
საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი ნინო წილოსანი პოლონეთის ყოფილი გენერალური პროკურორის დევნის, ასევე საფრანგეთში პარტია „ეროვნული გაერთიანების“ საპარლამენტო ფრაქციის ლიდერის, მარინ ლე პენის სასამართლო პროცესს გამოეხმაურა.
„როდესაც პოლიტიზებულ მართლმსაჯულებაზე ვსაუბრობთ, ალბათ გაგვახსენდება ის ფაქტი, რომ შესაძლოა, მარინ ლე პენს აუკრძალონ 2027 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა და ნამდვილად ვერ გაიხსენებთ, რა შეიძლება იყოს ამის საფუძველი გარდა იმისა, რომ მას საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს. ასევე პოლონეთის ყოფილმა გენპროკურორმა უნგრეთში პოვა თავშესაფარი იმიტომ, რომ მას ავიწროებდნენ საკუთარ ქვეყანაში. როდესაც ასეთ უსამართლო სასამართლო გადაწყვეტილებებზე არის საუბარი, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ასევ ის გვახსენდება, თუ რამხელა კამპანია წარმოებდა ქართველი მოსამართლეების წინააღმდეგ, რომელთა გადაწყვეტილებები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში არც ერთხელ არ გაუბათილებია სტრასბურგის სასამართლოს”, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
პოლონეთის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და იუსტიციის მინისტრმა, ზბიგნევ ზიობრომ, გაავრცელა განცხადება, რომელშიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკისა და მისი გარემოცვის პირად შურისძიებაზე საუბრობს, მიზეზად კი მათი კორუფციისა და ქურდობის ფაქტებზე დაწყებულ გამოძიებას ასახელებს.