
ბელარუსული მედიის ცნობით, მინსკში, გასული წლის დეკემბერში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა, მომხდარის დეტალები კი ახლახან გახდა ცნობილი. 1958 წელს დაბადებული მამაკაცი მინსკში იმ ქალთან შესახვედრად ჩავიდა, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში ინტერნეტით ესაუბრებოდა, თუმცა მათი პირველივე რეალური შეხვედრა ფატალური აღმოჩნდა.
შემთხვევა დეკემბრის ბოლოს, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოხდა. ბელორუსის სასამართლო ექსპერტიზის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, მამაკაცი ბინაში სტუმრობისას მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მისი გადარჩენა ვეღარ შეძლო - ექიმებს მხოლოდ სიკვდილის ფაქტი დააფიქსირეს.
მომხდარის მიზეზების დასადგენად ჩატარებულმა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ აჩვენა, რომ გარდაცვალების მიზეზი გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადება გახდა. კერძოდ, მამაკაცს აორტის ათეროსკლეროზი და მუცლის არეში ანევრიზმა აწუხებდა. დაავადება გართულდა აორტის კედლის გასკდომით, რამაც შინაგანი სისხლდენა და დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვა გამოიწვია.
ექსპერტების განმარტებით, მსგავსი დაავადებები ხშირად ყოველგვარი სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს და შეიძლება მყისიერი სიკვდილი გამოიწვიოს, განსაკუთრებით კი ძლიერი ემოციების ან სტრესის ფონზე.