
საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2026 წელსაც ოპტიმისტურია. როგორცეკონომისტები, ასევე კვლევითი ორგანიზაციები, საქართველოს მთავრობა და უკვე გლობალური სტრუქტურებიც ზედიზედ დამაიმედებელ პროგნოზებს აკეთებენ და ირწმუნებიან, რომ ეკონომიკა იმაზე მეტად გაიზრდება, ვიდრე 2025 წელს იყო.
როგორც ცნობილია, შარშან მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 7.5%-ს მიაღწია, ხოლო დეკემბერში საქართველოს ეკონომიკა 7.2%-იანი წინსვლა განიცადა. წლის დასაწყისშივე გამოთქმული პროგნოზით წელს 6%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება, თუმცა რეალური ტემპი, აშკარად მეტი იქნება, როგორც ეს ბოლო წლებში არაერთხელ მომხდარა.
,,გალტ ენდ თაგარტის“ კვლევის მიხედვით, 2026 წელს, საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება. პარალელურად, ფინანსთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ შემდეგ წელს მშპ იმაზე მეტად გაიზდება, ვიდრე 2025 წელის. ამ პროგნოზს ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას სპეციალისტებიც იზიარებენ და აცხადებენ, რომ ოპტიმიზმი სრულიად რეალურია, რადგან ბოლო წლებში, საქართველო მაღალ შედეგებს სტაბილურად ინარჩუნებს.
„ჩვენი პროგნოზით, 2026 წელს, საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება, რასაც ხელს შეუწყობს სოლიდური სავალუტო შემოდინებები, ლარის სტაბილურობა და ინფლაციის ტემპის შენელება, რაც სამომხმარებლო და საინვესტიციო განწყობებზე პოზიტიურად აისახება. დამატებით, ეკონომიკურ აქტივობაზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს მთავრობის კაპიტალური ხარჯების 9.4%-იანი წლიური მატება და მონეტარული პოლიტიკის მოსალოდნელი შერბილება. ამასთან, რისკი, ძირითადად, პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ გაურკვევლობებს უკავშირდება“, - აღნიშნულია ,,გალტ ენდ თაგარტის“ ეკონომიკურ მიმოხილვაში.
მსგავსს ანალიზს აკეთებენ წამყვანი საერთაშორისო-საფინანსო ინსტიტუტები - მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, სარეიტინგო სააგენტოები, რომლებიც პერიოდულად მშპ-ს პროგნოზებს აკორექტირებენ
გაეროს ანგარიშის თანახმად, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5,4%-ით, უკრაინის - 2,3%-ით, ხოლო მოლდოვის - 2,5%-ით გაიზრდება.
მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2026 წელს კი 5.5%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი. ეს პროგნოზი 0.5 პროცენტული პუნქტით უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოს მთავრობის პროგნოზი, რადგან 2026 წლის ბიუჯეტი 5%-იან ზრდაზე არის დაგეგმილი.
ოპტიმისტურ პროგნოზს აკეთებს ახალგაზრდა ფინანსიტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კაპანაძეც, რომელმაც პირდაპირ მიანიშნა, რომ შესაძლოა, ეკონომიკური ზრდა 6%-ზე უფრო მაღალიც კი იყოს. როგორც წესი, ადგილობრივი და საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციები წინასწარ გათვლებში მოზომილები არიან, ამიტომ ის მაჩვენებელი, რასაც „გალტ ენდ თაგარტი“ ვარაუდობს, მხოლოდ მინიმუმია.
,,ინვესტორებისთვის სხვადასხვა რაკურსით საინტერესო და მიმზიდველ ქვეყანას წარმოვადგენთ. ვხედავთ, რომ საქართველო გლობალური მასშტაბითაც ანგარიშგასაწევი სახელმწიფო ხდება. ამას დიდწილად განაპირობებს ექსპორტში მიღწეული წარმატება, ასევე ფულადი ნაკადის, განსაკუთრებით გზავნილების მატება, მნიშვნელოვნად არის გააქტიურებული ტურიზმიც, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში პრობლემურ სფეროდ ითვლებოდა. გამოცოცხლდა მშენებლობა, ეკონომიკურად მეტი აქტიურობაა, რასაც ხელი შეუწყო ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის ზრდამაც. გადაზიდვებში დიდი ინტერესია, გაუმჯობესდა და გაიზარდა ინვესტიციების მოცულობაც.
საქართველოს ეკონომიკაში რამდენიმე დადებითი ფაქტორია, რასაც განსაზღვრავს ქვეყნის პოლიტიკური კურსი. ქვეყანამ არაერთხელ დაადასტურა, რომ მშვიდობის გზას ირჩევს, რაც ინვესტორებისთვის მთავარი ფაქტორია, რომ ნდობა განიმტკიცონ", - განაცხადა კაპანაძემ და ისაუბრა ბოლო პერიოდში გაკეთებულ პროგნოზებზეც, რაც ოპტიმისტურ მოლოდინს კიდევ უფრო ამყარებს.
,,ვფიქრობ, ზრდის ტემპი რეალურად გაცილებით მაღალი იქნება. ბოლო წლებში საქართველო მაღალ ტემპს ინარჩუნებს. შესაბამსიად, ადგილობრივი თუ საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების მხრიდან, დადებითი მოლოდინია. სწორედ ეს აძლევს საფუძველს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს, ივარაუდოს, რომ 2030 წლისთვის, საქართველო გახდება მაღალშემოსავლიანი ქვეყანა. გარდა ამისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდიც პროგნოზირებს, რომ ჩვენ ნამდვილად უნდა შევძლოთ 2030 წლისთვის ამ მაჩვენებლის მიღწევა. წლის ბოლოს ერთ სულ მოსახლეზე მშპ 10 000 აშშ დოლარს გაუტოლდა.
თუ ეს ტენდენციები გაგრძელდა, უნდა ველოდოთ, რომ ქვეყანა შეინარჩუნებს მაღალ ტემპს, შეძლებს ნელ-ნელა გაიუმჯობესოს კეთილდღეობის მაჩვენებელი და 2030 წლისთვის, მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდეს, ყველა შესაძლებლობა გვაქვს ამისათვის“, - აღნიშნა „ბიზნეს-რეზონანსთან“გიორგი კაპანაძემ.
ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს დადებითად აფასებენ ეკონომისტებიც, თუმცა ყურადღებას ამახვილებენ გამოწვევაზეც. ანალიტიკოს მერაბ ჯანიაშვილის თქმით, ეკონომიკა ყოველთვის ვერ გაჰყვება ერთ ტემპს, მაგრამ მნიშვნელოვანია დადებითი ტრენდი ფიქსირდებოდეს, რის შესაძლებლობა და რესურსი ქვეყანას ნამდვილად გააჩნია.
,,ეკონომიკური ზრდის დადებითი მაჩვენებელი კარგია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომელი სფეროები ახდენს გავლენას მშპ-ზე, რაც ვიცით, ეს "აიტი" სფეროს მიღწევებს უკავშირდება და რამდენად დადებითად მოქმედებს ეს მოსახლეობის კეთილდღეობაზე, ჯერ კიდევ სადავო საკითხია. თუმცა, თუკი სხვა ფაქტორებზეც ვისაუბრობთ, ანგარიშგასაწევია ექსპორტის მიღწევები, ასევე ტურისტული სფერო, რომელმაც საკმაოდ მაღალი შედეგი აჩვენა. ფაქტობრივად ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი მწყობრშია.
როდესაც განმაპირობებელ გარემოებებზე ვსაუბრობთ, ექსპორტის და ტურიზმის გარდა არის მიგრაციუული ფაქტორების გავლენაც. მათ შორის, რუსული აქტივების გააქტიურება საქართველოში, რაც რუსეთიდან მიგრაციის მაღალი მაჩვენებლით არის განპირობებული. მართალია, ეს არ არის იმ დონეზე, როგორც რუსეთ-უკრაინის ომის საწყის ეტაპზე იყო, თუმცა გარკვეულწილად ეს ტენდენცია შენარჩუნდა და რუსეთის ბევრმა მოქალაქემ შეძლო, რომ ბიზნესის საქმიანობა საქართველოში გაეგრძელებინა. გარდა ამისა, იზრდება საგარეო მოთხოვნა, მათ შორის ფულადი გზავნილები დიდი სისწრაფით მატულობს, რაც უკვე საქართველოდან ჩვენი მოქალაქეების გადინებისით არის გამოწვეული. ისინი ეხმარებიან სამშობლოში დარჩენილ ოჯახებს, რაც ეკონომიკურ ზრდაზეც დადებითად მოქმედებს", - უთხრა ,,ბიზნეს-რეზონანსს" მერაბ ჯანიაშვილმა.
დასტურება, რომ 2026 წელს კავკასიის რეგიონში ყველაზე მაღალი ზრდა საქართველოს ექნება. ამ მხრივ საგულისხმოა გაეროს პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5,4%-ით გაიზრდება, სომხეთის - 4.8%-ით, ხოლო აზერბაიჯანის ეკონომიკური ზრდა 2.7% იქნება.