
ამერიკული გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელმა Coca-Cola Company-მ რუსეთში თავისი საფირმო შუშის ბოთლის სავაჭრო ნიშნის უფლებები გაახანგრძლივა. ინფორმაციას რუსული მედია როსპატენტის ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით ავრცელებს.
დოკუმენტების თანახმად, სავაჭრო ნიშნის ექსკლუზიური უფლება 2025 წლის დეკემბერში იწურებოდა, თუმცა, კოკა-კოლამ როსპატენტში სავაჭრო ნიშნის გაგრძელების შესახებ განაცხადი შეიტანა, რომელიც დაკმაყოფილდა.
როსპატენტის გადაწყვეტილების თანახმად, კოკა-კოლას აღნიშნული სასაქონლო ნიშნის ფლობა და რუსეთში გამაგრილებელი სასმელების გაყიდვა, 2035 წლის დეკემბრამდე შეეძლება.
Coca-Cola Company-მ 2022 წლის მარტში უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო რუსეთში საქმიანობის შეჩერების შესახებ განაცხადა, ხოლო ივნისში - საერთაშორისო ბრენდების Coca-Cola-ს, Sprite-ისა და Fanta-ს ქვეშ გაზიანი სასმელების გაყიდვისა და წარმოების შეწყვეტის შესახებ.