
ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო უშიშროებას თამარ მეარაყიშვილის საქმე ახალ ეტაპზე გადაჰყავს - ე.წ. „კაგებე" ამტკიცებს, რომ აქტივისტი საქართველოს სასარგებლოდ მოქმედებდა და მის სავარაუდო კონტაქტებსაც, რომელშიც ქართველი მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსანი ფიგურირებს, პასუხისმგებლობის დაკისრებით ემუქრება.
თამარ მეარაყიშვილი 2025 წლის 22 დეკემბერს დააკავეს და „საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობაში" დაადანაშაულეს, 31 დეკემბერს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოაძევეს.
2 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში, „კაგებე" ირწმუნება, რომ მეარაყიშვილი საქართველოს სპეცსამსახურებმა „სადაზვერვო და სხვა დივერსიული საქმიანობის განსახორციელებლად" დაიქირავეს.
„აგროვებდა და გადასცემდა ინფორმაციას, რომელიც საფრთხეს უქმნიდა სამხრეთ ოსეთსა და რუსეთის ფედერაციას" - განცხადებაში ვკითხულობთ, რომ აქტივისტი „გადასცემდა მონაცემებს პოლიტიკოსების, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების, რუსი სამხედრო პერსონალის, მათი დისლოკაციის და რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების შესახებ", „ფარულად იწერდა ჩინოვნიკებთან საუბრებს მათი შემდგომში კომპრომატებად გამოსაყენებლად".
საინტერესოა, რომ „მისი მრავალრიცხოვანი კონტაქტების გამოაშკარავების" შესახებ ინფორმაციის დასტურად „კაგებემ" რამდენიმე ქართველი პოლიტიკოსის ტელეფონის ნომრები გამოაქვეყნა, რომლებიც, მათი მტკიცებით, აქტივისტის ტელეფონში აღმოჩნდა.
თუმცა აღსანიშნავია, რომ გამოქვეყნებულ ინფორმაციას არავითარი მტკიცებულება, რომ მეარაყიშვილი მათ უკავშირდებოდა, არ ახლავს.
„კაგებეს" მიერ გამოქვეყნებულ კონტაქტებში ფიგურირებს, მაგალითად, სუს-ის ამჟამინდელი უფროსი მამუკა მდინარაძე, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი, ასევე ირაკლი ალასანია, ირაკლი ღარიბაშვილი, და გაუქმებული სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი
„კაგებე" ასევე მიუთითებს მეარაყიშვილის „ურთიერთქმედებაზე" ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ოპოზიციურ პარტიებთან და მოძრაობებთანანაც. აცხადებს, რომ ბოლომდე მიიყვანს მეარაყიშვილის წინააღმდეგ აღძრულ სს საქმეს და მის „თანამზრახველებს" პასუხისგებაში მიცემით ემუქრება.
ის პირები, რომლებიც ნებაყოფლობით და დროულად მიმართავენ დე ფაქტო უწყებას და მათი ქმედებები არ აღმოჩნდება უსაფრთხოებისთვის საზიარო, შესაძლოა გათავისუფლდნენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც ე.წ „კაგებეს" მიერ გამოქვეყნებულ კონტაქტებში ფიგურირებს, ამბობს, რომ ეს ყველაფერი სიცრუეა.
„ერთის მხრივ ძალიან სასაცილოა და მეორეს მხრივ, ძალიან სამწუხარო, რაც ცხინვალში ხდება, ეს უსაქმური ადმიანები, რაღაცას ჩხირკედელაობენ და არ იციან, რას აკეთებენ, იმიტომ რომ მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს საერთო არაფერი აქვთ სიმართლესთან."
კითხვაზე, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია მეარატიშვილთან, განაცხადა, რომ კი, თუმცა მაშინ როცა სახელწმიფო თანამდებობაზე იყო.
- პაატა ზაქარეიშვილი: „დიახ, მეარაყიშვილს, როცა სახელმწიფო მოხელე ვიყავი, ჰქონდა ჩემთან კონტაქტები, ის მუშაობდა, ეხმარებოდა ადამიანებს, რომ მიეღოთ სამედიცინო დახმარება თბილისში"
„დიახ, მეარაყიშვილს, როცა სახელმწიფო მოხელე ვიყავი, ჰქონდა ჩემთან კონტაქტები, ის მუშაობდა, ეხმარებოდა ადამიანებს, რომ მიეღოთ სამედიცინო დახმარება თბილისში. მოგეხსენებათ, ცხინვალიდან და სოხუმიდან ბევრი ავადმყოფი გადმოდის, იღებს რეფერალური პროგრამით სამედიცინო მომსახურებას საქართველოდან და ხშირად ამ ადამიანებს აგზავნიან იქ ადგილობრივი არასამთავრობო ორგზანიზაციები. თამარ მეარაყიშილი კი იყო ადამიანი, რომელიც მირეკავდა და ზოგჯერ მთხოვდა ამა თუ იმ ადამიანისთვის გარკვეული მხარდაჭერის გაწევას.
„თითიდან გამოწოვილ ინფორმაციას რაღაცნარიად ასაღებენ, როგორც სიმართლეს, ძალიან სასაცილოებად და საბრალოებად ჩანან, ეს ოსი სპეცსამსახურის წარმომადგენლები, თუ შეიძლება მათ ასე ვუწოდოთ. ჩემთან კავშირი არ აქვს, თუ ვინმე გონიერი ადამიანი წაიკითხავს ცხინვალში, ამ სტატიას- მინდა ვუთხრა, რომ სისულელეა ეს ყველაფერი."
ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მას არასდროს დაურეკავს მეარაყიშვილისთვის, არამედ სულ ის ურეკავდა.
„არასდროს დამირეკავს მე მასთან, ის მირეკავდა სულ. მთხოვდა დახმარებას და ბევრ ადამიანს დავეხმარეთ, სხვებიც მირეკავდნენ, მარტო ის კი არა, ათეულობით ადამიანი მთხოვდა ამა თუ იმ საკითხის მოგვარებას. მე ვპასუხობ ნებისმიერ ზარს, მინისტრი რომ ვიყავი, ნომერი არ გამომიცვლია, რა ნომერიც მქონდა, ის მაქვს ახლაც. ყველას შეეძლო ჩემთვის დაერეკა."