
თითქმის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ უკრაინას საქართველოში ელჩი ეყოლება - პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხაილო ბროდოვიჩის დანიშვნაზე განკაგურებას ხელი უკვე მოაწერა. თუმცა, უკრაინული მედიის ცნობით, ეს საკითხი პრეზიდენტის ოფისსა და უკრაინის საგარეო უწყებას შორის უთანხმოების მიზეზი გახდა. გარდა ამისა,, გაირკვა საავრაუდო მიზეზი, რის გამოც ოფიციალურმა კიევმა საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება მიიღო.
უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა" ოფიციალურ სტრუქტურებში თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ელჩის დანიშვნის რეალური მიზეზი იყო უკრაინის მოქალაქეების გახშირებული დეპორტაცია რუსეთიდან საქართველოში. იდეა პრეზიდენტის ოფისისგან მოდიოდა, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტრო ამის წინააღმდეგი იყო და ალტერნატიული ვარიანტების განხილვას ემხრობოდა.
უმდა აღინიშნოს, რომ გასული წლის ივლისში უკრაინის საგარეო უწყების ხელმზრვანელი ანდრეი სიბიგა ამბობდა, რომ „რუსეთი ახდენს უკრაინის მოქალაქეების საქართველოს გავლით დეპორტაციის ინსტრუმენტალიზაციას" და მათი შეთავაზება იყო, რომ „ამის ნაცვლად რუსეთმა მათი ტრანსპორტირება განახორციელოს პირდაპირ უკრაინის საზღვართან".
მინისტრმა მაშინ განაცხადა, რომ 2025 წლის ივნისიდან დაწყებული „რუსეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა საქართველოსთან საზღვართან უკრაინის მოქალაქეების დეპორტაციის რაოდენობა, უმეტესწილად - ყოფილი მსჯავრდებულებისა", რის შედეგადაც ათობით ადამიანი „ჩარჩენილი" იყო რუსეთ-საქართველოს საზღვართან ტრანზიტულ ზონაში. მათ საბუთები არ ჰქონდათ წესრიგში, რის გამოც არც რუსი მესაზღვრეები აძლევდნენ მათ უკან რუსეთში დაბრუნების უფლებას და ვერც ქართველი მესაზღვრეები უშვებდნენ საქართველოში.
რას წერს „ევროპეისკაია პრავდა"
უკრაინული გამოცემა „ევროპეისკაია პრავდა" თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი პაუზის შემდეგ საქართველოში ელჩი რუსეთის მიერ უკრაინის მოქალაქეების საქართველოში გახშირებული დეპორტაციების გამო დანიშნა.
„ეს ადამიანები ხშირად სასაზღვრო გამშვებ პუნტებთან დოკუმენტების გარეშე ხვდებიან, რაც გაძლიერებულ საკონსულო მხარდაჭერას ითხოვს, ასეთი საკითხები უმაღლეს დონეზე უნდა გადაწყდეს, რისთვისაც ელჩია საჭირო", - უთხრა გამოცემას წყარომ.
მისივე ინფორმაციით, ელჩის დანიშვნის გადაწყვეტილებამ ზელენსკის ადმინისტრაციისა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის უთახმოება გამოიწვია. ანდრეი სიბიგას უწყება ასეთ ნაბიჯის გადადგმის წინააღმდეგი იყო, რადგან ელჩის დანიშვნა შეიძლება აღქმულიყო, როგორც კიევის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისა და კონკრეტულად საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ლეგიტიმურობის აღიარება, რადგანაც ახალმა ელჩმა სწორედ მას უნდა გადასცეს ოფიციალურად რწმუნებათა სიგელები. ამიტომაც განიხილებოდა ალტერნატიული ვარიანტები - უკრაინის დროებითი რწმუნებული, ან სპეციალური წარმომადგენელის დანიშვნა პრეზიდენტის ბრძანებულებით.
„ევროპეისკაია პრავდა" დასძენს, რომ ელჩის დანიშვნა ზელენსკის მხრიდან თბილისთან დიალოგის დაწყების მზაობას მიანიშნებს, თუმცა „საქართველოს რეაქცია ყოველთვის მეგობრული არაა".
ახალი ელჩის დანიშვნის შესაძლო მიზეზები
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი ვახტანგ მაისაია „რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ უკრაინის მოქალაქეთა გახშირებულ დეპორტაცია მართლაც ყოფილიყო ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი, თუმცა, სავარაუდოდ, იყო სხვა მნიშვნელოვანი მიზეზებიც.
- „გახშირებულ დეპორტაციასაც არ გამოვრიცხავ, მაგრამ მემგონი მთლად ასე არ იყო საქმე, რადგან უკრაინის საელჩოს აქ ვინც ჰყავდა, დროებითი რწუნებული, ისიც საკმაოდ კარგად არეგულირებდა ამ საკითხს.
„როგორც ვიცი, ჩვენები რეალურად პრობლემებს უქმნიდნენ უკრაინის იმ ტერიტორიებიდან წამოსულ ადამიანებს, რომლებიც რუსული ოკუპაციის ქვეშაა და აიღეს რუსული ტიპის დოკუმენტაცია, მაგალითად დონეცკი, ლუგანსკი... საქართველო ტერიტორიული მთლიანობის თემას იცავდა და ბუნებრივია, რომ სეპარატისტული რეგიონიდან შემოსული მოსახლეობის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება ჰქონდა, თორემ უშუალოდ უკრაინის მოქალაქეებთან ერთი-ორჯერ იყო გასულ წელს ასეთი პრობლემა და ესეც მოგვარდა.
„საქართველოში მოქმედებს სპეციალური სამსახური, რომელიც უკრაინელ ლტოლვილებს ეხმარება. ჩვენები უკრაინელ მოქალაქეებს საზღვარზე პრობლემებს არ უქმნიან, პირიქით, ეხმარებიან, რაც მართალია უნდა ვთქვათ.
„საქართველომ ბოლო პერიოდში უკრაინას საერთაშორისო ორგანიზაციებში საკმაოდ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს დაუჭირა მხარი, მათ შორის მეორე საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნასთან დაკავშირებით. გასაკვირია, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა უკრაინასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან ინიციატივებსაც, რამაც კრემლიც კი გააკვირვა. ჩემი აზრით, ზელენსკი ალბათ შეეცადა, რომ ამის საპირწონედ ელჩი დაენიშნა, რომ რაღაც დიალოგი მაინც დაწყებულიყო.
„უკრაინისთვის საქართველო მნიშვნელოვანი სახელმწიფოა როგორც საზღვაო თვალსაზრისით, ისე არაღიარებული ტერიტორიების მიმართ პოზიციით. ალბათ ეს ჟესტი იყო, რომ ელემენტარულად გეოსტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხებზე რაღაც საერთო კოორდინაცია მაინც ყოფილიყო, რომ საქართველო მთლად არ ჩაეფლოს პრორუსული ორბიტის ქვიშაში და არ იქნას გამოყენებული რუსეთის მიერ სანქციების თავიდან აცილების ერთგვარ ზონად.
„ახლა დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული როგორ განავითარებს ურთიერთობებს. კობახიძის ხელისუფლება მანევრირებას ცდილობს. როგორც ჩანს, მათ კრემლთან პირდაპირი დიალოგის პოლიტიკა ჩაუვარდათ. შესაძლოა უკრაინას ეს არ გამორჩა და ეს ნაბიჯი გადადგა", - განაცხადა მაისაიამ.