
ხელისუფლება ფასების დარეგულირების აუცილებლობაზე საუბრობს. სახელისუფლებო გუნდი საჭიროების შემთხვევაში, ახალი საკანონმდებლო ბაზის დამტკიცებასაც არ გამორიცხავს. "ქართული ოცნება" დარწმუნებულია, რომ ფასები, უწყებების კოორდინირებული მუშაობით, დარეგულირდება.
"იქნება შეხვედრები ყველა აქტორთან, ვინც მონაწილეობს ფასების დარეგულირების პროცესში. აბსოლუტურად ყველას ჩართულობით, ჩვენ მოვახერხებთ იმას, რომ რიგითი მოქალაქისთვის ფასები დაიკლებს. ჩვენ არ ველოდებით აპრილის დასასრულს, როდესაც ეს მუშაობა უნდა მორჩეს, დარწმუნებულები ვართ, რომ რაღაც მიმართულებებით ფასები უკვე დაიწყებს კლებას. ჩვენ ვხედავთ კონკრეტულ სივრცეებს, სადაც შესაძლებელია ფასების კლება და აქედან გამომდინარე, როგორც მთავრობა, ისე პარლამენტი ძალიან სერიოზულ შრომას გავწევთ იმისთვის, რომ ბიზნესი დარჩეს ხელშეუხებელი, ვინაიდან ერთ-ერთი მონაპოვარი "ქართული ოცნების" ეს არის, რომ ბიზნესი არის აბსოლუტურად ხელშეუხებელი, ხოლო მეორეს მხრივ, ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სოციალური პასუხისმგებლობა და არ უნდა მოხდეს ბიზნესის მოგების გენერირება იმის ხარჯზე, რომ რიგითმა მოქალაქეებმა ვერ შეიძინონ მათთვის უმნიშვნელოვანესი სასურსათო პროდუქცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავიჭერთ ოქროს შუალედს და ეს ბალანსი აუცილებლად დაცული იქნება," - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.