
3-5 თებერვალს არაბთა გაერთიანებული საამიროები მსოფლიო მთავრობათა სამიტს მასპინძლობს, დუბაიშია დელეგაციით საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე. საქართველოს მთავრობის შეფასებით, სამიტი წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო ღონისძიებას, რომელიც აერთიანებს მაღალი დონის პოლიტიკურ და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს, პრემიერის მასში მონაწილეობა კი „მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებით".
„მშვიდობა ქმნის პროგნოზირებადობას, პროგნოზირებადობა ქმნის ინვესტიციებს, ინვესტიციები ქმნის ეკონომიკურ ზრდას. რაც ნამდვილად გამოარჩევს საქართველოს, არის არა მხოლოდ ის, რაც ჩვენ შევქმენით, არამედ ის, თუ როგორ ვურთიერთობთ მსოფლიოსთან", - აღნიშნა პრემიერმა კობახიძემ 3 თებერვალს სამიტზე სიტყვით გამოსვლისას.
მისივე შეფასებით, საქართველომ შეინარჩუნა მაკროეკონომიკური დისციპლინა, ინვესტორთა ნდობა და მშვიდობა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რთულ რეგიონში.
ვიზიტისას დაგეგმილია ინვესტიციების კუთხთ მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსია, ასევე ორმხრივი შეხვედრები.
დელეგაციაში კობახიძის გარდა არიან ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, განათლების მინისტრი გივი მიქანაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.
საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, მშვიდობა, შუა დერეფანი, „იგლ ჰილსის" პროექტი საქართველოში, ანალიიის პორტის მშენებლობა - ეს იმ თემების მოკლე ჩამონათვალია, რომელზედაც ირაკლი კობახიძემ სიტყვის გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა. მისი შეფასებით, შევედით ფაზაში, სადაც „გეოგრაფია კვლავ მნიშვნელოვანია".
შუა დერეფანი
პრემიერის თქმით, მსოფლიო ვაჭრობას საიმედო დამაკავშირებელი ხიდები სჭირდება, ამ მოცემულობას კი, „შუა დერეფანთან მივყავართ".
„შუა დერეფანი, რომელიც აღმოსავლეთ აზიას ევროპასთან ცენტრალური აზიის, კავკასიისა და თურქეთის გავლით აკავშირებს, დღევანდელ მსოფლიოში სულ უფრო იშვიათ რამეს გვთავაზობს: სტაბილურ, საიმედო სატრანზიტო მარშრუტს, რომელიც გეოპოლიტიკურ განხეთქილებებს დაძლევს", - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ჩრდილოეთის დერეფნები, რომლებიც „ოდესღაც ეფექტურად ახორციელებდნენ საქონლის გადაზიდვას ევროპასა და აზიას შორის, მნიშვნელოვნად დაზარალდა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო; მიწოდების ჯაჭვები, რომელთა შენებას ათწლეულები სჭირდებოდა, ერთ დღეში ჩამოიშალა; ბიზნესები, რომლებიც ეფექტურობის გაზრდას გეგმავდნენ, მოულოდნელად აღმოჩნდნენ გადარჩენისთვის ბრძოლის რეჟიმში".
„აღმოსავლეთით თუ გავიხედავთ, დავინახავთ, რომ წყნარი ოკეანის სავაჭრო მარშრუტები სულ უფრო პოლიტიზებულია დიდი სახელმწიფოების დაძაბულობის გამო. ტარიფებმა, სანქციებმა და სტრატეგიულმა გამიჯვნებმა ის, რაც ოდესღაც მსოფლიოში ყველაზე დინამიკური კომერციული ურთიერთობა იყო, რთულ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებად აქცია. ყველაზე ტრადიციული პარტნიორობებიც კი უპრეცედენტო უთანხმოების წინაშე დგანან. სავაჭრო დავებმა და პოლიტიკურმა უთანხმოებებმა ოდესღაც სტაბილურ ურთიერთობებში გაურკვევლობა შეიტანა.
„ეს არ არის ის ეკონომიკური გლობალიზაცია, რომელიც ადრე გვესმოდა. ახლა შევდივართ პირველ ფაზაში, სადაც გეოგრაფია კვლავ მნიშვნელოვანია, სადაც სტაბილურობა კონკურენტულ უპირატესობად იქცევა და სადაც ურთიერთობების შენარჩუნების უნარი დიპლომატიური ხიბლი კი არა, ეკონომიკური აუცილებლობაა", - აღნიშნა პრემიერმა.
„მშვიდობა, ინვესტიციები, ეკონომიკური ზრდა"
ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველომ შეინარჩუნა მაკროეკონომიკური დისციპლინა, ინვესტორთა ნდობა და მშვიდობა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რთულ რეგიონში. მისი თქმით, 2021-დან 2025 წლამდე საქართველოს ეკონომიკა „საშუალოდ 9.3 პროცენტით გაიზარდა".
ამასთან, ქვეყანამ 7 მლრდ დოლარი გამოყო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განახლებისთვის და კაპიტალურ ხარჯებზე ყოველწლიურად მშპ-ის 7-8%-სხარჯავს.
„დავასრულეთ ჩვენი ძირითადი სარკინიგზო ქსელის სრული მოდერნიზაცია, გავაორმაგეთ გამტარუნარიანობა და მნიშვნელოვნად შევამცირეთ ტრანზიტის დრო ქვეყნის მასშტაბით. სარკინიგზო კავშირი კიდევ უფრო გაძლიერდა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის შედეგად, რომელიც საქართველოს გავლით უზრუნველყოფს პირდაპირ და საიმედო სარკინიგზო კავშირს კასპიის აუზსა და საერთაშორისო ბაზრებს შორის.
„საქართველოს გამოცდილება მარტივ პრინციპს ცხადყოფს - მშვიდობა ქმნის პროგნოზირებადობას, პროგნოზირებადობა ქმნის ინვესტიციებს, ინვესტიციები ქმნის ეკონომიკურ ზრდას. რაც ნამდვილად გამოარჩევს საქართველოს, არის არა მხოლოდ ის, რაც ჩვენ შევქმენით, არამედ ის, თუ როგორ ვურთიერთობთ მსოფლიოსთან. ევროკავშირთან, ჩინეთთან, თურქეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ქვეყნებთან და დსთ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით - ჩვენზე გადის გზა 2.3 მილიარდ მომხმარებლამდე,
- „მეტოქე ბლოკების მიერ განსაზღვრულ ეპოქაში, საქართველომ კავშირი არჩია კონფრონტაციას. პარტნიორებს არ ვთხოვთ მხარის არჩევას. ჩვენ მათ ვთავაზობთ პლატფორმას, სადაც თანამშრომლობა კვლავ შესაძლებელია".
„იგლ ჰილსი"
პრემიერის თქმით, „იგლ ჰილსის" 6.6 მილიარდიანი ინვესტიცია იმაზე მიუთითებს, რომ „ინვესტორთა ნდობა იზრდება".
„ინვესტორთა ნდობა იზრდება. „იგლ ჰილსის" მიერ ახლახან განხორციელებული 6.6 მილიარდიანი ინვესტიცია იმაზე მიუთითებს, რომ გლობალური კაპიტალი საქართველოს არა მხოლოდ სატრანზიტო პუნქტად, არამედ ლოგისტიკის, განვითარებისა და ინოვაციების გრძელვადიან პარტნიორადაც აღიქვამს", - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, მსოფლიო ბანკის ბიზნესისთვის მზაობის რეიტინგში საქართველო 101 ქვეყნიდან საუკეთესო ოთხეულშია 2025 წლის მონაცემებით კორეასთან, სინგაპურთან და ესტონეთთან ერთად.
ანაკლიის პორტი
პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზეც.
„ვავითარებთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს - სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურას, რომელიც შექმნილია დიდი კონტეინერმზიდი გემების მისაღებად და შავი ზღვის პორტების სიმძლავრეების გასაზრდელად. ანაკლია არა მხოლოდ პორტია; ის პლატფორმაა ტრანზიტის მაჩვენებლების ზრდის, გლობალური გადაზიდვის ხაზების მოზიდვისა და შავი ზღვის, როგორც ევროპასა და აზიას შორის კონკურენტუნარიანი კარიბჭის როლის გასაძლიერებლად", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა დასძინა, რომ ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტები, „ეფექტურ მარეგულირებელ ჩარჩოსთან და რეგიონულ თანამშრომლობასთან ერთად, ქმნის ინტეგრირებულ ეკოსისტემას, რომელიც არა მოკლევადიანი სარგებლის, არამედ გრძელვადიანი მდგრადობისთვის არსებობს".