რეზონანსი
02.02.2026

დებატები დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ საჯარო და ღია დისკუსიისთვის. ამიტომ ვართ დღეს პარლამენტში, - ამის შესახებ პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ განცხადებაშია აღნიშნული.

პარტიის განცხადებით, „თუ „ქართული ოცნება“ საკუთარ ტელეარხზეც ვერ გაბედავს სატელიტი პარტიების გარეშე დებატებზე დაჯდომას, ეს კიდევ ერთი შეცდომა იქნება“.

„დებატებზე ჩვენი პოზიცია ცალსახაა - დებატები დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ საჯარო და ღია დისკუსიისთვის. ამიტომ ვართ დღეს პარლამენტში. დებატებზე უარი სამწუხაროდ “ოცნებამ”თავადვე თქვა, განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ, განსხვავებული აზრისთვის დახურა საკუთარი ტელევიზიები და აქცია პროპაგანდისტულ ტელეარხებად.

რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით ამ არხებზე დებატების გახსნას. თუმცა შევახსენებთ ხელისუფლებას, რომ დებატების მნიშვნელობას ფორმატი და შინაარსი განაპირობებს. ის, რაც „რუსთავი 2-მა“ 2 თებერვლის დებატების სახით შემოგვთავაზა, სადაც „ოცნებას“ საკუთარი სატელიტი პარტიების დასწრება სჭირდება - დებატების ნაცვლად ფარსი და პროპაგანდის გაგრძელებაა.

თუ „ოცნება“ საკუთარ ტელეარხზეც ვერ გაბედავს სატელიტი პარტიების გარეშე დებატებზე დაჯდომას, ეს კიდევ ერთი შეცდომა იქნება.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ - ჩვენ მზად ვართ ერთი-ერთზე ან ნებისმიერ სხვა შესაბამის ფორმატში პირდაპირ ეთერში დავუჯდეთ დებატებზე მმართველი პარტიის წარმომადგენლებს საქართველოს მოქალაქეებისთვის ნებისმიერ აქტუალურ საკითხზე სასაუბროდ, ნებისმიერ ტელევიზიაში“,-აღნიშნულია პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×