
რუსთავის ციხეში მყოფი ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი მისმა ადვოკატმა მოინახულა,
როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, ღარიბაშვილი თავს მხნედ გრძნობს და ამ ეტაპზე, მხოლოდ პირველადი მოხმარების საგნების მოგვარების პროცესზე მიდის საუბარი.
შევხვდი ღარიბაშვილს, საკმაოდ მხნედაა, ციხის კვალობაზე. საუბარი გადასაცემი და ა.შ. ადამიანებისთვის არ აქვს. საუბარი მიდოდა იმაზე, რომ პირველადი მოხმარების საგნები მოგვეგვარებინა თავდაპირველად. ზოგადად რა ხდებოდა გარეთ, რა ხდება შიგნით. ინფორმაცია იასთან დაკავშირებით, რომელ საკანშია საიდუმლო ინფორმაციაა, ვინაიდან უსაფრთხოების თემაა. რაც შეეხება პირობებს, როგორც ყველა პატიმარი ისეთ პირობებშია, არც პლუსებით და არც მინუსებით. ჩვეულებრივად დახვდნენ. რაც შეეხება ტელევიზორს და ტანსაცმელს ახლა ვაგვარებთ მაგას,- თქვა შაყულაშვილმა.
ელოდება თუ არა ღარიბაშვილი ახალი ბრალის წარდგენას, ამაზე ადვოკატი ინფორმაციას არ ფლობს და ამბობს, რომ არც ის და არც თავად დაკავებული ამას არ ელოდებიან და ამბობს, რომ “მაგას წინასწარ ვერავინ იტყვის, რადგან არავინ ამბობს, თუმცა, მოლოდინი არცერთს არ აქვს“.
საერთო ჯამში კი ვიტყვი, როგორც მის ფიქრზე, ისე ოჯახზე, აქ უნდა გაიყოს ორად. ერთი არის ემოციური ნაწილი, მეორე კი პროფესიული. ემოციურ ნაწილზე არავის სიამოვნებს, მისი ოჯახის წევრი როცა ციხეშია, მარტივია, შეიძლება ცხელ გონებაზე რამე დაწერო, მაგრამ პროფესიონალები იმიტომ ვართ, რომ ეს ყველაფერი ცივი გონებით განსაზღვრო, ცივი გონებით ზუსტად ის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რაც მისაღები იყო. 5 წელი იჯდება, თუ რამდენი წელი იჯდება, ბატონი ირაკლი ის ადამიანია, 5 წელიც იჯდება და ისე იჯდება, როგორც მამაკაცები სხედან, - განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა - მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. ღარიბაშვილს ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით, ასევე ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა.