რეზონანსი
04.02.2026

"ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის" პასუხისმგებელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. როგორც გენერალურ პროკურატურაში განმარტავენ, საქმე ეხება აღნიშნული ქარხნის პასუხისმგებელი პირების მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და გაფლანგვას.

ამასთან, უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურიდან პროკურატურაში შესული წერილი და შემოწმების მასალები, შესაძლო დანაშაულის თაობაზე.

როგორც ანგარიშგების პორტალზე ვკითხულობთ, აღნიშნული კომპანია წარმოადგენს მონოპოლისტს ქართულ ბაზარზე, რომელსაც ჰყავს ერთადერთი მსხვილი დამკვეთი - „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“, რომელიც ქარხნის მეწილეც არის.

უფრო კონკრეტულად, სს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის“ 50%-ის მფლობელი - შპს. „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაა“, ხოლო 50% „ინდუსტრიულ ინვესტმენტს“ ეკუთვნის. თავის მხრივ, ამ უკანასკნელის 50-50%-იანი წილები რუსეთ-საქართველოს ორმაგი მოქალაქის ნოდარ გაგუასა და გვანცა სალაყაიას საკუთრებაშია. „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის“ დირექტორი კი გელა ძიძიკაშვილია.

ანგარიშგების მიხედვით, 2024 წელს სს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის წმინდა მოგებამ მხოლოდ 180 000 ლარი შეადგინა, ხოლო 2023 წელს - 319 000 ლარი.

რაც შეეხება სახელმწიფო ტენდერებს, კომპანიას ჯამში 53 ტენდერში აქვს მონაწილეობა მიღებული, აქედან 93.3 მოგებული აქვს, 3.8% - წაგებული, დანარჩენი კი არ შემდგარი ტენდერებია.

ამასთან, სს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის“ მიერ მოგებული კონტრაქტების საერთო ღირებულებამ 156 286 095 ლარი შეადგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×