მარიამ ვეკუა
04.02.2026

ენერგეტიკული ზავის ამოწურვისთანავე რუსეთმა უკრაინის ენერგოსექტორზე არნახული ინტენსივობის სარაკეტო იერიში განახორციელა - ზამთრის პიკში განხორციელებულმა დარტყმებმა ელექტროსადგურები დააზიანა და ათასობით ადამიანი ყინვაში ისევ გათბობის გარეშე დატოვა.

რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკული სექტორის დასაბომბად რეკორდული რაოდენობის ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა, განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მოსკოვი ზამთრის ყველაზე ცივ დღეებში ხალხის ტერორში დაადანაშაულა. ოქტომბრიდან მოყოლებული, ეს უკრაინის ენერგოსექტორზე მეცხრე მასობრივი თავდასხმაა.

სახელმწიფო ობიექტები დაბომბეს კიევში, დნეპრსა და სხვა ადგილებშიც, რაც კიდევ უფრო ამძიმებს წინა სამიზნე თავდასხმების სერიის შედეგად მიყენებულ ზიანს. ზოგიერთი სამიზნე ელექტროსადგური მხოლოდ გათბობას უზრუნველყოფდა და არა ელექტროენერგიას, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ სამოქალაქო მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი, რის დაბომბვასაც ჟენევის კონვენცია კრძალავს.

ინჟინრების ჯგუფები კვირების განმავლობაში მუშაობენ პრობლემების გამოსასწორებლად, მაგრამ მუშახელის სერიოზულ დეფიციტია.

ბევრი მიმომხილველი მიიჩნევს, რომ ამ თავდასხმების მიზანია უკრაინელების რეზისტენტობის გატეხვა, რათა ხალხი ტერიტორიულ დათმობას დათანხმდეს.

-20 ცელსიუსით

რუსეთმა დარტყმები მაშინ დაიწყო, როცა ტემპერატურა -20 გრადუს ცელსიუსამდე დაეცა, დედაქალაქში 1000-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი ისევ გათბობის გარეშე დარჩა.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ამ ომის დასასრულებლად დიპლომატიის ნაცვლად „ტერორსა და ესკალაციას ირჩევს" და უკრაინის მოკავშირეებს მოსკოვზე „მაქსიმალური ზეწოლისკენ" მოუწოდა.

თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის შაბათ-კვირას შეთანხმებული ე.წ. „ენერგეტიკული ზავის" დრო ამოიწურა..

უკრაინის პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ რუსეთმა უბრალოდ დრო რაკეტების შესავსებად და შემდეგი თავდასხმისთვის მოსამზადებლად გამოიყენა.

  • ზელენსკი: „საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის ანტირაკეტების დროული მიწოდება ჩვენი პრიორიტეტია"

საინტერესოა, რომ ეს თავდასხმა „დაემთხვა"იმ დღესაც, როდესაც ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე პრეზიდენტ ზელენსკისთან შესახვედრად კიევში იმყოფებოდა და პარლამენტში სიტყვით გამოსვლისთვის ემზადებოდა.

დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა: „პაუზა კვირადან კვირამდე გაგრძელდა. ის დასრულდა და პუტინმა გუშინ ღამით მათ მძიმე დარტყმა მიაყენა. მან თავისი სიტყვა შეასრულა. ერთი კვირა დიდი დროა. რადგან იქ ძალიან, ძალიან ცივა," - აღნიშნა ტრამპმა.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ 70-ზე მეტი ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა გაისროლეს; უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ მათ მხოლოდ 38 რაკეტა ჩამოაგდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბევრმა მიზანს მიაღწია.

უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა ანტისაჰაერო რაკეტების დეფიციტზე პრეტენზია არაერთხელ გამოთქვეს.

„საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტების დროული მიწოდება ჩვენი პრიორიტეტია", - დაწერა ზელენსკიმ დღეს დილით იქს-ზე. „რუსეთზე ზეწოლის გარეშე, ამ ომს დასასრული არ ექნება".

პასუხად, ნატოს გენმდივანმა განაცხადა, რომ ის მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, „ შეაგროვონ თავიანთი მარაგი" და უკრაინისთვის საჭირო რაკეტების გადაცემა უზრუნველყონ.

„ვიცი, რომ სასწრაფოდ მეტია საჭირო", - თქვა მან. „ჩვენ ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ სწრაფად მოვიდეს".

რუტე ზელენსკის დაეთანხმა, რომ რუსეთის ბოლო თავდასხმა „სერიოზული სიგნალია".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×