
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაა და „პარტიის თავმჯდომარის პოსტზე თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძე ჩაანაცვლებს“, სიმართლეს არ შეესაბამება.
ფავლენიშვილის თქმით, პარტიის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა „უახლოეს მომავალში გამოჩნდება“ და დასმულ კითხვებს თავად უპასუხებს.
„ძალიან ბევრი ჭორი მოდის თქვენგან [„იმედი“]„ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. რაც შეეხება თინა ბოკუჩავას, მას ძალიან მალე იხილავთ და გექნებათ საშუალება მას თავად დაუსვათ კითხვები და თვითონაც იმავეს გიპასუხებთ. გამოჩნდება უახლოეს მომავალში, შეიძლება დღესაც“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.
კითხვაზე, განიხილება თუ არა გუნდში ლევან სანიკიძის თავმჯდომარეობა, ფავლენიშვილმა უპასუხა, რომ ეს ჭორია.
მისი თქმით, ჭორია ისიც, რომ პარტიაში დაპირისპირებაა და ვინმე ვინმეს ებრძვის.
„ეს არის ჭორი, რომელსაც ფაქტობრივი საფუძველი არ აქვს და თავად თავმჯდომარეც თინა ბოკუჩავა გაგესაუბრებათ ამის შესახებ. გამოჩნდება, არ დაგტოვებთ კომენტარის გარეშე.
ჭორებია, რომ პარტიაში დაპირისპირებაა და ვინმე ვინმეს ებრძვის. რაც შეეხება მდგომარეობას, ყველამ ვიცით, რომ დიდი ზეწოლა მიმდინარეობს ყველა პოლიტიკურ ძალაზე და არამხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობაზე“, ამიტომ არის მათ შორის ტექნიკური პრობლემები. როცა ბიზნესმენები არიან დაშინებული და აკრძალული აქვთ ოპოზიციური პარტიების დახმარება, არ არსებობს სახელმწიფო დაფინანსება, სხვადასხვა ტიპის ზეწოლაც მიმდინარეობს და ამდენი პოლიტიკური პატიმარია - ტექნიკური პრობლემები არსებობს“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
კითხვაზე, აფინანსებს თუ არა „ნაციონალურ მოძრაობას“ დავით კეზერაშვილი, ფავლენიშვილმა უპასუხა, რომ არა.
ცნობისთვის, ტელეკომპანია „იმედმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში შეიცვლება.
მათივე ცნობით, პარტიის ახალი თავმჯდომარე ლევან სანიკიძე გახდება.