
„ფედერალისტები" დებატებსა და დიალოგში არ ჩავერთვებით, რადგან არ შეიძლება დიალოგი გამართო ხელისუფლებასთან, რომელიც ტროტუარზე დგომის გამო ადამიანებს იჭერს, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების" წევრმა გიორგი სიხარულიძემ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ უნდა დაბრუნდეს საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
მისი თქმით, „ირაკლი კობახიძის განცხადება დებატების აღდგენასთან დაკავშირებით, თავის გაკეთილშობილების უბადრუკი მცდელობაა".
„ირაკლი კობახიძის განცხადება დებატების აღდგენასთან დაკავშირებით, თავის გაკეთილშობილების უბადრუკი მცდელობაა, რადგან არ შეიძლება ეთერში დებატებისთვის კარს ხსნიდე და პარალელურად ტროტუარზე მდგომ ადამიანებს, სიტყვისა და პროტესტის გამოხატვისთვის იჭერდე. აქამდე გზის გადაკეტვისთვის მაინც იჭერდნენ და რაღაც თეორიული საფუძველი მაინც არსებობდა, რომ ავტომობილების მოძრაობა ფერხდებოდა. შესაბამისად, ეს თავიანთი ფასადის გაკეთილშობილების მცდელობაა.
ჩვენ, „ფედერალისტები" ამ დიალოგში არ ჩავერთვებით და მონაწილეობას არ მივიღებთ, რადგან არ შეიძლება დიალოგი გამართო ხელისუფლებასთან, რომელსაც უკვე ხელისუფლებასაც ვეღარ უწოდებ, უკვე - რეჟიმთან, რომელიც ტროტუარზე დგომის გამო ადამიანებს იჭერს", - განაცხადა გიორგი სიხარულიძემ.
შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ იმისათვის, რომ მომავალში ქართველმა ხალხმა ნებისმიერი არჩევანი სწორი ანალიზის შედეგად გააკეთოს, უნდა ჰქონდეთ საშუალება, საჯაროდ მოისმინოს ყველა იმ პოლიტიკური ჯგუფის პოზიცია, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნის ამბიცია აქვს. ამასთან, კობახიძის განცხადებით, არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის გეგმა, ჩაეხშო განსხვავებული აზრი, გაენადგურებინა ნებისმიერი სივრცე დებატისთვის და მაქსიმალურად შეეზღუდა მათი იდეოლოგიის მამხილებელი ნებისმიერი საზოგადოებრივი პლატფორმა, ნაწილობრივ საქართველოსაც შეეხო, თუმცა, იმ განსხვავებით, რომ „დიფ სთეითის" აგენტურამ მხოლოდ ერთი რამ, ქვეყანაში პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სოციალური დებატების მრავალწლოვანი კულტურის შეწყვეტა მოახერხა.