
„ქართულ ოცნებას" მორიგი შემზღუდავი ინიციატივა აქვს - სანქციები და მათ შორის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ პირებს და ჯგუფებს, რომლებიც კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას საჯაროდ არ აღიარებენ. ჯერჯერობით უცნობია „ოცნება" ამ იდეას პრაქტიკაში როდის და როგორ განახორციელებს, თუმცა ოპონენტებისგან თავშივე დახვდა მწვავე კრიტიკა.
„უნდა ვიფიქროთ, როგორ შეიძლება მოწესრიგდეს, როცა ადგილი აქვს კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ ექსტრემისტულ გამოვლინებას! - გერმანიაში ადამიანი ამბობდა, რომ იყო მეფე, ჩვენ გვყავს ქალბატონი, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტია",- ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა, კანონით განისაზღვროს და სს პასუხისმგებლობა დაეკისროს პირს, რომელიც საჯარო მოწოდებას გააკეთებს კონსტიტუციური ორგანოების არცნობის შესახებ. გორდულაძემ ამ განცხადებით, პარლამენტის 3 თებერვლის სხდომაზე სხდომაზე დეპუტატ ლევან მაჭავარიანს უპასუხა, რომელმაც სესიაზე დასვა კითხვა, ხომ არ უნდა იფიქროს პარლამენტმა რაიმე ტიპის სანქციებზე იმ პოლიტიკური ჯგუფების თუ აქტივისტების მიმართ, რომლებიც არ აღიარებენ არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას, ქმნიან პარალელურ სახელისუფლებო სტრუქტურებს, ბოიკოტს უცხადებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, ხელს უშლიან პოლიციას მუშაობაში, ამტკიცებენ, რომ ქვეყანა ოკუპანტი ძალის მიერ იმართება და სხვებსაც მოუწოდებენ ასეთი ქმედებებისკენ.
კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ „ოცნების" ეს ინიციატივა სამართლის პრიინციპებს თავდაყირა აყენებს.
„ეს ერთი მხრივ ნიშნავს, რომ „ქართული ოცნება" ძალიან შეშინებულია, მეორე მხრივ კი იმას, რომ მას საერთოდ არ ესმის, რა არის კონსტიტუციონალიზმი. მოქალაქე უნდა აღიარებდეს კონსტიტუციას და კონსტიტუციურ წესრიგს და არა ხელისუფალს, თუ მიაჩნია, რომ ეს ხელისუფალი არღვევს კონსტიტუციას. ჩვენთან ხომ სწორედ ეს პრობლემაა? წლებია არ მსმენია, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია, საზოგადოებრივი ორგანიზაცია ან პირი აპროტესტებდეს იმას, რომ საქართველო კონსტიტუციით საპარლამენტო რესპუბლიკაა. ეს ხალხი აპროტესტებს იმას, რომ ხელისუფლებამ კონსტიტუცია დაარღვია, არჩევნები გააყალბა და არსებული ფაქტობრივი ხელისუფლება ამიტომაა არალეგიტიმური.
„ახლა ესენი გვეუბნებიან, თუ შენ იტყვი, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია, მაშინ მე შენ ციხეში ჩაგსვამო. ასეთ რამეებს საბჭოთა კავშირის დროს აკეთებდნენ - ადამიანებს ასამართლებდნენ, ციხეში სვამდნენ, ქვეყნიდან აგდებდნენ იმის გამო, რომ ეს ადამიანები საბჭოთა წყობილებას სახელს უტეხავენო. განა მე - კონკრეტულ ხელისუფალს, არამედ წყობილებას უქმნიან საფრთხესო. „ოცნების" წარმომადგენლები უფრო შორს წავიდნენ, ამბობენ, რომ ვინც ჩემი ხელისუფლების კანონიერებას არ აღიარებს, ყველა დამნაშავე იქნება. აბა რაღა უნდა თქვა ადამიანმა?
„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არჩევნების შესახებ კანონი არსებობს და ეს კანონი სამართლიანი უნდა იყოს და ადამიანებს ხელისუფლების მიმართ პრეტენზია უჩნდებათ იმის გამო, რომ ხელისუფლებამ ეს კანონი დაარღვია და ისე მოიპოვა ხელისუფლება. რადგან არსებობს წესები, ეს ნიშნავს, რომ არსებობს წესების დარღვევის სფართხეც, ამიტომ წერია კანონებში, რომ თუ ამას დაარღვევ, მაშინ ასე დაისჯები.
- „ესენი გვეუბნებიან, რომ მე თუ დავარღვევ, ეს დასჯადი არაა და შენ თუ იტყვი, რომ ამის გამო მე ვარ უკანონო და უნდა დავისაჯო, მაშინ შენ დაგაპატიმრებ, დამნაშავე ხარო. ეს ხომ სამართლის პრინციების თავდაყირა დაყენებაა?"
ანალიტიკოს დავით ქართველიშვილს „ოცნების" იდეა მოსწონს, მისი განცხადებით, საუბარია საჯარო მოწოდებების დასჯადობაზე, რომლებიც კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ და ამავდროულად, კანონებისადმი დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებენ საზოგადოებას:
„ის, რასაც დღეს განიხილავს „ქართული ოცნება", საბოლოო ჯამში ერთ რამემდე დადის: სახელმწიფო ცდილობს დააწესოს სისხლისსამართლებრივი ბარიერი - კონსტიტუციური ორგანოების დელეგიტიმაციისკენ მიმართული საჯარო კამპანიებისა და „პარალელური ხელისუფლების" მშენებლობის მცდელობების წინააღმდეგ (ე.წ. „ტექნიკური მთავრობა", „კატაკომბური პარლამენტი", „მოქმედი" ექს-პრეზიდენტები და ა.შ.). საუბარია საჯარო მოწოდებების დასჯადობაზე, რომლებიც კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ, კანონებისადმი დაუმორჩილებლობას ქადაგებენ და ამკვიდრებენ ლოგიკას, თითქოს „ქვეყანას მართავს გარე ძალა და ამიტომ ეს ხელისუფლება არ უნდა იქნეს აღიარებული.
„სანამ აგორდა ტალღა მორიგ „რუსულ კანონზე" - ძირითადი პარალელი დასავლეთთან გავავლოთ: ევროკავშირის ქვეყნებსა და უფრო ფართოდ ეუთოს სივრცეში დიდი ხანია არსებობს კონსტიტუციური წყობის დაცვის სამართლებრივი ინსტრუმენტები - და მათი დემოკრატიულობის ეჭვქვეშ დაყენება არავის მოსდის თავში. ისინი განისაზღვრება საკანონმდებლო ნორმებით: ანტიკონსტიტუციური ქმედებების, ხელისუფლების ფუნქციების უზურპაციისა და ინსტიტუტების ძირის გამოთხრის წინააღმდეგ. ავიღოთ გერმანიის მაგალითი: 2025 წელს იქ აიკრძალა ექსტრემისტული გაერთიანება, რომელიც არამარტო „არ აღიარებდა ხელისუფლებას", არამედ ფაქტობრივად უარყოფდა სახელმწიფოს ლეგიტიმურობას და ქმნიდა ალტერნატიულ სტრუქტურებს.
„ამასთან, გერმანიაში არსებობს სს ნორმებიც კონსტიტუციური ორგანოების შეურაცხყოფისა და დისკრედიტაციის წინააღმდეგ, ისევე როგორც ანტიკონსტიტუციური პარტიების აკრძალვისთვის ძირითადი კანონის მექანიზმი - გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და არა მთავრობა. შემდეგი მაგალითია - საფრანგეთი, იქ არსებობს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საჯარო ფუნქციის შემსრულებელი პირის შეურაცხყოფისთვის. ასევე იტალიაში მოქმედებს ნორმა რესპუბლიკისა და კონსტიტუციური ინსტიტუტების საჯარო „გინების/დამცირების" შესახებ. მათ არც ესპანეთი ჩამოუვარდება: სისხლის სამართლის დანაშაულია საჯარო ფუნქციების უზურპაცია - როდესაც ვინმე თავს ასაღებს ხელისუფლებად, იყენებს სახელმწიფო ატრიბუტიკას ან მოქმედებს სახელმწიფოს სახელით უფლებამოსილების გარეშე.
„ხოლო ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლი პირდაპირ უშვებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, თუ იგი „კანონით არის დადგენილი" და „აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში" - ეროვნული უსაფრთხოების, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და დანაშაულის პრევენციის მიზნით.
„და სწორედ აქ ჩვენი "ოპოზიციური" რიტორიკა (თითქოს „ეს არადემოკრატიული, არადასავლური და მაშასადამე - რუსულია") განხილვის საგნადაც კი არ ღირს: როცა მათ აწყობთ - დასავლეთი ცხადდება ეტალონად, მაგრამ როგორც კი ირკვევა, რომ ამ „ეტალონში" არსებობს მათთვის არასასურველი აკრძალვები - იწყება თეატრალიზებული შეშფოთებული აღშფოთებები.
- „ხელისუფლების კრიტიკა შესაძლებელია და აუცილებელიცაა - ამის მკაფიო მაგალითი გუშინ პარტია "ხალხის ძალამ" გამოავლინა - მაგრამ პოლიტიკური დებატის გადაქცევა დეზინფორმაციულ კამპანიად („კანონებს არ დაემორჩილოთ / ხელისუფლება არალეგიტიმურია / შევქმნათ პარალელური ორგანოები"), ეს უკვე დემოკრატია აღარ არის, ეს პირდაპირი დარტყმაა სახელმწიფოებრიობაზე - რაც მალე ევროპულად და დემოკრატიულად, ასევე ქართულად და სისხლის სამართლებრივად - დასჯადი გახდება."