად ვალის  მომსახურებაზე არიან გადასული. ძირითადად ეს ფაქტორი განაპირობებს სიღარიბეს და შინამეურნეობები ვერ ვითარდება. 

 „კრედიტინფო საქართველოს“ 2025 წლის ბოლო, სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, კრედიტებზე ვადაგადაცილება მოსახლეობის 10%-ს უფიქსირდება.

2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საფინანსო სექტორის ვალი 1 981 761 მსესხებელს აქვს, აქედან 30 დღეზე მეტი ვადაგადაცილება უფიქსირდება 369 974-ს. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში იმ ფიზიკური პირების რაოდენობა, რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან, ბოლო ერთი წლის განმავლობაში 1664-ით გაიზარდა. „კრედიტინფოს“ 2025 წლის დეკემბრის სტატისტიკის მიხედვით, ფიზიკური პირები, რომლებსაც  ვადაგადაცილება უფიქსირდებათ, 369 974-ს შეადგენდა, 2024 წლის დეკემბერში კი ე.წ. შავ სიაში 368 310 პირი იყო.

მთავარი პრობლემა, რაც ვალის მომსახურებას ართულებს, ექსპერტ ლია ელიავას შეფასებით, დაბალი შემოსავლებია, ფულზე მოთხოვნა კი იზრდება, რაც პოსტპანდემიური პერიოდის ერთ-ერთი დამახასიათებელი ტრენდია და რიგ რისკებთან არის დაკავშირებული.

,,ადამიანებს ყოველთვის სჭირდებათ და არ ყოფნით ფული. ამის მიზეზი დაბალი შემოსავალია. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ბევრი მიმართავს საკრედიტო დაწესებულებას. ეს არ იქნებოდა ცუდი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები რომ არ ქმნიდეს პრობლემას", - აღნიშნა ელიავამ ,,რეზონანსთან".

მისი თქმით,  სესხების საპროცენტო განაკვეთებიოს ზრდა გამოწვეულია ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების საკმაოდ მაღალი განაკვეთებით, რამაც იქონია კომერციული ბანკების სესხებზე გავლენა. მეორე მთავარი პრობლემა კი ინფლაციაა.

,,კომერციუული ბანკები ყოველთვის ცდილობენ დაიცვან კრედიტები ინფლაციური პროცესისგან და ზრდიან საპროცენტო განაკვეთებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ეკონომიკის შთამბეჭდავი ზრდის მიუხედავად, შემოსავლები არ იზრდება, ხალხს უნდა ნორმალური ცხოვრება და შესაბამისად , სესხს იღებს. სამწუხაროდ, არ აქვს ხალხს განკარგვადი შემოსავალი.  რამდენი იქნება საბოლოდ მომხმარებლების დავალიანება, რამდენი სესხი დაბრუნდება და რამდენი - ვეღარ, რთულად საპროგნოზოა. ინტენსიურად ვადევნებთ თვალს და ვხედავთ, რომ სასესხო დავალიანებები იზრდება და მისი მომსახურება უფრო და უფრო უჭირს მოსახლეობას", - განაცხადა ელიავამ.

აღსანიშნავია, რომ ვალაუვალობა ბანკების მიერ გამოწვეული  პრობლემა არ არის და ყველაზე  მეტი პრობლემური ვალდებულებები სესხის ამომღებ კომპანიებშია აკუმულირებული. პრობლემას სოციოლოგი პაატა აროშიძე ქვეყანაში არსებულ სოციალურ მდგომარეობას უკავშირებს. მისი შეფასებით, საზოგადოებრივი დოვლათი და ეკონომიკური ზრდის სარგებელი არათანაბრად ნაწილდება, რის გამოც ხალხს ხშირად ყოველდღიური მოთხოვნების დაკმაყოფილებაც ნასესხები თანხით უწევთ.  ,,ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 10%, ფაქტობრივად, პრობლემური სესხის ქვეშაა. ეს აჩვენებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა, მშპ-ს ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, არასახარბიელოა. ,,კრედიტ ინფო" ამ მონაცემს ყოველთვიურად აქვეყნებს, საჯაროა და წლიდან წლამდე ამ ადამიანების რაოდენობა არ მცირდება.

სამწუხაროდ, ეკონომიკური ზრდა ვერ აღწევს მოსახლეობამდე და პირველადი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლადაც ხშირ შემთხვევაში ადამიანებს სესხის აღება უწევთ", - განუცხადა აროშიძემ ,,რეზონანსს".

მისი თქმით,  მნიშვნელოვანია, რომ გამსესხებლებმა სათანადოდ შეისწავლონ მომხმარებლების საკრედიტო ისტორია, მათი გადახდისუნარიანობა, ხოლო გრძელვადიან პერიოდში ქვეყანა უნდა იზრდებოდეს სტაბილურად და არა ერთი სექტორის ხარჯზე.

,,არასამართლიანად ნაწილდება შემოსავლები და ეკონომიკური ზრდის სარგებელიც. სოციალურად დაუცველების უმეტესობა დღეს ლომბარდების მომხმარებელია, შეიძლება ვერ გადაიხადონ და ე.წ. შავ სიაში აღმოჩნდნენ. 

სოციალური ფონი არის გაუარესებული. წარმოიდგინეთ, რომ ადამიანმა შეიძლება ქორწინების ბეჭედი გამოიტანოს სახლიდან, თვეში 30 ლარის გადახდა უწევდეს და ვერ იხდიდეს. ბევრი ოჯახია ასეთი, მათ შორის სოციალურად დაუცველები. ის, რომ ,,შავ სიაში" მყოფი მოქალაქეების რაოდენობა წლიდან წლამდე არ მცირდება, აჩვენებს, რომ სოციალური ფონი დამძიმდა. ადრე ,,კრედიტ ინფო" არ სწავლობდა  სესხის ამომღები  კომპანიების და ლომბარდების მონაცემებს, მათი სერვერები არ იძებნებოდა. ბოლო წლებში დაემატა და ამან უფრო რეალური სურათი დაგვანახა, რა მდგომარეობაცაა ქვეყანაში სესხების კუთხით. ყველაზე  მეტი პრობლემური ვალდებულებები სესხის ამომღებ კომპანიებშია აკუმულირებული", - დასძინა აროშიძემ.

2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მსესხებლებიდან, რომლებიც კრედიტს ვერ იხდის, 95 752 კომერციული ბანკების კლიენტია, 302 148 - სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი, 4 664 კი სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიის.

რაც შეეხება თანხას, ფიზიკური პირების მიერ კომერციული ბანკების დავალიანება ჯამში (გადაუხდელი კრედიტები 30 დღიდან) - 1.202 მლრდ ლარს შეადგენს, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების - 1.619 მლრდ ლარს, სალიზინგოების - 33.6 მლნ ლარს. ჯამში, ვადაგადაცილება 2.859 მლრდ ლარს აჭარბებს, რაც საფინანსო სექტორის მიერ გაცემული მთლიანი სესხების 3.8%-ია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×