რეზონანსი
12.01.2026

სად არის იმ პოლიტიკური გუნდის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი ან ელემენტარული ბოდიში, ვინც ეს ადამიანები უმაღლეს თანამდებობაზე აირჩია და ტაშს უკრავდა?! - ეს ხალხი არანაირ კორუფციას არ ებრძვის, ეს არის ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა, კორუფციის სახელით! - ასე ეხმაურება „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრი ლევან სამუშია ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას, რომლის ფარგლებშიც ყოფილ პრემიერ-მინისტრს 5-წლიანი თავისუფლების აღკვეთა და დამატებით 1 მილიონის ჯარიმა დაეკისრა.

სამუშიას განცხადებით, გამამტყუნებელი განაჩენით ოფიციალურად, დადასტურებულად ვხედავთ, რომ საქართველოს ჰყავდა ორგზის პრემიერ-მინისტრი, რომელიც უკვე მსჯავრდებულია ფულის გათეთრების საქმეზე.

„საქართველოს ჰყავდა მინისტრები და მინისტრის მოადგილეები, რომლებიც მსჯავრდებული არიან კორუფციულ საქმიანობაში. საქართველოში საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა კი ყოველდღიურად გადარჩენისთვის იბრძვის. ასევე არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ამ აღვირახსნილი კორუფციისა და თანხების მითვისების გამო საქართველოდან გაიქცნენ ან გაქცევას აპირებენ.

ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აღებული არა აქვს პოლიტიკურ გუნდს, რომელიც მათ ტაშს უკრავდა მაშინ, როდესაც ჩვენ - „ლელო - ძლიერი საქართველო“ სავარაუდო კორუფციულ ფაქტებზე ვსაუბრობდით. ჩვენ მაშინ გვეუბნებოდნენ, რომ ვიყავით მატყუარები და სიცრუის გამავრცელებლები“, - განაცხადა სამუშიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×