რეზონანსი
27.01.2026

 სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, უკანონო დავალებით შეწყვეტილი ტენდერი და კონკრეტული კომპანიისთვის უპირატესობის მინიჭება - ამ დანაშაულებრივი სქემის გამოყენებას, გამოძიება, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს ედავება. დაკავებული ილია ღუდუშაურია.

მინისტრის მოადგილის პარალელურად, ილია ღუდუშაური ჯანდაცვის სამინისტროს შესყიდვების სატენდერო კომისიის თავმჯდომარეც იყო. ყოფილ მაღალჩინოსანს სწორედ ამ თანამდებობაზე ყოფნის დროს ჩადენილ დანაშაულს ედავებიან. გამოძიების ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრომ საგანგებო სიტუაციების გადაუდებელი ცენტრისთვის სასწრაფო დახმარების მანქანების შესაძენად ტენდერი გამოაცხადა. სამი კომპანიიდან იმ ერთმა გაიმარჯვა, რომელმაც სახელმწიფოს ყველაზე დაბალი ფასი - 8 525 876 ლარი შესთავაზა, თუმცა რამდენიმე თვეში ილია ღუდუშაურის დავალებით ტენდერი შეწყდა, ახალი პირობები კი კონკრეტულ კომპანიას მოარგეს, რის შედეგადაც სხვებმა მონაწილეობა ვერ მიიღეს.

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე გუშინ დააკავეს. ილია ღუდუშაური ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება. დაკავებული მისმა ინტერესების დამცველმა უკვე მოინახულა. ადვოკატი ამბობს, რომ საქმის დეტალებზე მტკიცებულებების გაცნობამდე ვერ ისაუბრეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გამოჰკითხა სადაო ტენდერში გამარჯვებული კომპანიის დირექტორიც. ფინანსური პოლიცია "ჯითი ჯგუფსა" და ჯანდაცვის სამინისტროს შორის სასწრაფო დახმარების ავტომანქანების შესყიდვაზე დადებული სატენდერო ხელშეკრულების პირობებს სწავლობს. ეს ხელშეკრულება იმ დროს გაფორმდა, როდესაც მინისტრის მოადგილე და სამინისტროს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე ილია ღუდუშაური იყო. სასამართლოს განჩინების საფუძველზე ამ კომპანიიდან ამოღებულია დოკუმენტაციაც.

გამოძიების ინფორმაციით, სწორედ წინასწარ შერჩეულ კომპანიას გადაუხადა უსაფუძვლოდ სამინისტრომ 2 მილიონ ლარზე მეტი, რაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების დარღვევად მიიჩნევა.

ილია ღუდუშაური ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის მოადგილის პოზიციას თითქმის 2 წლის განმავლობაში იკავებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×