რეზონანსი
04.02.2026

ევროკომისიას, საფრანგეთსა და იტალიას ბალტიელებიც შეუერთდნენ. რუსეთთან საუბარი დასაწყები ყოფილა უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს.

„შეგახსენებთ, ოთხი წელი ყველას ძალიან მკაცრი პოზიცია ჰქონდა – რუსეთისთვის ხმა არავის არ უნდა გაეცა. თან იმის ფონზე, რომ ევროკავშირი, ბრიტანეთი და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაცია მთელ მსოფლიოსა და, პირველ რიგში, უკრაინელ ხალხს სამარცხვინოდ ატყუებდნენ: უკრაინა დასავლეთის დახმარებით რუსეთს აუცილებლად დაამარცხებდა; ⁠უკრაინას დაჩქარებული წესით ნატო-ში მიიღებდნენ; ⁠უკრაინას დაჩქარებული წესით ევროკავშირში მიიღებდნენ; ⁠უკრაინას რუსულ გაყინულ აქტივებს გადასცემდნენ და ა.შ. ნელ-ნელა ყველა ამ დაპირებაზე უკრაინას უკვე უარი უთხრეს.

მოგმართავთ მათ, ვინც აქციებს გვიწყობდით და ქვეყანაში გადატრიალება გინდოდათ და დღემდე გინდათ:

იმის გამო, რომ რუსეთს ხმამაღლა არ „ვაგინებდით“; ⁠იმის გამო, რომ სანქციებს არ ვუწესებდით და საჰაერო სივრცეს არ ვუკეტავდით; ⁠იმის გამო, რომ მოხალისეებს მთავრობის ოფიციალური თანხმობით არ ვაგზავნიდით საბრძოლველად; ⁠იმის გამო, რომ უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს არ ვუჯერებდით, ტანკებით აფხაზეთსა და ცხინვალში არ „ვსეირნობდით“; ⁠იმის გამო, რომ არ „ავმჩატდით“, როგორც თქვენ და მთლიანად რადიკალური ოპოზიცია და „პრიგოჟინის რევოლუციის“ არ დავიჯერეთ; ⁠საერთო ჯამში, იმის გამო, რომ რაც თქვენ უკრაინასთან დაკავშირებით გატყუეს და რა ზღაპრებიც დაგაჯერეს, ჩვენ არ დავიჯერეთ. ერთი პოსტით მაინც თუ გამოეხმაურეთ ამდენ უსამართლობას?! ვისაც საერთოდ არანაირი ფორმით პროტესტი არ გამოგიხატავთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით და ამტკიცებთ, რომ უკრაინის ბედი გადარდებთ – თქვენ ხართ მხოლოდ ტრენდს აყოლილი ფარისევლები. უკვე მართლა დროა, უბრალოდ აზროვნება დაიწყოთ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ცნობისთვის, „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ლატვიის პრემიერ-მინისტრი ევიკა სილინა და ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი რუსეთთან დიალოგში ჩასართავად ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის ინიციატივით გამოდიან. ლატვიის პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა განაცხადეს, რომ რუსეთთან ნებისმიერი კომუნიკაცია უკრაინასთან კონსულტაციით უნდა განხორციელდეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×