რეზონანსი
30.01.2026

„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი სექტორის წარმომადგენლების სამთავრობო კომისიასთან შეხვედრას დადებითად აფასებს. როგორც მან ჟურნალისტებს შეხვედრის შემდეგ განუცხადა, კომპანიების მიმართ არ ყოფილა კონკრეტული მითითება ფასების კლებასთან დაკავშირებით, არამედ კომპანიებს უთხრეს თავად გააკეთონ გათვლები კლების რა რესურსი არსებობს და შემდგომ შეხვედრებზე მოხდება საკითხის დამატებით განხილვა.

სურსათისა და მედიკამენტების შემდეგ, ფასების სამთავრობო კომისია დღეს ნავთობპროდუქტების ფასების სამსჯელოდ შეიკრიბა.

ვახტანგ იობაშვილის თქმით, საწვავის ფასებთან დაკავშირებით წინასწარ საუბარი შეუძლებელია, ვინაიდან საერთაშორისო ფასებზე ვართ დამოკიდებული.

„არანაირი საყვედური არ გამოუთქვამს არავის, პირიქით, ძალიან კმაყოფილები წამოვედით, ძალიან თბილად მიგვიღეს. კავშირის სახელით ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს ხელისუფლებას, ეს არის ყურადღება ბიზნესის მიმართ. ჩვენ დაგვიძახეს, ჩვენ დაგვეკითხნენ, რა რესურსი გაქვთ, რა შეიძლება მოხდეს და ამისდა მიხედვით ვიმსჯელოთო. აი, ეს არის მისასალმებელი და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მინდა, პირველ რიგში, ჩვენს პრემიერ-მინისტრს და მის ადმინისტრაციას ვუთხრა.

ჩემი მოლოდინი არის ძალიან დადებითი. წინსწრებით, არავინ არ ვიცით, რა იქნება ხვალ, არავინ არ იცის, მსოფლიო სანავთობო ბაზარზე ხვალ, ზეგ და შემდეგ რა იქნება. თუ გავითვალისწინებთ ჩვენ იმას, თუ როგორი დაძაბულია პოლიტიკური ვითარება საერთოდ სანავთობო ქვეყნების ირგვლივ, ასეთ განცხადებას ვფიქრობ, რომ წინსწრებით, არავინ არ გააკეთებს.

მე ძალიან კმაყოფილი წამოვედი იმით, რომ ზუსტად არავის, არც მთავრობიდან, არ უთქვამს, აბა, ვის რამდენი შეგიძლიათ... [ფასის შემცირება]. გვითხრეს, თქვენ თვითონ დაფიქრდით, თქვენ თვითონ დაითვალეთ, რას მიიღებთ, მოსაზრებები ჩამოაყალიბეთ და კიდევ შევხვდეთ ერთმანეთს. ყველამ თავისი მოსაზრება გამოთქვა. [კომპანიებიდან] ყველა დაჰპირდა პრემიერს, რომ ყველა გაივლიდა საფასო პოლიტიკას და მივიღებდით ამ თუ იმ ციფრს, რა შეიძლება შევთავაზოთ“, - განაცხადა იობაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×