რეზონანსი
12.01.2026

ირაკლი ღარიბაშვილის პატიმრობის შესახებ ინფორმაცია მორალურად მძიმე მოსასმენი იყო, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვისაც რთული წარმოსადგენი იყო, რომ ღარიბაშვილი გადადგამდა იმ პრინციპების საწანააღმდეგო ნაბიჯებს, რომლითაც თავად ივანიშვილი  დაბრუნდა პოლიტიკაში.

„ჩემი დამოკიდებულება პირადად ირაკლის და მისი ოჯახის მიმართ ყოველთვის იყო თბილი, მეგობრული. მასთან ბევრი საქმიანი საუბარი მქონია, ბევრი პოზიტიური განვითარება მახსოვს. ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა, გუნდისთვის ტრაგედიაა. ეს დანაშაული თუკი არსებობს და მით უმეტეს, მან აღიარა, მისასალმებელია, თუმცა თავად დანაშაული ძალიან მძიმეა. სამართლებრივად არ ვიცი, როგორ შეფასდება, მე არ ვარ არც პროკურორი და არც მოსამართლე, მაგრამ მორალურად საკმაოდ მძიმეა მოსასმენადაც და გასათავისებლადაც“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც, მას ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა და ერთი მილიონი ლარის ჯარიმა დაეკისრა.

როგორც ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონი ლარის ოდენობის გირაო 24 ოქტომბერს შეუფარდა.

ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება წარდგენილი ჰქონდა საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×