თამთა ჩაჩანიძე
02.02.2026

ოპოზიცია თანხმობის დოკუმენტზე მუშაობს, კონკრეტული დეტალები ჯერჯერობით არ გასაჯაროვებულა, თუმცა, პარტიებს შორის კონსულტაციები აქტიურად მიდის. ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტია აცხადებს, რომ შესაძლო ალიანსში არ შევა. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ მასში მეხუთე პრეზიდენტო სალომე ზურაბიშვილიც ვიხილოთ.

„ოცნება" თავად არის დაინტერესებული, რომ მხოლოდ ორი პოლუსი იყოს ამ ქვეყანაში. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს", - აცხადებენ პარტიაში "გახარია საქართველოსთვის". მმართველ პარტიაში კი, ოპოზიციის გეგმებს და ნებისმიერ ერთობაზე მუშაობას კვლავ სკეპტიკურად უყურებენ.

"არ გამოვრიცხავ გარკვეული ლიდერები გამოიკვეთონ"

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ კონსულტაციების შედეგად ერთობლივი მემორანდუმიც გაფორმდეს და გარკვეული ლიდერებიც გამოიკვეთოს, რომლებიც პროცესს წაუძღვებიან.

"ინფორმაცია არ მაქვს და ალბათ საბოლოოდ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. დიდი ალბათობით, საუბარი იქნება იმაზე, რომ ოპოზიციამ ერთმანეთის კრიტიკისგან თავი შეიკავოს, რადგან საერთო საფრთხე არსებობს "ქართული ოცნების" სახით, რომელიც საქართველოს წინაშე დგას. შესაძლოა შედგეს ალიანსი, კოალიცია, ოღონდ ერთი პარტიად ჩამოყალიბების ალბათობა არაა.

"შესაძლოა ერთობლივ მემორანდუმზეც მუშაობენ, არ გამოვრიცხავ, რომ სალომე ზურაბიშვილიც ჩაერთოს, თუმცა იქაც აზრთა სხვადასხვაობა იქნება, რადგან მისმა ვითომ ლიდერობამ არ გაამართლა. მეორეც, მის გულწრფელობაში ბევრს ეპარება ეჭვი.

 

  • "არ გამოვრიცხავ კონსულტაციების შედეგად გარკვეული ლიდერები გამოიკვეთოს. თითო პარტიაში თითო ადამიანი, რომელიც ლიდერის ფუნქციას აიღებს თავზე.

 

"ოპოზიციის გაერთიანება "ოცნების" წისქვილზე წყალს არ ასხამს, პირიქით, "ოცნებას" ოპოზიციის დაქსაქსვა აწყობს და ერთმანეთის მიმართ შუღლი და კრიტიკა, ამიტომაც შერიგება აუცილებელია და გაერთიანების პერსპექტივას ვხედავ. გახარიას პარტიას ეს არ აწყობს, რადგან ის ცალკე თამაშს თამაშობს, თუმცა "ოცნებისა" და პროდასავლური ძალების ერთ ქვაბში მოხარშვა არასწორია",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ პარტიები რეალურად კონცეფციის საფუძველზე ერთიანდებიან, შინაარსიანი კონცეფცია კი ოპოზიციას ჯერჯერობოთ არ აქვს.

"პოლიტიკური პარტიების გაერთიანება-დაკავშირება საერთოდ კონცეფციის საფუძველზეა ხოლმე. ქართულ ოპოზიციურ სპექტრში კონცეფციების ძირითადი პუნქტებია - ივანიშვილი უნდა გავუშვათ თუ არა და მეორე, რუსეთის ძლიერი გავლენაა, ევროპისკენ უნდა წავიდეთ.

არის თუ არა რუსეთის ძლიერი გავლენა, ეგ მათ სინდისზე იყოს, მაგრამ ამ თეზისით მოქმედება მემგონი მათ საქმეს ცოტა გაურთულებს, რადგან ადამიანებს არ აქვთ ეს გაცდა, რომ გინდა თუ არა რუსეთისკენ მიდიან.

"უნდა იყოს გაწერილი თუ რა შეაქვთ ერთმანეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში ამ პარტიებს. არ ვიცი გაერთიანების პერსპექტივა როგორია, რადგან ასეთი ფუნქციები არ ჩანს. ადრე გაერთიანებისთვის სასურველი იყო ენმ-ს იქ ყოფნა, რადგან ხმები მოჰქონდა. დღეს ოპოზიციაში ტენდენცია გაჩნდა, რომ არც ენმ გვინდა და არც მიშა, შესაბამისად ჩნდება საკითხი - ხმებს ვინ მიიტანს ასეთ გაერთიანებაში? მეორეც, ვინ როგორ და სად იბრძოლებს.

 

  • "ჯერჯერობით ამ ოპოზიციის ადგილი ქუჩა დარჩა და უკვე დგება საკითხი რა აქციები იქნება, ვის გაჰყვება ხალხი. ქუჩაში თუ გადაიტანე პოლიტიკური ბრძოლა, ესე იგი ხალხი უნდა გამოგყვეს, ვხედავთ, რომ ხალხი ქუჩაში არ გადის.

 

"შეიძლება იმ იდეას მოჰყვებიან, რაც ადრე ენმ-ს ჰქონდა - "ძალა ერთობაშია". შეიძლება მიაჩნიათ, რომ მხოლოდ გაერთიანება მათ უკვე გააძლიერებთ, ზუსტად ამაში მეპარება ეჭვი, რომ სპორტული თოკის გადაქაჩვა ხომ არაა, როცა ერთ მხარეს რაც მეტი ადამიანი იქნება, მით უფრო გადაქაჩავს.

"ამასთან, გაერთიანება ამომრჩევლის არითმეტიკულ ჯამს არ ნიშნავს. შეიძლება ლიდერებს გაერთიანება უნდათ, მაგრამ მათ გულშემატკივრებს შესაძლოა რომელიმე ლიდერი არ მოსწოდეთ. მეჩვენება, რომ სიტყვა გაერთიანებაზე აყოლვა ამ პარტიებისთვის ჯერჯერობოთ ნაადრევია, რადგან ჯერ სასურველია, რომ თითოეულმა მაქსიმალურად მოიპოვოს მხარდაჭერა და მერე გაერთიანება სად გაექცევათ?"- განაცხადა საყვარელიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×