რეზონანსი
30.01.2026

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფედერალური სარეზერვო სისტემის, ანუ ქვეყნის ცენტრალური ბანკის ახალ პრეზიდენტად კევინ უორში წარადგინა. ამის შესახებ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა. ფედერალური რეზერვის ამჟამინდელი თავმჯდომარის, ჯერომ პაუელის ვადა მაისში იწურება.

55 წლის კევინ უორში ფედერალური რეზერვის მმართველთა საბჭოს წევრი პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ-უმცროსის ადმინისტრაციის დროს, ანუ 2006–2011 წლებში იყო. ის ინფლაციასთან საბრძოლველად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის მომხრეა. Bloomberg-ის ცნობით, ბაზრებმა მისი კანდიდატურა პოლიტიკის ნაკლებად აგრესიული შემსუბუქების სიგნალად აღიქვეს, ვიდრე ეს სხვა კანდიდატების შემთხვევაში იყო მოსალოდნელი.

კევინ უორშის გარდა, სხვა კანდიდატებს შორის იყვნენ ეროვნული ეკონომიკური საბჭოს დირექტორი, კევინ ჰასეტი, ფედრეზერვის საბჭოს წევრი, კრისტოფერ უოლერი და BlackRock-ის აღმასრულებელი დირექტორი, რიკ რიდერი.

დონალდ ტრამპმა ჯერომ პაუელი ძირითადი საპროცენტო განაკვეთის მნიშვნელოვან შემცირებაზე უარის გამო არაერთხელ გააკრიტიკა. 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის სექტემბრამდე ფედრეზერვმა ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 4.5%-ზე შეინარჩუნა. მართალია, მიმდინარე წლის 28 იანვარს მარეგულირებელმა ის წლიურ 3.5-3.75%-მდე შეამცირა, მაგრამ ამან აშშ-ის პრეზიდენტის მხრიდან ჯერომ პაუელის კრიტიკა კიდევ ერთხელ გამოიწვია.

კევინ მაქსველ უორში 1970 წლის 13 აპრილს დაიბადა. ის ამერიკელი ფინანსისტი და საბანკო მმართველია. 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს და მის შემდეგ უორში უოლ-სტრიტთან ცენტრალური ბანკის მთავარ დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენდა, ასევე, იყო ფედრეზერვის წარმომადგენელი G20-სა და აზიის განვითარებადი და განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში. მანამდე ის ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებში პრეზიდენტის სპეციალური თანაშემწისა და თეთრი სახლის ეროვნული ეკონომიკური საბჭოს აღმასრულებელი მდივნის თანამდებობებს იკავებდა.

ამჟამად უორში სტენფორდის უნივერსიტეტთან არსებულ ჰუვერის ინსტიტუტში მოწვეული მკვლევარია ეკონომიკის დარგში. ასევე, არის მეცნიერი და ლექტორი სტენფორდის ბიზნესის უმაღლეს სკოლაში და კონგრესის საბიუჯეტო ოფისის ეკონომიკურ მრჩეველთა პანელის წევრი. ის ეკონომიკისა და ფინანსების სფეროში კვლევების ავტორია, ასევე, კონსულტაციებს უწევდა რამდენიმე კერძო და საჯარო კომპანიას.

კევინ უორში ნიუ-იორკის შტატ ოლბანიში, ებრაულ ოჯახში დაიბადა. ის ჯუდიტ და რობერტ უორშების სამი შვილიდან უმცროსია. კევინი ახლომდებარე ქალაქ ლაუდონვილში გაიზარდა და ლატჰემში, შეიკერის საშუალო სკოლა დაამთავრა. ის ნიუ-იორკის შტატის ჩრდილოეთ ნაწილში აღზრდას „რეალური ეკონომიკის შესახებ საჭირო ცოდნის დიდ ნაწილს“ მიაწერს. კევინმა 1992 წელს სტენფორდის უნივერსიტეტში საჯარო პოლიტიკის ბაკალავრის ხარისხი ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერებების სპეციალიზაციით მიიღო. შემდეგ ჰარვარდის იურიდიულ სკოლაში სწავლობდა და1995 წელს იურისპრუდენციის დოქტორის ხარისხით წარჩინებით დაამთავრა. მან, ასევე, MIT Sloan-ის მენეჯმენტის სკოლაში და ჰარვარდის ბიზნეს-სკოლაში საბაზრო ეკონომიკისა და ვალის კაპიტალის ბაზრების კურსები გაიარა.

რაც შეეხება კარიერას, 1995-დან 2002 წლამდე - უორში Morgan Stanley-ის ნიუ-იორკის ოფისში მუშაობდა, სადაც კომპანიის შერწყმა-შთანთქმის დეპარტამენტის აღმასრულებელ დირექტორად დაწინაურდა. 2002-იდან 2006 წლამდე - უორში ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური თანაშემწე, ასევე, ეროვნული ეკონომიკური საბჭოს აღმასრულებელი მდივანი იყო. მისი ძირითადი პასუხისმგებლობის სფეროები შიდა ფინანსებს, საბანკო და ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ პოლიტიკასა და მომხმარებელთა უფლებების დაცვას მოიცავდა. უორში კონსულტაციებს უწევდა პრეზიდენტსა და ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს აშშ-ის ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე, განსაკუთრებით, კაპიტალის ბაზრებზე სახსრების ნაკადის, ფასიანი ქაღალდების, საბანკო საქმიანობისა და სადაზღვევო საკითხებში. უორში ფინანსური ბაზრების საკითხებზე პრეზიდენტის სამუშაო ჯგუფში შედიოდა და დამოუკიდებელ ფინანსურ მარეგულირებელ ორგანეობთან ადმინისტრაციის მთავარი დამაკავშირებელი პირი იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×