
დიდი ადამიანი და ქირურგი როსტომ შველიძე ზესტაფონის არცთუ ისე გრანდიოზულ კლინიკაში მუშაობდა, თუმცა მისით მთელი რეგიონი ამაყობდა და დღესაც ამაყობს. ქირურგი მორიგი 8-საათიანი ოპერაციის ჩატარებისას მიხვდა, რომ სხვისი გულის ამუშავებისთვის ბრძოლაში თავად საკუთარი გული დაუზიანდა, თუმცა გადაწყვიტა, რომ ოპერაცია არ მიეტოვებინა, საკუთარი გულისთვის კი მერე ეშველა, თუკი იქნებოდა შესაძლებელი. საოპერაციო მაგიდაზე ტყვიით დაცხრილული 23 წლის ბიჭი იწვა. არც მიუტოვებია, თუმცა ოპერაციის დასრულების შემდეგ ექიმის გული სამუდამოდ გაჩერდა.
"კვირის პალიტრა" საოცარი შემთხვევის შესახებ მედიცინის მუშაკს ლამარა ნებიერიძეს ესაუბრა:
„როსტომ შველიძე ქირურგი იყო, მაგრამ მედიცინის ყველა დარგს იმდენად კარგად იცნობდა, ზესტაფონში არავინ მეგულება, მასთან რჩევის მისაღებად რომ არ მისულიყო.
ჩემი მეუღლეც სამჯერ მკურნალობდა მასთან და რამდენჯერაც კლინიკაში მისვლა დასჭირდებოდა, ყოველთვის გვეუბნებოდა, სადაც როსტომ შველიძე მუშაობს, იქ მიმიყვანეთ, თუ მაგას არ დაველაპარაკები, ისე არსად წავალ, მირჩევნია, სახლში ვიყოო. ამას განა იმიტომ ამბობდა, რომ ზესტაფონში კარგი ექიმები არ გვყავს, მაგრამ როსტომ შველიძემ მედიცინის ყველა დარგი ძალიან კარგად იცოდა, რომ შეხვდებოდი, თითქოს მისი საუბარიც კი გკურნავდა, მისი სიტყვები გულზე მალამოდ ედებოდა. ის მართლაც განსაკუთრებული ადამიანი იყო, ვერ გეტყვით როგორ ახერხებდა, რომ როგორი სასოწარკვეთილიც არ უნდა ყოფილიყო პაციენტი, მასთან გასაუბრების შემდეგ საოცარი სიმშვიდე იპყრობდა...
იმ ოპერაციაზე, რომელიც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, 23 წლის ბიჭი იწვა საოპერაციო მაგიდაზე. იმდენად მძიმე, რომ ოპერაციის წამით დაყოვნება არ შეიძლებოდა, არტერიები ჰქონდა დაგლეჯილი და ერთი არტერიიდან თქრიალით მოსდიოდა სისხლი. აი, ამიტომ ვერ მიატოვა და ვერ გადასცა სხვას ოპერაცია".
- მოგვიანებით გაირკვა, რომ ინფარქტი ოპერაციის დროს მიიღო და დროული რეაგირებით გადარჩენის დიდი შანსი ჰქონდა. შეუძლებელია ასეთი ექიმი ვერ მიმხვდარიყო, რა მოუვიდა და რა შანსი ჰქონდა.
- ყველაფერს მიხვდებოდა, მაგრამ უმძიმეს ოპერაციაზე იყო და არჩია თავის თავზე აეღო მისი დასრულების პასუხისმგებლობა, რადგან მას ჰქონდა ბიჭის გადარჩენის ყველაზე მეტი შანსი, ხუმრობა ხომ არ არის 8-საათიანი უმძიმესი ოპერცია.
ამასწინათ სოციალურ ქსელში მისი ვაჟი, რომელიც ასევე ექიმია, წერდა, ყველაზე უცნაური ის არის, რაც დრო გადის, მით უფრო და უფრო ვამაყობ შენითო.
ვერ წარმოიდგენთ, რამდენჯერ მიფიქრია, რატომ მიეცა როსტომ შველიძეს ამქვეყნად ყოფნის ამდენად ცოტა დრო. ალბათ, იმიტომ, რომ თავისი მისია უკვე აღასრულა, იმდენი გააკეთა და იმდენი სიყვარული წაიღო, ძალიან ბევრისთვის იქნებოდა საკმარისი. რაც მთავარია, ჩვენთვის ის გმირია, გმირად კი ამ ქვეყნიდან ძალიან ცოტა მიდის.
"კვირის პალიტრა"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე